Logo

საზოგადოება

"არავითარი ჯორჯი, მე გიორგი მქვია!" - ქველმოქმედი ემიგრანტი ბიჭის საოცარი ისტორია

"არავითარი ჯორჯი, მე გიორგი მქვია!" - ქველმოქმედი ემიგრანტი ბიჭის საოცარი ისტორია

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ამსტერდამში მცხოვრები თიკა სვანიძე-ვენკო თავის ვაჟზე პოსტს აქვეყნებს. თიკას ამერიკელი ქმარი ჰყავს, შვილებს კი ქართული სულისკვეთებით ზრდის. გიორგი 14 წლის იყო, როდესაც საქართველოში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელი ბროწლიანის მოხუცთა და შშმ პირთა თავშესაფარს დაეხმარა. პატარა პატრიოტმა საქველმოქმედო ფონდი შექმნა, 40 ათასი ევრო შეაგროვა და 2018 წელს, სამშობლოში, სათნოების სახლს მოახმარა – წყალი გაუყვანა და სახურავი გამოუცვალა.

თიკა სვანიძე-ვენკო

თიკა სვანიძე-ვენკო: მე და ჩემი უფროსი შვილი, გიორგი.

თუ მისი გაბრაზება გინდათ, ჯორჯი ან ჯიორჯი უნდა დაუძახოთ. მაშინვე გიპასუხებთ: არავითარი ჯორჯი, მე გიორგი მქვიაო!

სულ რაღაც 12 წლისა იყო, როცა ჩემთან მოვიდა და მითხრა: სერიოზულ საქმეზე მინდა დაგელაპარაკოო.
გამიკვირდა, ნეტა ასეთი რა საქმე აქვს-მეთქი.
- დედა, ძალიან მინდა, რომ საქართველოს დავეხმარო და რა შეიძლება ამისთვის გავაკეთოო.
მისი სიტყვების გაგონებისას გულში სითბო ჩამეღვარა. მივხვდი, რომ ეს სურვილი ჩემგან გადაედო... ამ დროს პლანეტაზე ყველაზე ბედნიერი დედა ვიყავი.

თიკა ვანიძე-ვენკო

თუ სიკეთის კეთება გინდა, ცხოვრება თავად მიგიყვანს მათ კარზე, ვისაც შენი დახმარება სჭირდება.

ჩვენ კი ძალიან მალე სრულიად შემთხვევით ბროწლიანის მოხუცთა და შშმ პირთა თავშესაფარში მიგვიყვანა ბედმა, სადაც ადამიანები ძალიან მძიმე პირობებში ცხოვრობდნენ, არ ჰქონდათ წყალი და შენობის სახურავი ისეთი დაზიანებული იყო, წვიმა თქრიალით ასხამდა სახლში… და აქედან დაიწყო ყველაფერი!..

12 წლის გიორგიზე იმდენად იმოქმედა ნანახმა, ნიდერლანდებში დაბრუნებისთანავე მეგობრებს გამოუცხადა: ჩემს დედასამშობლოს დახმარება სჭირდებაო!

საქველმოქმედო ფონდი დაარსეს, მახსოვს როგორ აგროვებდნენ საკუთარ სათამაშოებს და ყიდდნენ აუქციონზე… ვის აღარ უკავშირდებოდნენ და სთხოვდნენ დახმარებას… და გამოუვიდათ კიდეც - საბოლოო ჯამში, 40 ათას ევროს მოუყარეს თავი ბავშვებმა! ეს თანხა სრულიად საკმარისი აღმოჩნდა პირველ ეტაპზე - გიორგიმ თავშესაფრისთვის წყლის ჭაბურღილი გააკეთა, შეუცვალა სახურავი, დაუმონტაჟა მზის ენერგიაზე მომუშავე გათბობის სისტემა და შეუძინა საჭირო ტექნიკა და ნივთები

სულ მალე გიორგი დააჯილდოვეს როგორც ყველაზე ახალგაზრდა ქველმოქმედი.

- დედიკო, არ არის კიდევ ვინმე, ჩვენც რომ დავეხმაროთ? მკითხეს ტიტინა ხმით უფროსი ძმის საქმეებით შეგულიანებულმა ლევანმა და თემურიმ და დღემდე ეს სიტყვები მიმაჩნია ჩემი, როგორც ქართველი დედის მთავარ მიღწევად და გამარჯვებად.

სიკეთის კეთების ძალა, ხალისი და შესაძლებლობა არ მოგვიშალოს ღმერთმა.

ავტორი: ზმნა

02/28/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024