Logo

ჯანმრთელობა

"არასოდეს იფიქროთ, რომ ამ ბრძოლაში მარტო ხართ. მე თქვენთან ვარ" - ონკოქირურგი კახაბერ ბარამიძის წერილი პაციენტებს

"არასოდეს იფიქროთ, რომ ამ ბრძოლაში მარტო ხართ. მე თქვენთან ვარ" - ონკოქირურგი კახაბერ ბარამიძის წერილი პაციენტებს

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ყოველი წლის ივნისში, მსოფლიო კიბოზე გამარჯვებულთა თვეს (Cancer Survivors Month) აღნიშნავს. ეს ინიციატივა იმ ადამიანების მხარდაჭერასა და დაფასებას ისახავს მიზნად, რომლებმაც კიბოს დიაგნოზთან, მკურნალობასთან და გამოჯანმრთელების რთულ გზასთან გამკლავება შეძლეს.
ივნისის პირველ კვირას, კიბოზე გამარჯვებულთა დღის აღნიშვნის ტრადიცია, ჯერ კიდევ 1988 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიწყო და დროთა განმავლობაში საერთაშორისო მნიშვნელობა შეიძინა. ივნისი განსაკუთრებული თვეა იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც მძიმე დიაგნოზის მიუხედავად ბრძოლა არ შეწყვიტეს, ასევე მათი ოჯახის წევრების, ექიმებსა და ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ამ გზაზე მათ გვერდით იდგა.

სწორედ ამ თემას გამოეხმაურა მამოლოგი, ონკოქირურგი კახაბერ ბარამიძე, რომელმაც კიბოზე გამარჯვებულ პაციენტებს ემოციური წერილით მიმართა.

ექიმმა ყოფილ პაციენტებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ კიბოსთან ბრძოლა მხოლოდ მედიცინა არ არის, ეს ადამიანური ძალის, იმედისა და სიცოცხლის არჩევის ისტორიაა.

"ჩემო ძვირფასო პაციენტებო, ჩემო საუკეთესოებო, ჩემო იმედიანო ადამიანებო!

ივნისი კიბოზე გამარჯვებულთა თვეა!

ჩემთვის, როგორც ექიმისთვის, რომელიც თითქმის 30 წელია ამ უდიდეს მისიას სიყვარულითა და სიამაყით ვემსახურები, ყოველი გათენებული დღე და თქვენი ყოველი გამოკვლევის კარგი პასუხი არის სიცოცხლის ნამდვილი ზეიმი.

ექიმის, მითუმეტეს მამოლოგისა და ონკოქირურგის პროფესია ჩემგან მოითხოვს სიმტკიცესა და ემოციების მართვას, თუმცა საოპერაციო ბლოკის მიღმა ზუსტად ისევე ფეთქავს ჩემი გული, როგორც თითოეული თქვენგანის. მეც თქვენთან ერთად განვიცდი, ვფიქრობ, ვღელავ და ყოველი თქვენგანის ისტორია სახლშიც თან მიმყვება.
კარგად მახსოვს იმ შეშინებული, კითხვით სავსე თვალების გამოხედვა, პირველად რომ შემოდიხართ ჩემს კაბინეტში... სწორედ იმ წამებში იბადება ყველაზე მთავარი — უსიტყვო, წმინდა ნდობა

ეს გზა რთულია, მაგრამ მას ყოველთვის მივყავართ იმ დღემდე, რისთვისაც ცხოვრება და შრომა ღირს.
ჩემო ძვირფასებო, ვინც ეს ბრძოლა უკვე გაიარეთ, ვინც დღეს სრულიად ჯანმრთელები ხართ, იღიმით და ცხოვრებით ტკბებით — თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, რამხელა ბედნიერება ხართ ჩემთვის.

გეგმიურ შემოწმებაზე კარს რომ შემოაღებთ, თვალები გიციმციმებთ და მეუბნებით: „კახა ექიმო, კარგად ვარ!“ — აი, ამ ერთ წამში ქრება მთელი წლების გადაღლა, უძილო ღამეები და სტრესი.
თქვენი სიცოცხლე ჩემი პროფესიული და პიროვნული ცხოვრების უდიდესი ჯილდოა
თქვენ ხართ იმედისა და გამარჯვების ცოცხალი მაგალითი და მე ბედნიერი ვარ იმით, რომ თქვენ უკვე ათეულათასობით ხართ ️

ხოლო თქვენ, ვინც ახლა გადიხართ მკურნალობას, ვისაც შესაძლოა დღეს ცოტათი გეშინიათ, მინდა, დაგამშვიდოთ, დაგაიმედოთ და გითხრათ: მედიცინა დღეს უძლიერესია, ჩვენ ჩვენი ცოდნით, გამოცდილებით, გულისხმიერებით ყველაფერს ვაკეთებთ თქვენთვის, მაგრამ გჯეროდეთ, რომ თქვენი შინაგანი ძალა, რწმენა და სიცოცხლის სიყვარული არის გამარჯვების მთავარი იარაღი.

არასოდეს იფიქროთ, რომ ამ ბრძოლაში მარტო ხართ. მე თქვენთან ვარ, ჩვენ თქვენთან ვართ სრულ გამარჯვებამდე

მადლობა უსაზღვრო ნდობისთვის! თქვენი თბილი ღიმილი ჩემი სამყაროს მთავარი მამოძრავებელი ძალაა.
ჩემო ძვირფასო ადამიანებო, თქვენ გაიარეთ გზა შიშიდან — იმედამდე, და ბრძოლიდან — სრულ გამარჯვებამდე. სიცოცხლე თქვენია!

გისურვებთ ჯანმრთელობას, სულის სიმშვიდესა და ძალიან, ძალიან დიდხანს, ბედნიერ სიცოცხლეს!" - წერს კახაბერ ბარამიძე.

ავტორი: ზმნა

06/10/2026

კახაბერ ბარამიძეკიბოზე გამარჯვებაონკოლოგიაონკოქირურგი
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024