სასარგებლო რჩევები

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
წონაში კლებისა და სწორი კვების ჩვევების გამომუშავებისას, ადამიანები ხშირად ამბობენ უარს შაქრის შემცველი პროდუქტის მიღებაზე.
ყველამ ვიცით, რომ შაქარი ბუნებრივად შედის ბევრი პროდუქტის, მათ შორის ხილის, ბოსტნეულის, რძის ნაწარმის შემადგენლობაში. ზოგიერთ მზა პროდუქტს კი მწარმოებლები შაქარს ხელოვნურად ამატებენ. სწორედ ეს დამატებული ანუ თავისუფალი შაქარია ჯანმრთელობისთვის საზიანო. ის ზედმეტი კალორიების წყაროა, კვებით ღირებულებას კი საკვებს ვერ სძენს, ვერ უზრუნველყოფს ორგანიზმს იმ ნივთიერებებით, რომლებიც მისი სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის არის საჭირო.
ამიტომ მოუწოდებენ დიეტოლოგები შაქრით დამტკბარი პროდუქტების მიღებისაგან თავის შეკავებას.

არის თუ არა გამოსავალი დიეტებისა და სწორი კვების ჩვევების გამომუშავების დროს, უშაქრო პროდუქტების მიღება? - ამ კითხვით zmna.ge ნუტრიციოლოგ თამარ ნემსაძეს დაუკავშირდა და გაარკვია, რომ “უშაქრო” ყოველთვის უსაფრთხოს არ ნიშნავს და პროდუქტის ეტიკეტზე ზოგჯერ იმაზე მეტი ინფორმაციის ამოკითხვა შეიძლება, ვიდრე ერთი ხედვით ჩანს.
„პროდუქტის მავნებლობა, არა უშუალოდ პროდუქტში, არამედ იმ დანამატებში და ინგრედიენტებშია, რომლებიც ამ პროდუქტის შექმნისას გამოიყენება. ამ ყველაფრის შესახებ ინფორმაცია ეტიკეტზე, მის შემადგენლობაში უნდა ეძებოთ.
ჯანსაღი ყოველთვის არ ნიშნავს ჯანსაღს და წარწერა "უშაქრო" ყოველთვის "უშაქროს". იმიტომ, რომ ეტიკეტზე შეიძლება გვხვდებოდეს შაქრის შემცველი პროდუქტი იმ სახელით, რომელიც მომხმარებელმა არ იცის, რომ სინამდვილეში შაქარია.

ფიტნეს ინსტრუქტორები ხშირად გვირჩევენ ხოლმე ცილოვან დანამატების მიღებას . ახლა პოპულარულია ცილოვანი პუდინგები. ჩვენ ვიღებთ ამ პუდინგებს, რადგან გვინდა რომ საჭირო რაოდენობით ცილა მივიღოთ და ცილის დღიური ნორმა შევივსოთ... მაგრამ უნდა ვიცოდეთ ერთი ფაქტი - ასეთ შოკოლადის პუდინგს აწერია "უშაქრო", მაგრამ იქ არის ნივთიერება მალტოდექსტრინი, რომელიც ანალოგიურადვე მოქმედებს, როგორც შაქარი. ის შედის პუდინგებში, არის დამატკბობელი და საკმაოდ მაღალი გლიკემიური ინდექსი აქვს.... და ვინაიდან არიოს საკვები დანამატი, გარდა იმისა, რომ შაქარს წევს მაღლა, ის ასევე მოქმედებს ნაწლავის მიკრობიოტაზე, ანუ ნაწლავის გამტარობაზე. ის ჩართულია ჰორმონალურ ჯაჭვში და შეუძლია მიგვიყვანოს ჰორმონალურ დისბალანსამდე.

ასეთი დანამატები არის ზოგჯერ "დიაბეტურ პროდუქტშიც". ის არ წერია შაქრის სახელით, მაგრამ გვხვდება სიმინდის სიროფის სახით, რომელიც წარმოდგენილია ფრუქტოზის და გლუკოზით. ზუსტად იმ გლუკოზით, რომელიც სისხლში შაქრის მაჩვენებელს მაღლა წევს," - ამბობს თამარ ნემსაძე.
02/12/2026