ინტერვიუ

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
რუსუდან სებისკვერაძე 80 წლის გახდა.
მისი შემოქმედების გარეშე, ქართული სიმღერა, სათქმელს სრულად ვერ იტყოდა. თავად კომპოზიტორის მთავარი სათქმელი კი, სამშობლოსა და ადამიანის სიყვარულია.
მაცაცო უყვარს ნაცნობს და უცნობს.
საქართველოში მის სიმღერებს მღერიან, ღიღინებენ, ქართულ სუფრასა და დღესასწაულებს ილამაზებენ, ცხოვრებას ჰანგებად იქარგავენ...
მაცაცოს სიმღერები ბევრი მომღერლისთვის სავიზიტო ბარათი გახდა. შესაბამისად, ყველა სიმღერა დროში გამოგზაურებს და კონკრეტულ ადამიანამდე მიჰყავხარ...
"და მე არ მინდა სხვა ნეტარება" - მხოლოდ ეთერ კაკულიას ხმით მოდის დღემდე.. "მინდვრად დაგიჭერ პეპელას" - გოგი დოლიძის... "მარტოხელა, მარტო სულო ქალბატონო" - ზაურ ბოლქვაძის ხმით ჩაგვესმის... ეს უკვე მარადისობაა...
ცხადია, როგორც კომპოზიტორს გამორჩეულად საყვარელი მომღერლები ჰყავდა, სპეციალურად მათთვის რომ წერდა სიმღერებს.
ერთხელ გოგი დოლიძეზე მითხრა:
"სიმღერაში რაინდი იყო, დუეტის შესრულებისას წინ ქალბატონს აყენებდა ყოველთვის და თითქოს ჩუმად ეპარებოდა მეორე ხმით... ახალს რომ დავწერდი და დავუძახებდი, მოვარდებოდა მაშინვე, მახსოვს, ვაჟა-ფშაველას ლექსზე დავწერე სიმღერა – „მთელი ხმელეთის სწორი ხარ“ - იმ წუთში ჩემთან გაჩნდაო... ვამღერე და წავიდა.

მეორე დღეს შეთანხმების გარეშე მოვიდა, ვაჟას ლექსია მაინც და კიდე მამეცადინე, მამღერეო, უთქვამს, საღამოს ისევ კარზე ზარი გაისმებოდა - იცი რა? სულ თავში მიტრიალებდა ეს სიმღერა და მაინტერესებს, ახლა როგორ ვიმღერებო, რატომ ღელავ ასე-მეთქი, ვეკითხებოდი, ვაჟას ლექსია და როგორ არ ვიღელვოო, ამბობდა...
ძალია ნიჭიერი კაცი იყო, უსაყვარლესი მეგობარი და შესანიშნავი ადამიანი...
კაცს რეპეტიციის გარეშე შეეძლო სცენაზე ნებისმიერი სიმღერა ემღერა, მაგრამ აი ასეთი, უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობა ჰქონდა..."

მაცაცოს პომპეზურობა არ უყვარსო, "ზმნასთან" ინტერვიუში ამბობს რუსუდან სებისკვერაძის ვაჟი.
ამიტომ 80 წლის იუბილე, კომპოზიტორმა ოჯახურ გარემოში აღნიშნა. სახელმოზიარე შვილიშვილმა, (უმცროსი მაცაცო გერსამია) იუბილარ ბებიას ტორტზე სანთლები ჩააქრობინა.
დედის საიუბილეო წელთან დაკავშირებით კი, რეჟისორ დავით გერსამიას თავისი გეგმები აქვს.
ბოლო დროს, კომპოზიტორი ინტერვიუებს ერიდება. ურჩევნია იმუშაოს, ახალი სიმღერებით დაგვიბრუნდეს და სათქმელი ასე გაგვიმჟღავნოს.
ყველაფერი ისე წავიდა, როგორც მე ვინატრებდიო, ამბობს... ბედნიერებაა მსუყე ასაკამდე ასე მოხვიდე, საგზლად ერის დიდ სიყვარულს დაატარებდე და ყველას ეღიღინებოდე...
- დავით, როგორია მაცაცო სებისკვერაძე 80 წლის ასაკში?
დავით გერსამია: 80 წლის გახდა, მაგრამ ასაკს არ იმჩნევს. ახალგაზრდულად არის, შემართებით, რაც ძალიან მახარებს. ცდილობს იყოს აქტიური, მათ შორის - შემოქმედებითადაც.
- სიმღერებზე მუშაობს?
- დიახ, მუშაობს. რაღაცებს თავისთვის "ბუჯბუჯებს", ასე ვთქვათ. ჩვენ მის შემოქმედებით ნაწილში არ ვერევით, მანამ, სანამ თავად არ მოგვასმენინებს ნამუშევარს. ასე იყო ყოველთვის და ასეა ახლაც.
- როგორია 2 აგვისტო თქვენს ოჯახში?
- 2 აგვისტო თავისთავად გამორჩეული თარიღია. ამ თარიღის აღნიშვნა ოჯახურ გარემოში გვიწევს ხოლმე, რადგან პერიოდი ისეთია, რომ ადამიანები, მათ შორის, ჩვენი ახლობლებიც, დასასვენებლად არიან გასულები. ამიტომ ახლაც ასე აღვნიშნეთ.
- დავით, როგორც კომპოზიტორს, მას მთელი ქვეყანა იცნობს და ეთაყვანება. დედის ამპლუაში როგორ გაგვაცნობთ?
- როგორ გითხრათ, დედა ყველასთვის - დედაა. ვერავინ ვერასდროს შეგვიცვლის მას. მაცაცო მკაცრი დედა არასდროს ყოფილა. სულ მეგობრული დამოკიდებულება გვქონდა ერთმანეთთან. ყოველთვის იყო მზრუნველი, თბილი, ძალიან ყურადღებიანი... ამით, ალბათ, არაფერს ახალს არ ვამბობ, დღემდე არის დედა, რომელიც სულ ტრიალებს შვილების ირგვლივ.
ჩვენი განსაკუთრებული სიახლოვეც ბავშვობიდან მუსიკას უკავშირდებოდა.
მე მისი სიმღერის პირველი მსმენელი ვიყავი, ძალიან მაბედნიერებდა ის, რომ ყოველთვის აინტერესებდა ჩემი შეფასება, შესაბამისად, მისი ახალი სიმღერების პირველი შემფასებელი ვიყავი.
გარდა დედაშვილობისა, შემოქმედებითი ბმაც გვაკავშირებს. ერთმანეთის რჩევებს ვითვალისწინებთ. ჩემ პროფესიაშიც ძალიან გამომადგა მუსიკალური განათლება, რომელიც ცალსახად მაცაცოს დამსახურებაა.
ჩემთვის ძალიან ორგანული იყო მუსიკა... ვიზრდებოდი იმ გარემოში, რა გარემოსაც და რა სფეროსაც მე დღეს ვემსახურები. რომ არა მაცაცო, არ მექნებოდა მუსიკალური განათლების ის სწორი ხაზი, რაც მაქვს და ალბათ, პროფესიაც სხვა მექნებოდა.
მე პროფესიონალი მუსიკოსი არ ვარ, მაგრამ ის, რომ მუსიკის სწორი შემფასებელი ვარ და მუსიკის აღქმის ძალიან ზუსტი უნარი მაქვს, რაც ჩემი პროფესიისთვის მნიშვნელოვანია, ეს მაცაცოს დამსახურებაა.

