საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა - გუგა ქაშიბაძემ კილიმანჯაროს მთა დალაშქრა. "აფრიკის სახურავის" ხილვის იდეა, მეგობართან ერთად, ერთი წლის წინ გაუჩნდა. სურვილს, ბავშვობაში წაკითხული, ერნესტ ჰემინგუეის "კილიმანჯაროს თოვლიანი მთა" და მისი ეკრანიზაცია უმძაფრებდა. ამ განწყობით იყო, გვერდით მყოფ მეგობარს - დავით ფირცხალაიშვილს, მთაზე გადაღებულ ვიდეოებში - ერნესტოს რომ ეძახდა. ამერიკელ მწერალს, მეგობარი, წვერით მიამსგავსა.
ათ დღიანი აფრიკული მოგზაურობისთვის ჩალაგებული ზურგჩანთა კი, უკანა გზაზე, დაუვიწყარი ემოციებით კიდევ უფრო დამძიმდა.
მთამ კი, თავისი ჯადოსნურობით, საკუთარი თავის უკეთეს ვერსიას შეახვედრა და იმგვარად განაწყო, რომ ბარში ჩამოსულს, დაუძლეველ დაბრკოლებად უკვე აღარაფერი ეჩვენება.
მთაზე ასვლის მთავარ მოტივაციათა სიის სათავეს კი ხის კუ - "კუსანა" იკავებდა, რომელიც 8 წლის ქალიშვილმა ზურგჩანთაში ჩაუდო და კილიმანჯაროს მთაზე საიმედო მეგზურად გაატანა.
წარმოიდგინეთ, ათი დღე უინტერნეტოდ, უტელეფონოდ დადიხარ, სუფთა ჰაერზე და მასპინძლობ იშვიათ ფიქრებს, რომელიც მხოლოდ მარადიულობის თემაზე ჩაფიქრებისას მოდის. (მთაც მარადიულობა და ფიქრის საუფლოა, ასე მგონია.) ამას ცოტა რამ თუ სჯობს...
ექიმი "ზმნას" მკითხველს ემოციებს უზიარებს და მათ, ვისაც მთა უყვარს, საინტერესო რჩევებს აძლევს.
გუგა ქაშიბაძე: მე და ჩემი მეგობარი მოყვარული მთამსვლელები ვართ. საქართველოს მთებზე ასვლის გამოცდილება მაქვს - სვანეთში ლაილას მწვერვალზე ავსულვარ, თეთნულდზე ასვლის მცდელობა მქონდა, მყინვარწვერზე რამდენჯერმე ავედი, ნამყოფი ვარ რჩეულიშვილზე, გოგებაშვილზე. მაგრამ კილიმანჯარომ მაინც წარმოუდგენელი გამოცდილება შემძინა.

აფრიკაში, მანამდე, ორჯერ ვიყავი, მაგრამ კილიმანჯაროსთან მთელი ბავშვობის განცდები და ერნესტ ჰემინგუეის წიგნის ეკრანიზაცია მაკავშირებდა და ამიტომ არც დავფიქრებულვარ, ისე მივიღეთ გამგზავრების გადაწყვეტილება. გრაფიკი შევისწავლეთ, ვესაუბრეთ ქართველ მეგობრებს, ვინც ნამყოფი იყო კილიმანჯაროზე. ბევრი ვნახეთ, ბევრი ვიკითხეთ და შევუდექით მოგზაურობას. დავითი წვერის გამო ჰემინგუეის ჰგავს და ამიტომ იქ, ხუმრობით ერნესტოს ვეძახდი...
ათ დღიან მოგზაურობაში რვა დღე იყო ასვლა-ჩამოსვლა, კარვებით, ტვირთით, ფიქრებით, ემოციებით...
მოგზაურობა ზღვის დონიდან 1900 მეტრიდან დავიწყეთ და პიკი - 5895 მეტრი იყო ზღვის დონიდან. ეს არის ძალიან დიდი სიმაღლე. ასეთ სიმაღლეზე ასვლის გამოცდილება არც ერთს არ გვქონდა. ჩემთვის ყველაზე მაღალი 5054 მეტრი იყო ზღვის დონიდან - მყინვარწვერზე, ჩემი მეგობრისთვის - 4600 მეტრი. მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურადაც ვემზადებოდით, მორალურადაც, იქ მაინც საოცარი გამოცდა გავიარეთ, როგორც ფიზიკური, ისე მენტალური. მიხარია, რომ მიზანი გავამართლეთ და "აფრიკის სახურავზე" (ასე ძახიან) დავდგით ფეხი.

