ტაბლოიდი

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
არ არის მარტივი იყო მომღერალი, როცა შენი ბებია ლეგენდარული ნანი ბრეგვაძეა, ხოლო დედა - ეკა მამალაძე.
30 წლის ნატალია ქუთათელაძე ამბობს, რომ სიმღერა მის ცხოვრებაში თავისდაუნებურად, ბუნებრივად მოვიდა.
ამის შესახებ ნატალიამ ირინა ქიქოძის პოდკასტში "მერე" ისაუბრა.
"რაც თავი მახსოვს, ბუნებრივად მოხდა ისე, რომ უნდა მემღერა. არავის არასდროს არ უკითხავს, მინდოდა თუ არა. 30 წლის ასაკში ვკითხე კიდეც საკუთარ თავს, ნამდვილად მინდოდა? ახლა მინდა? ეს კითხვა გამიჩნდა განსაკუთრებით მას მერე, რაც შვილი გამიჩნდა. როცა გაჩნდა სხვა პრიორიტეტი და აღმოჩნდა, რომ შენი საქმის გარდა, არის სხვა რამ არანაკლებ მნიშვნელოვანი, იქნება ეს შვილი, ქმარი, ოჯახი და ა.შ.
არასდროს გავზრდილვარ კარიერისტად, ყველაფერზე წამსვლელად კარიერის გამო. ნანიც და ეკაც ისე გაიზარდნენ, რომ თუნდაც ამ სიმღერას იღებდნენ, როგორც თავისთავადს, ბუნებრივს. ჰო, მღერი და არაფრით არ ხარ არავისზე განსაკუთრებული. მაგრამ ეგ რამდენადმე დამაზიანებელიც აღმოჩნდა ჩემი თავდაჯერებისთვის, დღესაც არ მაქვს განცდა, რომ რაღაც სუპერძალა მაქვს, რომ ვმღერი. მაგრამ რეალურად მართლა სუპერძალაა...
მერე დავსვი ბევრი შეკითხვა, ფსიქოლოგთანაც, მინდოდა კი ეს ყველაფერი? შემდეგ გავაცნობიერე, რომ კი, მინდა და ყველაფრით მადლობელი ვარ, რაც მაქვს, პროფესია იქნება, თმის ფერი და ა.შ. მივიღე საკუთარი თავი და თავდაჯერების პრობლემებიც დარჩა წარსულში. თუმცა ამ გაცნობიერების მერე, რაღაც თამასა, რომ იყო ჩამოვწიე.
შეიძლება ეს კარიერულად ცუდია და შეიძლება ვინანო, მაგრამ ახლა ამ ეტაპზე ვარ. მინდა ორივე იყოს, პროფესიაც და ოჯახიც და თუ შევძლებ ჰარმონიულად თანაცხოვრებას ამ ორთან ერთად, ჩემზე ბედნიერი არავინ იქნება. ჯერჯერობით ვახერხებ," - თქვა მომღერალმა.
01/12/2026