Logo

კულტურა

"არასდროს შეგრცხვება და არასდროს, არსად გაწითლდები, როდესაც ჩემს სახელს ახსენებენ..."- ტიციან ტაბიძის აღსასრული

"არასდროს შეგრცხვება და არასდროს, არსად გაწითლდები, როდესაც ჩემს სახელს ახსენებენ..."- ტიციან ტაბიძის აღსასრული

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

მეოცე საუკუნის 30-იანი წლების რეპრესიები საქართველოს საზოგადოებრივი ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს შეეხო, გამონაკლისი არც ქართული მწერლობა იყო. მაშინდელი ხელისუფლება ქართველ მწერლებს და პოეტებს საბჭოთა ხელისუფლების და მისი ბელადის სადიდებელი ნაწარმოებების შექმნას აიძულებდა, ვინც ამას არ დათანხმდებოდა, მათი საბოლოო ხვედრი დახვრეტა, ან შორეული ციმბირში გადასახლება იყო.

იმ რეჟიმის, რომელმაც უამრავი უდანაშაულო და ნიჭიერი ადამიანი შეიწირა, მსხვერპლია ქართველი სიმბოლისტი პოეტი, "ცისფერყანწელთა" მოძრაობის ერთ-ერთი დამაარსებელი ტიციან ტაბიძე, რომელიც ანტისაბჭოთა მოღვაწეობის ბრალდებით დააპატიმრეს და დახვრიტეს.

1937 წელს კი საქართველოს კომპარტიის ცეკას პირველმა მდივანმა ლავრენტი ბერიამ პირდაპირ გაილაშქრა ურჩი ქართველი მწერლებისა და პოეტების წინააღმდეგ. ტიციან ტაბიძის ტრაგიკული ამბავიც მის სახელს უკავშირდება.

ტიციან ტაბიძე

ბერიამ თავის კაბინეტში დაიბარა ტიციან ტაბიძე, დააბრალა რუს მწერლებთან მეგობრობა და მოსთხოვა ცილი დაეწამა პოეტ პაოლო იაშვილისთვის, რომელიც ტიციანის დაპატიმრებამდე, ორი თვით ადრე, სწორედ ბერიამ მიიყვანა თვითმკვლელობამდე. როცა ტიციანმა უარი განაცხადა მეგობრის ხსოვნის შეურაცხყოფაზე, ბერიამ მისი დაპატიმრების განკარგულება გასცა.

რაც შეეხება რუს მწერლებთან ტიციანის მეგობრობას, იგი მართლაც მეგობრობდა მაიაკოვსკისთან, ესენინთან, პასტერნაკთან და სხვებთან, ამ მეგობრობას უფრო ძმობა ეთქმოდა, ბორის პასტერნაკს სასიკვდილო სარეცელზე ბალიშის ქვეშ ორი წერილი ედო, რილკესი და ტიციანის. ტიციანის დაპატიმრების შემდეგ, მის მაგიდაზე ცარიელი ფურცლები იდო, რომელიც მისმა მეუღლემ, ნინო მაყაშვილმა პასტერნაკს აჩუქა. მან კი, თავისი უკვდავი რომანის "ექიმი ჟივაგოს" წერა, სწორედ ამ ფურცლებზე დაიწყო.

პაოლო იაშვილი

***

როდესაც პაოლო იაშვილმა მწერალთა კავშირში თავი მოიკლა, ლავრენტი ბერიამ ტიციან ტაბიძე დაიბარა და უთხრა: "პაოლო მაინც მკვდარია, აღარაფერი დაუშავდება, შენ კი ცოლ-შვილი გყავს, რა მოხდება, დაწერე, რომ გერმანიის აგენტი იყო."

ტიციანმა სასტიკი უარი უთხრა.
ბერია გაოცდა: - "როგორ, ცოლს თუ არა, შენს შვილს - ნიტას მაინც არ იბრალებ და ასე უპატრონოდ ტოვებ? ან კიდევ, რამდენი რამე გაქვს დასაწერ-გასაკეთებელი?"
ტიციანმა უპასუხა: - "რა აზრი ექნება ან ჩემს პოეზიას, ან შემოქმედებას, ახლა თუ ამას ხელი მოვაწერე."

პაოლო იაშვილი

შინ დაბრუნებულმა კი 16 წლის ნიტას უთხრა: - "შეიძლება მე აღარ ვიყო, მაგრამ ერთი რამ იცოდე - არასდროს შეგრცხვება და არასდროს, არსად გაწითლდები, როდესაც ჩემს სახელს ახსენებენ..."

პოეტის ქალიშვილი ნიტა ტაბიძე იგონებს, რომ ღამის ორ საათზე მანქანის ხმა მოესმა.

"დედას და მამას არაფერი გაუგიათ. მკვდარივით ეძინათ. კარი გავაღე, ოთხნი იყვნენ, ტიციან ტაბიძე აქ ცხოვრობსო? მკითხეს და ქაღალდი მაჩვენეს - დაკითხვაზე უნდა წავიყვანოთო. მამა გავაღვიძე, მახსოვს, სავარძელში იჯდა, ხელები უთრთოდა, სიგარეტს ვერაფრით მოუკიდა. ისინი სახლს ჩხრეკდნენ. წაიღეს ფიროსმანის მიერ დახატული რუსთაველი, მამას პორტრეტი და ანდრეი ბელის ნაჩუქარი "დრევა ჟიზნი". 3 საათზე სახლის ჩხრეკას მორჩნენ."

პაოლო იაშვილი

ორი თვე ატარეს ტიციანი დაკითხვებზე, 1937 წლის 15 დეკემბერს კი "ანტისაბჭოური საქმიანობის" ბრალდებით დახვრიტეს... დახვრიტეს ისე, რომ "სამეულს" მისი საქმე ფორმალურადაც არ განუხილავს, ხოლო ოჯახს შეატყობინეს, ტიციანი უნდა გადაასახლონ და თბილი ტანსაცმელი გამოუგზავნეთო!
ნინო მაყაშვილი სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე, მთელი 28 წელი ელოდა მეუღლის დაბრუნებას. დედას კი შვილის ტანსაცმელი გამოჰქონდა აივანზე და ცხარე ცრემლებით ტიროდა - ტიტკო, შვილო სად ხარ ახლა..."

ნაწყვეტი სოსო სიგუას წიგნიდან "მოდერნიზმი"

***

მეორე ვერსიით ის დაიჭირეს და 10 წლით, მიმოწერის უფლების გარეშე, გადასახლება მიუსაჯეს. შემდეგ კი, ციმბრის გზაზე ქარბუქში ჩამოსვეს და სასიკვდილოდ მიატოვეს, მოკლეს...

მისი საფლავი არ არსებობს.

ავტორი: ზმნა

12/17/2025

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024