ყველაფერი ბავშვებზე

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე მედიცინა აუტიზმსა და ვაქცინაციის პროცესს შორის კავშირს არ ადასტურებს, მითები დღემდე აქტიურად ვრცელდება.
ექიმმა არჩილ მარშანიამ, "რესტარტ პოდკასტში" სწორედ იმ კვლევის ისტორია გაიხსენა, რომელმაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ანტივაქსერული ტალღა გამოიწვია.
ექიმმა მარტივი მაგალითებით ახსნა, რატომ არ ნიშნავს მოვლენების დამთხვევა მიზეზ-შედეგობრივ კავშირს და რამდენად მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ კვლევების შეფასება არა ხმაურიანი სათაურებით, არამედ მეცნიერული მეთოდოლოგიით ისწავლოს.
"აუტიზმთან დაკავშირებით, ეს ერთი კვლევა დადო ენდრიუ უეიკფილდმა (არის ასეთი გასტროენტეროლოგი), რომელმაც ჩაატარა კვლევა... მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ კვლევა თავისდათავად არაფერს არ ნიშნავს. კვლევას აქვს თავისი მეთოდოლოგია. თუკი მე ჩავატარებ ჩემთან სამზარეულოში კვლევას და ვიღაცა სადღაც იელის უნივერსიტეტში. ორივემ კვლევა ჩავატარეთ, მაგრამ გასაგებია, რომელი უფრო სარწმუნო იქნება - ჩემი არა, ხომ? დიდი მნიშვნელობა აქვს სად და როგორ ჩატარდა კვლევა.
ენდრიუ უეიკფილდის კვლევა იყო ჩატარებული თორმეტ ბავშვზე. ამ ადამიანს, ამ ექიმს, ჰქონდა ფინანსური ინტერესები, რომ დისკრედიტაცია გაეკეთებინა წითელა-წითურა-ყბაყურას ვაქცინის. იმიტომ რომ ყველა ეს ვაქცინა ცალ-ცალკე უნდოდა გაეკეთებინა და თავისი ფინანსური ინტერესები ჰქონდა.
ამის გამო, მან თორმეტ ბავშვზე ჩატარებულ კვლევაზე დაწერა, დასკვნა, რომ ეს ვაქცინა თითქოსდა დაკავშირებული არის აუტიზმის განვითარებასთან და ასევე ქრონიკულ ენტეროკოლიტთან.
ჯერ თორმეტ ბავშვზე ჩატარებულ კვლევაზე სერიოზულად როგორ შეიძლება ვილაპარაკოთ, მაგრამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საინტერესო არის ის, რომ ამ კვლევიდან მხოლოდ ეს აუტიზმი ამოიღეს და ჩაეჭიდნენ და აცხადებენ, რომ აუტიზმის ეპიდემია ამის გამო გვაქვს... და ეს კვლევა რომ რამეს ნიშნავდეს, ენტეროკოლიტის ეპიდემია რატომ არა გვაქვს? ანუ რატომ მიაჩუმათეს? სად წავიდა ეს ენტეროკოლიტი?
სხვათა შორის, აუტიზმის რიცხვები იზრდება მათ შორის მაშინაც, რაც უფრო ორგანული, უსასუქო საკვები წამოვიდა... სტატისტიკა რომ ნახოთ, რაც უფრო პოპულარული ხდება ორგანული საკვები, მით უფრო იზრდება აუტიზმი. და რა, ანუ იმის ბრალია?
ლომბარდიაში, იტალიაში რომ მოხდა საშინელი აფეთქება კოვიდის და უბრალოდ გარდაცვლილი ადამიანები სახლიდან ვერ გაჰყავდათ, მაგ პერიოდში კახეთში არაფერი არ ხდებოდა... იტალიაში ჭამენ პიცას უფრო მეტად, ჩვენ აქ ვჭამთ ხაშლამას. მაგრამ შეიძლება ამით თქმა, რომ ხაშლამა კოვიდის პრევენციას აკეთებს? ეგ ხომ იქნება უბრალოდ მანიპულაცია. აი, ასეთი მანიპულაციური დასკვნა გააკეთა ამ კაცმა,"- თქვა არჩილ მარშანიამ.
05/26/2026