- რითია გამორჩეული კილიმანჯარო?
- გრძნობ, რომ სახლში არ ხარ, უცხო კონტინენტზე ხარ. ასევე მასშტაბურობას გრძნობ. ადგილობრივების, ზულუსის ტომის წევრების შეძახილები და მათი საომარი სიმღერა მოქმედებდა. თავიდან მიკვირდა, რა ამღერებთ-მეთქი, მაგრამ მივხვდი, რომ ეს შემოძახილი და სიმღერა ასვლაში, საკუთარ თავში ძალების პოვნაში გეხმარება. მერე უკვე მთელი ჯგუფი ხმებში ვშლიდით ამ სიმღერებს. იქაური გიდები და ზულუს ტომის ადამიანები, საოცრად თბილი და მზრუნველები არიან. მათგან ისეთ ზრუნვას ვიღებდით, მხოლოდ ოჯახის წევრისგან რომ მიიღებ და გახსოვს. გამორიცხულია, ახლად გაცნობილმა ადამიანმა, ასეთი ზრუნვა გამოიჩინოს და გაგაბედნიეროს. თვითონ ბედნიერები იყვნენ და ეს ბედნიერება გადამდები იყო, ასვლაში ძალიან გვეხმარებოდა.
მთაზე ასვლისას მნიშვნელოვანია დასვენება, კვება, რომ ძალები აღიდგინო. კარვებში გვეძინა. სითხეს და საკვებს ზომიერად ვიღებდით. წყლის გაფილტვრა ხდებოდა. როგორც ჩვენთან არის წყაროები, იქ ასე არ არის. სრულფასოვანი წყალი რომ მიგვეღო, მინერალებით ვამდიდრებდით. გაზქურა იყო, ცხელ საკვებსაც ვიღებდით. მენიუ მთისთვის არის გათვლილი. ენერგია მართლა გჭირდება.
12 კაციან ჯგუფში, ორი ქართველი ვიყავით, ორიც ავსტრალიელი, დანარჩენი კი ამერიკელები იყვნენ. ჯგუფში ყველაზე ემოციური ამერიკელი მამა-შვილი იყო. მამა 55 წლის, შვილი - 22 წლის. 4200 მეტრზე რომ ავედით, მამას ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა. მთის დაავადება - ეს არის სიმაღლესთან დაკავშირებული სიმპტომების დაავადება, რაც გამოხატულია სუნთქვის გაძნელებით, ეიფორიით, სისუსტითა და უმადობით... ვერტმფრენი გამოვიძახეთ და ქალაქში გადააფრინეს. ჩემდა გასაოცრად, შვილმა ჩვენთან ერთად განაგრძო ლაშქრობა. ისეთი ემოციური სანახავი იყო შვილის ამოსვლა მწვერვალზე, რაც მამას მიუძღვნა... მერე ბარში რომ ჩავედით, მამა-შვილის შეხვედრა ცალკე ემოციური კადრი იყო... არის რაღაცები, რაც გგონია, რომ მხოლოდ კინოშია. ჯორჯიის შტატიდან იყვნენ და ხუმრობით, ჯორჯიელებს ვეძახდით.
ჯგუფის წევრებთან ურთიერთობა მიმოწერით გრძელდება იმიტომ, რომ ერთად ბევრი რამ გადავიტანეთ. მთა არა მხოლოდ უცხო ადამიანებს აახლოვებს, არამედ საკუთარ თავს სულ სხვა რაკურსით გაცნობს. რომ გგონია, რომ თავს კარგად იცნობ, იქ სხვადასხვა სიტუაციებში აღმოაჩენ, რომ ასე არ არის. რისი გამკეთებელი ხარ, სად არის შენი ზღვარი, მორალურად როგორი ხარ, ფიზიკურად რისი დაძლევა შეგიძლია. ახლიდან გაიცნობ თავს; თითქოს, შენს საკუთარ თავთან, შეჯიბრივით არის. ხდება იმის გადაფასება, რაც სამშობლოში დატოვე - რა არის მნიშვნელოვანი, ნაკლებად მნიშვნელოვანი; პრობლემა, რაზეც ნერვიულობდი, მთაზე ხვდები, რომ დროის დაკარგვადაც არ ღირს. სერიოზული გადაფასება ხდება. მწვერვალიდან რომ ჩამოდიხარ, ფიქრობ, რომ არ არსებობს წინაღობა, რომელსაც ვერ გადალახავ. თავიდან ბოლომდე დადებითისკენ იცვლები.

