კულტურა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
გურამ დოჩანაშვილი 87 წლის გახდებოდა... მეხუთე წელია 26 მარტმა მის გარეშე ჩაიარა, უჩუმრად. თუმცა ხმაური სიცოცხლეშიც არ ჰყვარებია... 2021 წლის 26 მარტს, თავის დაბადების დღეზე, უკვე კლინიკაში იყო. თავს შეუძლოდ გრძნობდა... ერთ-ერთი ბოლო სატელეფონო საუბარი უწმინდესთან ჰქონია... რამდენიმე დღეში, 3 აპრილს აღესრულა და კეთილი ღიმილით მარადისობაში, ვაჟთან წავიდა...
პანთეონები და პომპეზურობა არასდროს ჰყვარებია. ამიტომ ანდერძის თანახმად, შვილის - 22 წლის ირაკლის გვერდით დაიკრძალა, რომლის გარდაცვალებამ მისი სიცოცხლე გააფერმკრთალა. კლასიკოსმა დიდი ტკივილი, მთელი ცხოვრება ჩუმად ატარა.
ირაკლი დოჩანაშვილი 1990 წელს ტრაგიკულად გარდაიცვალა. მეგობრებთან ერთად აგარაკზე იყო, მოაჯირზე იჯდა და აივნიდან გადავარდა… ამ დიდი ტრაგედიის შემდეგ დიდი ხანი ვეღარ აგრძელებდა წერას. ხელი ჰქონდა ჩაქნეული.
ამ მოვლენამ ყველაზე მძიმე დარტყმა მიაყენა მწერალს, სრულად შეიცვალა როგორც მისი ცხოვრება, ასევე მწერლობაც. უმძიმესი დღეების გადატანაში სასულიერო პირები და ახლო მეგობრები დაეხმარნენ, რამაც ეკლესიასთან, ღმერთთან დააახლოვა. გადარჩენასა და აღმსარებლის ცხოვრების დაწყებას, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს უმადლოდა.

თავისი ცხოვრების უკანასკნელი წლები გურამ დოჩანაშვილმა სამების საკათედრო ტაძრის ლავრაში გაატარა, სადაც ბოლო ორი წელი მეუღლესთან ერთად იცხოვრა.
სამების ეზოში, უწმინდესმა, ღვაწლმოსილ ადამიანებს ლავრები გამოუყო, სადაც ისინი ცხოვრობდნენ და საჭიროებისამებრ, მკურნალობდნენ.
ედმონდ მინაშვილი, მსახიობი: ბატონმა რეზო ჩხეიძემ ფეხი რომ მოიტეხა, სარეაბილიტაციო პერიოდს იქ გადიოდა. მივედი და მოვინახულე. კარგად რომ ვისაუბრეთ, მითხრა: ჩემს გვერდით ლავრაში გურამ დოჩანაშვილი ცხოვრობს, გადავიდეთ, მოვინახულოთო. შევედით და წარუდგინა ჩემი თავი, ჩემი მოსწავლე - მსახიობი ედმონდიო.
ბატონმა გურამმა უთხრა: დღეს ძალიან ბედნიერი ვარ. ორი კვირაა გაჩერებული ვიყავი, წერას ვერ ვაგრძელებდი. ღვთისმშობელი რაღაცისთვის უნდა შემედარებინა და ვერაფერს ვადარებდი; მზე, მთვარე, ყველაფერი მებანალურა. დღეს დილით კი, მომივიდა იდეა და წერაც გავაგრძელეო, თქვა. რას შეადარეო, ჰკითხა ბატონმა რეზომ. დავწერე – "ღვთისმშობელი ლამაზი, როგორც თვითონ". ეს ფრაზა შევიდა მის ნაწარმოებში "ბრმად ყოფილი და…" ამის აღსანიშნავად შავი ღვინის ბოთლი გახსნა, შეივსო სამი ჭიქა და ასე დაიწყო ჩვენი მეგობრობაც…

კლასიკოსმა პანდემიის პერიოდი აგარაკზე, მუხაწყაროში გაატარა... კვირაობით მასთან მოძღვარი, არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი მიდიოდა, რომელიც აღსარებას იბარებდა და მწერალს აზიარებდა. როგორც სასულიერო პირი ამბობს, ძალზე ჰუმანური მწერალი, თავის მოძღვარს სახლში მეზობლებს ახვედრებდა, რომ მათაც მისცემოდათ ზიარების საშუალება...
არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი: ძალიან ძვირფასი იყო ბატონ გურამთან ერთად გავლილი პერიოდი. დაახლოებით ცხრა-ათი წელი, როდესაც ის სამების ლავრაში ცხოვრობდა. საოცარი დრო იყო. წარმოიდგინეთ, ორი გვერდიგვერდ ოთახი, სადაც ერთში - რეზო ჩხეიძე ცხოვრობს, მეორეში - გურამ დოჩანაშვილი. ამ ადამიანებთან ყოველდღიური ურთიერთობა და მეზობლობა მართლა საოცრება იყო.
იქ კი გავიცანი, მაგრამ მერე ჩვენ ყოველდღიური ურთიერთობა გავაგრძელეთ. ჯერ ხომ ამ მასშტაბის ადამიანი იყო და შემდეგ, ოჯახის წევრად და პაპად მიმაჩნდა. შინაურულად ვგრძნობდი მასთან თავს. დიდი სიყვარული მაკავშირებდა.

