კულტურა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
"ღრმა მწუხარებით ვიუწყებით, რომ გარდაიცვალა ლადო გუდიაშვილის ქალიშვილი - ჩუქურთმა" - წერია ლადო გუდიაშვილის საგამოფენო დარბაზის ფეისბუქ გვერდზე.

ჩუქურთმა გუდიაშვილი იყო ღვაწლმოსილი ბალერინა და პედაგოგი.
1964 წელს ლადოს მიერ დახატული ქალიშვილის პორტრეტი სახელწოდებით - "ნიბლია ჩუქურთმა."

მხატვრის ცოლი ნინო (მგელაძე) გუდიაშვილი იყო, რომელთან ერთად ის თბილისში, ყოფილი ლორის-მელიქოვის, შემდგომში ლ. კეცხოველის, ამჟამად კი ლ. გუდიაშვილის ქუჩაზე ცხოვრობდა.


1934 წელს შეეძინათ ქალიშვილი - ჩუქურთმა. როგორც ცნობილია, დიდ მხატვარს ლექსიკონი გადაუშლია და ბრმად დაუდია თითი სიტყვაზე, რომელიც ჩუქურთმა აღმოჩნდა. ასე შეურჩია ქალიშვილს სახელი.
ჩუქურთმა ოპერის რეჟისორისა და ქორეოგრაფის, გურამ მელივას ცოლი გახლდათ. ჰყავთ ქალიშვილი ანანო მელივა.
ღვაწლმოსილ ბალერინას "ზმნასთან" მაკა მახარაძე იხსენებს.
მაკა მახარაძე: არაჩვეულებრივი ქალი იყო. უმცროსთან უმცროსი იყო, უფროსთან - უფროსი. უმცროს თაობას როგორ დაგვხვდა თეატრში, გაგებით, თბილად.
როგორი კარგი იყო ჩუქა. "ჩუქიოს" ეძახდა მეუღლე და ჩვენც ავითვისეთ. მეუღლესთან დიდი სიყვარული ჰქონდა. გურამ მელივამ და ჩუქამ ბევრი გაქცევა-დამალვა გადაიტანეს. მალე ერთად იქნებიან...

ფოტო: ჩუქურთმა გუდიაშვილი , იური გრიგოროვიჩი, მეუღლე - გურამ მელივა.
ასეთი მამის შვილი, თავაწეული არასდროს ყოფილა. ჭეშმარიტი ხელოვანი იყო. ბალერინა იყო, მაგრამ სპექტაკლებისთვის კოსტიუმების ესკიზებს ქმნიდა. მნიშვნელოვანი ფიგურა იყო. ჩვენ "ოქროს გოგოს" ვეძახდით. ყველანაირად ოქროს ადამიანი იყო.
დიდი სიყვარულის მატარებელი გახლდათ. ეს ყველას არ შეუძლია. სამაგალითო იყო.
ჯანმრთელობის პრობლემა არ ჰქონია. უცებ წნევა დაუვარდა, კლინიკაში წაიყვანეს და იქვე დალია სული.
27 მაისს აქვს დაბადების დღე. ეს დღე ძალიან უყვარდა და ყოველთვის აღნიშნავდა. მაისში 92 წლის გახდებოდა...
ძალიან გული დაგვწყვიტა ყველას.
***
პანაშვიდი 28 და 29 აპრილს 17:00 სთ.
გამოსვენება 30 აპრილს 14:00 სთ.
მისამართი:
ლადო გუდიაშვილის ქ.11
04/28/2026