- სირთულე რაში იყო?
- სირთულე იყო წარმოუდგენელი სიცივე, მწვერვალზე ასვლის ღამეს. მარშრუტზე, 4600 მეტრიდან, ღამის 11 საათზე გავედით და დილას, 7-ს 10 წუთი აკლდა, მწვერვალზე რომ ვიყავით. იმ მონაკვეთში, წარმოუდგენელ სიცივეში ფიზიკური გამოცდა გავიარეთ მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ფორმაში ვიყავით და მზად, მაგრამ ვხედავდი, ცივი ქარი როგორ მაცლიდა ძალებს. მახსოვს, სერიოზული სახეები, ჯგუფების წევრები თითოეული ნაბიჯით როგორ ცდილობდნენ მწვერვალთან მიახლოებას; ჯანმრთელობის პრობლემები ექმნებოდათ, მაგრამ დადებითი აურა ტრიალებდა. შიშის მომგვრელი განწყობა არ სუფევდა. ყველანაიარად ვცდილობდით მიზნისთვის მიგვეღწია.
- და როცა უკვე მწვერვალზე ხარ, რას განიცდი, რას ფიქრობ?
- ბუნებრივია, სასიამოვნოა, ამხელა გზა გამოიარე, მაგრამ ამით დიდი ხანი ტკბობას ვერ მიეცემი. უკვე იმაზე იწყებ ფიქრს, რომ უკან მშვიდობიანად ჩამოხვიდე, ოჯახს საღსალამათი დაუბრუნდე. ძირითადად, ხიფათის 80 პროცენტი, უკან დაბრუნებისას ხდება. თავში გიდევს - მწვერვალზე ასვლით რომ არ მთავრდება მთაზე ყოფნა, მთავარია, უკან დაბრუნება. რაც შეიძლება უხიფათოდ და უმტკივნეულოდ მოხდეს ჯერ ბანაკში და მერე სახლში დაბრუნება.

- დაშვება უფრო ადვილი მგონია...
- დაშვება უფრო ადვილია, მაგრამ ყურადღება გაქვს მოდუნებული, თითქოს ხიფათს აღარ ელოდები, დაღლილი ხარ, გამოფიტული... უარყოფითი მხარები დაშვებასაც აქვს. მეტ სიფხიზლეს მოითხოვს.
ჩამოსვლისას ფიქრობ, შემდეგი რომელი მწვერვალი იქნება. ჯერ არა, მაგრამ აუცილებლად დაიგეგმება საინტერესო მთა.
გეტყვით, რომ ეს იყო მოგზაურობა, რომელმაც უდიდესი სიამოვნება მოგვანიჭა. ამ ათი დღის განმავლობაში ოჯახებთან არანაირი კავშირი არ გვქონია. არც არავისთან. არც მახსოვს, ბოლოს უინტერნეტოდ და უტელეფონოდ, ათი დღე, ასე დამშვიდებულ-დაწყნარებული როდის ვიყავი. ასე ვარსკვლავებით მოჭედილი ცა, როდის ვნახე სულ ბოლოს... ალბათ, ბავშვობაში, რაჭაში, იმის მერე ვერც ვიხსენებ...
იცით, როგორი მოვლილია ბუნება?! ნამწვიც არ მინახავს იმ რვა დღის განმავლობაში მთელ მარშრუტზე, იმდენად უფრთხილდებიან გარემოს. ეს კეთილი შურით მშურდა. საქართველოს მთის მარშრუტის პირობები, სამწუხაროდ, ახლოს ვერ მივა იმ სერვისთან, რაც იქ დაგვხვდა.

