საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
აშშ-ის მონტგომერის ფედერალური კლინიკის ანესთეზიოლოგია-რეანიმაციისა და ქირურგიის დეპარტამენტების ხელმძღვანელი, მისისიპისა და ლუიზიანის უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ გურული გამომწერებს სოციალური ქსელის საშუალებით მიმართავს და აფრთხილებს, რომ ვიდეო, რომელიც მისის სახელით ვრცელდება და გარკვეული მედიკამენტების რეკლამას შეიცავს, ხელოვნური ინტელექტის მიერაა შექმნილი და არაავთენტურია.
„პატივცემულო საზოგადოებავ! მე, ზურაბ გურული, არ ვუკეთებ რეკლამას არანაირ წამალს საქართველოში (არც ამერიკაში)!
ყველა ის სარეკლამო ვიდეო-რგოლი, სადაც თითქოს ჩემს მიერ კეთდება პროსტატის, დიაბეტის, სახსრების, და ათასი სხვა უბედურების სამკურნალო საშუალებების რეკლამა, არის ყალბი!!!
ეს ვიდეო-რგოლები შექმნილია ჩემი ძველი ინტერვიუების გადაკეთებით, ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით და ჩემს გამოსახულებას ალაპარაკებენ ათასნაირ დაუჯერებელ სიბრიყვეს რაღაც უებარ "წამლებზე". უკვე რამდენჯერმე დავდე ინფორმაცია ამის შესახებ ფეისბუქზე, მაგრამ არ წყდება წერილები ჩემს პირად ფოსტაში. ასობით ადამიანი მთხოვს განმარტებას და იმედგაცრუებული ჩივის, რომ ასობით ლარი გადაიხადეს ამ "წამლებში" და შვება ვერ იგრძნეს.

ქართულ მედია-საშუალებებს ეს პრობლემა არ აინტერესებს. არადა, ასობით პენსიონერია უკვე დაზარალებული და გაბრიყვებული. გავრცელებული აზრი, რომ ასეთ ნაყალბევს ბევრი არ წამოეგება, არის ძალიან მცდარი,“ წერს ექიმი და შესაბამის სამსახურებს მიმართავს დაეხმარონ ყალბი ვიდეოების გამავრცელებელთა მოძიებაში.
ზურაბ გურული აქვეყნებს იმ ტელეფონის ნომერსაც, რომლიდანაც მოტყუებულ ადამიანებს უკავშირდებიან და ქართველ ჟურნალისტებს სთხოვს დახმარებას.
„დაზარალებულთა მეშვეობით მოვიპოვე ამ ნაძირალათა ჯგუფის ერთ-ერთი ნომერი, რომელზეც უკავშირდებიან გაბრიყვებულ ადამიანებს. ვინაიდან საქართველოს შსს ბევრად უფრო "მნიშვნელოვანი" საქმეებითაა დაკავებული, იქნებ რომელიმე ტელევიზიის ჟურნალისტებმა მაინც გამოიძიონ ეს პოტენციურად უაღრესად საშიში თაღლითობა და დაეხმარონ უმწეო ადამიანებს.
ეს პრაქტიკა თუ არ ამოიშანთა, ვიღაცის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას შეიწირავს; ისევე როგორც ვაშლის ძმრის, წყალბადის ზეჟანგის თუ ათასი სხვა უბედურების ყლურწვა ვიღაც ჭკუასუსტი შარლატანების რჩევით. მიხედეთ, გთხოვთ!
P.S. ვინმემ აქ არ დამიწეროს, მაგას ყველას უკეთებენ და რა პრობლემააო, თორემ სერიოზულად შემომელანძღება. მე პატივს ვცემ საკუთარ სახელს და პროფესიულ სინდისს. გმადლობთ!“ - წერს ექიმი.
12/11/2025