ბევრი რამის სწავლა შეიძლებოდა მისგან. რა ჩარჩა ჩემში და... ძალიან დიდი სიკეთე. მუდამ სხვებზე ფიქრობდა. როგორც მწერალიც, როგორ მიიღებდა მის ნაწარმოებს მკითხველი და შემდეგ, ფიქრი მოყვასზე. ყოველთვიურად ჰონორარის 90 პროცენტს და ზოგჯერ, ასსაც გაჭირვებულ ადამიანებს ურიგებდა. ჰყავდა გამორჩეული ოჯახები, მეგობრის თუ გარდაცვლილი მეგობრის ოჯახები და ცდილობდა ყოველთვიურად დახმარებოდა. განიცდიდა, დახმარებას თუ ვერ ახერხებდა.
ღრმად მორწმუნე ქრისტიანი იყო. დილის ექვსი საათიდან იწყებდა ლოცვას. იხსენიებდა ყველას, ცოცხლებს და მიცვალებულებს.
დიდი ბავშვი იყო, მორიდებული და მორცხვი. სიყვარულს რომ გამოხატავდნენ ადამიანები, იბადრებოდა, მორიდებული და მორცხვი ხდებოდა. იყო გულწრფელი. თავის ნაწარმოებებს თავის დამსახურებად არ მიიჩნევდა. ამბობდა კიდეც, თუკი რაიმე მოგწონთ ჩემს ნაწარმოებში, ღმერთის დაწერილია, და თუკი რამე არ მოგწონთ, მე დავწერეო. ყველაფერს ღმერთთან აკავშირებდა.

პანდემია რომ დაიწყო, ტაძარში ვერ მოდიოდა, აგარაკზე მუხაწყაროში გადავიდა მეუღლესთან ერთად. ცხოვრობდა ძალიან უბრალო სახლში. კვირა არ გავიდოდა, რომ მათთან არ ავსულიყავი, აღსარება არ ეთქვა და არ ზიარებულიყო.
საოცარი რა იყო იცით, მის ირგვლივ მცხოვრებ მეზობლებსაც ეძახდა, ვინც ავად იყო, რაღაც პრობლემა ჰქონდათ, მამაო მოდის, აღსარება თქვით და ეზიარეთო... ზოგს სახლიც ვუკურთხე. მასთან მხვდებოდნენ მისი მეზობლებიც, ვიბარებდი აღსარებას და ვაზიარებდი. ერთგვარი მისიონერიც იყო.
ერთი მისი მეზობელი, ირაკლი ქართველიშვილიც ხშირად ეზიარებოდა და სხვათა შორის, ორი კვირის შუალედით, ერთ პერიოდში გარდაიცვალნენ ბატონი გურამი და ბატონი ირაკლი.
ბოლო წიგნი, თავისი ტრილოგია, მუხაწყაროში დაასრულა... წმინდა მამებზე რაიმე თუ აინტერესებდა, სახარებისეული ტერმინები და განმარტებები თუ სჭირდებოდა, მთხოვდა, აბა, შენს ჯადოსნურ ტელეფონში ნახეო.
ხვდებოდა მკითხველს, ახალგაზრდობას ეცნობოდა - სამეგრელოში, აჭარაში, კახეთში. ყველას უხაროდა ბატონ გურამთან შეხვედრა. მე მძღოლი ვიყავი (იცინის). ერთად დავდიოდით.

თავის ტრაგედიაზე არ საუბრობდა. აგვისტოში, როდესაც მისი შვილის გარდაცვალების პერიოდი მოახლოვდებოდა, იკეტებოდა და თავის დარდში იყო, ნაკლებად კონტაქტობდა. "სამოსელი პირველი" სახარებისეულია, ღვთისგან შორს არც არის, თუმცა ეკლესიურობა და მაზიარებლობა, განსაცდელის შემდეგ დაიწყო.
ქალბატონი ნათელა და ბატონი გურამი განუყრელი მეგობრები იყვნენ. ქორწინების 50 წლის იუბილეზე, ჯვარი სამების საკათედრო ტაძარში მამა ელისემ დაწერათ.
ჰქონდა განსაკუთრებული იუმორი, ყველაფერზე ხუმრობდა.
ბოლოს, კლინიკაში ჭამაც შეწყვიტა. ტელეფონზე ვასაუბრე უწმინდესთან. იქნებ დაუჯეროს და რამე მიიღოს-მეთქი. გაამხნევა უწმინდესმა. რამდენიმე დღეში გულის უკმარისობით გარდაიცვალა კიდეც...
ეპოქალური ადამიანი იყო.
მართლა ბევრი რამის სწავლა შეიძლებოდა მისგან. ღმერთმა ქნას, ცოტა რამ ამეთვისებინა მისგან.
03/26/2026