- კილიმანჯაროს დაპყრობამ რითი შეგცვალათ?
- სიტყვა დაპყრობას არ ვიხმარდი. მთას ვერავინ დაიპყრობს. მთამსვლელები ამ სიტყვას არ ხმარობენ. ამბობენ, მთამ მიმიღო, ავედი...
შემცვალა იმით, რომ ჩემ თავში მეტად ვირწმუნე ძალა, ოჯახის და მეგობრების ფასი მეტად გავიგე, უფრო კეთილი, უფრო მზრუნველი გავხდი, დადებითისკენ შემცვალა. არ ღირს ისეთ წვრილმანებზე ნერვიულობა, ფიქრადაც რომ არ უნდა დაიხარჯო.
- მთით ვინ მოგწამლათ?
- მეგობარმა როსტომ ტალახაძემ. მამამისი მთამსვლელი იყო. როსტომიც ბავშვობიდან დადის მთაში. როსტომი იყო ჩემი პაციენტი. ერთ-ერთი ლაშქრობის დროს, სერიოზული დამწვრობა მიიღო, მოხვდა ჩემთან და იქიდან დაიწყო ჩვენი მეგობრობა. ჩემი შვილის ნათლიაა.
როდესაც ჩემი ახალგაზრდა მეგობარი, ალპინისტი არჩილ ბადრიაშვილი 34 წლის ასაკში (2024 წელს 11 აგვისტოს მესტიაში მწვერვალ შხელდაზე მეხი დაეცა) გარდაიცვალა, ვიფიქრე, მთაში აღარც წავალ-მეთქი.უმაღლესი დონის ადამიანი იყო. საუკეთესო ტრავმატოლოგი იქნებოდა. დღეს იმითაც ბედნიერი ვარ, რომ მას ვიცნობდი.
- და საინტერესოა რჩევები - მთის დალაშქვრის მსურველთათვის...
- ფიზიკურად მომზადებული უნდა იყოთ, გარკვეული უნარ-ჩვევებით, ნებისყოფით. კილიმანჯარო არ არის ტექნიკური მწვერვალი, ალპინისტური უნარ-ჩვევები რომ აუცილებელია, თუმცა მინიმალური უნდა გქონდეთ ათვისებული. რვა დღის განმავლობაში, დღეში 6-7 საათი, გარკვეულ სიმაღლეებზე გვიწევდა სიარული ბარგით. წინააღმდეგობების დასაძლევად მორალურად მზად უნდა იყოთ, რადგან სიმტკიცე არანაკლებ მნიშვნელოვანია. ამ ყველფრის დიდი სურვილი უნდა გქონდეს, რადგან სულ თან დაგსდევს ფიქრი, რა მინდოდა, რამ წამომიყვანა, რას ავიტეხე კილიმანჯარო, ვყოფილიყავი სახლში, თბილად წამოწოლილი ტელევიზორთანო. მაგრამ ამაზე ზევით დგები და ცდილობ, კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდე ოცნებას.

მე ყოველთვის მიხარია, როდესაც მთაში ვხვდები ადამიანს. საქართველოში წარმოუდგენელი სილამაზის მთები გვაქვს, საიდან არ ნახავთ ჩამოსულ ტურისტს, რომ ჩვენი მთებით დატკბეს. მიხარია, რომ ეს ხშირია. ისე დადებითად არაფერი მოქმედებს ადამიანზე, როგორც მთა. ჯადოქრობასთან გაქვს უშუალო შეხება. არ არის აუცილებელი, ყველა წვერი დალაშქრო. აუცილებლად გადით ბუნებაში. კარგად თუ არ დაისვენე, კარგად ვერ იმუშავებ, კარგად თუ ვერ იმუშავე, ქვეყანას ვერ გამოადგები...
არასდროს თქვათ უარი საკუთარ ოცნებებზე. კარგად თუ დაგეგმავ, რაც არ უნდა გიჟური იდეა იყოს, თავისუფლად შეიძლება რეალობად იქცეს. რამდენიმე წლის წინ რომ ვინმეს ეთქვა, კილიმანჯაროზე ახვალო, ჩავთვლიდი, რომ ეს სიზმარია, რომელიც არ ახდება. მაგრამ თურმე ადვილად ასახდენია.
02/03/2026