სასარგებლო რჩევები

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
სტაფილო, ჭარხალი, ავოკადო, ახალი მოცვი, მოხალული ნუში, კოჭა და ყინულის კუბები - ამ ინგრედიენტებისაგან შედგება რეცეპტი, რომელიც სოციალურ ქსელებში მაიკლ პაუელის სასწაულმოქმედი სასმლის სახელითაა ცნობილი და მეხსიერების გაუმჯობესების უნიკალურ რეცეპტად მიიჩნევა.
თუმცა მაიკლ პაუელის წიგნში „Memory Power“, რომელიც მეხსიერების ვარჯიშებსა და ტვინის აქტივობაზეა, სასმლის შესახებ ნათქვამი არაფერია.

ბრიტანელი მეცნიერი წიგნში, მეხსიერების გაუმჯობესებისთვის საჭირო სპეციალურ ტექნიკებს აღწერს და ხშირად საუბრობს „ვიზუალიზაციის მეთოდზე“, ანუ ინფორმაციის სურათებად გადაქცევაზე.
მისი იდეა მარტივია - ტვინი გაცილებით უკეთ იმახსოვრებს უცნაურ, ემოციურ ან ძალიან მკაფიო ვიზუალურ სცენებს, ვიდრე მშრალ ფაქტებს.
მაგალითად, თუ უნდა დაიმახსოვროთ სიტყვა „ვაშლი“, უბრალოდ სიტყვის გამეორების ნაცვლად წარმოიდგინეთ უზარმაზარი წითელი ვაშლი, რომელიც მაგიდიდან გორდება, ხმაურით ეცემა იატაკზე და ოთახს ვაშლის სურნელი ავსებს.
რაც უფრო აბსურდული და ცოცხალია წარმოდგენა, მით უკეთ იეჭდება მეხსიერებაში.

პაუელი ასევე გვირჩევს:
ინფორმაციის „მიბმას“ ნაცნობ ადგილებთან (memory palace მეთოდი);
ხმამაღლა გამეორებას;
ახალი ინფორმაციის ემოციასთან დაკავშირებას;
და მეხსიერების მუდმივ ვარჯიშს, რადგან მისი აზრით, „მეხსიერება კუნთივითაა: რაც უფრო იყენებ, მით ძლიერდება.“

ექიმები ამბობენ, რომ "ტვინის მკვებავი - სასწაულმოქმედი სასმელი“ არ არსებობს, თუმცა ზოგიერთი ნივთიერება, მეხსიერებაზე მართლაც დადებითად მოქმედებს.
ყავა - მოკლევადიანად აუმჯობესებს ყურადღებასა და სიფხიზლეს;
მწვანე ჩაი - შეიცავს L-theanine-ს, რომელიც კონცენტრაციას უწყობს ხელს;
მოცვისა და ბროწეულის სასმელი - მდიდარია ანტიოქსიდანტებით;
კურკუმიანი რძე - კვლევებში ხშირად უკავშირდება ტვინის ფუნქციის მხარდაჭერას.
თუმცა ექიმები ხაზს უსვამენ, რომ ტვინის მუშაობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც არის:
ხარისხიანი ძილი;
ფიზიკური აქტივობა;
სტრესის კონტროლი;
სრულფასოვანი კვება;
და მუდმივი გონებრივი დატვირთვა...
05/07/2026