- დათო, მომღერლების გარემოცვაში ყოფნამ, დედასთან მათმა ურთიერთობამ, რეპეტიციებმა, სალონურმა საღამოებმა - ამ ჯადოსნურმა სამყარომ რა მოგცათ, როგორც ადამიანს?
- ამან მომცა ის ფუფუნება, რომ ქართული მუსიკა და სიმღერა ძალიან კარგად ვიცოდე. კარგად ვიცოდე არა მხოლოდ მაცაცოს, არამედ სხვა კომპოზიტორების შემოქმედება. კლასიკური მუსიკაც და მუსიკალური ლიტერატურაც.
- ვიცი, რომ თავადაც მღერით. რატომ არ აკეთებთ ამას საჯაროდ?
- სცენაზე დგომა არასდროს მდომებია. მაცაცოს კონცერტებზე რამდენჯერმე მიმღერია, მაგრამ მომღერლობაზე არ მიფიქრია. ჩემი ინტერესი რეჟისორის პროფესია იყო და ამ გზას მივყევი ბოლომდე. თუმცა, სიმღერა ისე მიყვარს და მსიამოვნებს, ხშირად ვმღერი მეგობრების წრეში.
- დედის შემოქმედებიდან თქვენი საყვარელი სიმღერა რომელია?
- ვერ გამოვყოფ, გამიჭირდება. ბევრი სიმღერა მიყვარს.
- თქვენს თვალწინ დაბადებული ამ უკვდავი სიმღერებიდან, რომელიმეს შექმნის ისტორიას ხომ ვერ მოგვიყვებით?
- ყველა სიმღერას თავისი ისტორია აქვს. ამ ისტორიებს კომპოზიტორთან ერთად ქმნიან მომღერლებიც.
მაცაცოს ძალიან ბევრი სიმღერა კონკრეტული მომღერლებისთვის იწერებოდა. კომპოზიტორი ვერ დაწერს სიმღერას ისე, თუ ვინმეს ხმას არ არგებს ჰარმონიას.
არ ვიცი, სხვის შემთხვევაში როგორ ხდება, მაგრამ მაცაცოს სიმღერები ასეა შექმნილი.
დედა წერდა გოგი დოლიძისთვის, მაია ჯაბუასთვის, ეკა მამალაძისთვის, ზაურ ბოლქვაძისთვის... და სხვებისთვის. მისი ყველა სიმღერა ქვეყნის ისტორიაში არსებულ გარკვეულ პერიოდს უკავშირდება. ამიტომ ძალიან ძვირფასია ყველა.
- საიუბილეო წელთან დაკავშირებით არაფერს გეგმავთ?
- მაცაცოს არასდროს ხიბლავდა პომპეზურობა, მაგრამ რადგან საიუბილეო წელია, ვფიქრობ, რაღაცების გაკეთებას. ეს შეიძლება იყოს სიდი ან ვინილი.
თუ ქვეყანაში ნორმალური სიტუაცია იქნება, შეიძლება კონცერტიც დავგეგმო. ვნახოთ.
ზმნა.ჯი კომპოზიტორ რუსუდან (მაცაცო) სებისკვერაძეს ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს და წარმატებას, მის მსმენელს კი, ბევრ ახალ სიმღერას უსურვებს.
08/03/2026