საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
მამა გურამ ოთხოზორია ცნობილია თავისი გულწრფელობითა და გახსნილობით. ის ყველგან სასურველი რესპონდენტია. "პირველ სტუდიაში" სტუმრობისას, სასულიერო პირმა ძალზედ დეტალურად გაიხსენა თავისი პირველი, ძლიერი სიყვარულის ისტორია...
მამა გურამ ოთხოზორია: ისტორია პირველ სიყვარულზე, რომელმაც მისი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა.
ვინ იყო გოგონა, რომელსაც მომავალი მოძღვარი უნივერსიტეტის დერეფნებში ლანდივით დაჰყვებოდა, რატომ ჩათვალა მან საკუთარი თავი მიუწვდომელ სამყაროში შეჭრილ „გლეხის ბიჭად“ და როგორ დამთავრდა ეს ისტორია ფსიქიატრიულ კლინიკაში?
გთავაზობთ მამა გურამის პირად აღსარებას, რომელიც საოცრად დრამატული და საინტერესოა.
„რადგან იმ ქალბატონმაც იცის ეს და ერთადაც გვისაუბრია, დასამალი არაფერია. მალე ჩემი ლექსების კრებულიც გამოვა და იქიდანაც გამოჩნდება, ვინ იყო ის გოგო. ვფიქრობ, საზოგადოებისთვისაც საინტერესო იქნება, ამიტომ გავაჟღერებ მის სახელს - ეს იყო ტიციან ტაბიძის შვილიშვილი, ნინო.
ტიციანს ერთი ქალიშვილი ჰყავდა, ნიტა, რომელმაც შვილს ბებიის, ნინო მაყაშვილის სახელი დაარქვა.
მე ბავშვობიდან ვგიჟდებოდი ტიციანზე, ჩემი კერპი იყო. ნინო მისი შვილიშვილი რომ გახლდათ, თავიდან არ ვიცოდი. პირველად რომ ვნახე, მეათე კლასში იყო და მისი დანახვისას ნამდვილი შოკი მივიღე. მერე უნივერსიტეტში ჩაირიცხა და იქაც ვხედავდი.
როცა გავიგე, ტიციანის შვილიშვილი ყოფილა, წარმოიდგინეთ, რა დამემართებოდა... მე უბრალო გლეხის ბიჭი ვიყავი, სად შევდგი ფეხი? ეს სამყარო ჩემთვის სრულიად მიუწვდომელი ჩანდა. მაგრამ მე ყოველთვის მიყვარდა მიუწვდომელი სამყაროები...
თავიდან ეს გოგო ისეთი შორეული იყო, ახლოს მისვლას ვერ ვბედავდი, მხოლოდ შორიდან ვუყურებდი, არადა მასზე ყველაფერი ვიცოდი... გოგებაშვილის ქუჩაზე, მწერალთა სახლში ცხოვრობდა. ყოველდღე ვგეგმავდი მასთან გასაუბრებას, მაგრამ ვერაფერს ვეუბნებოდი, გამბედაობა არ მყოფნიდა.
ნინომ შეამჩნია, რომ სადაც კი მიდიოდა, ყველგან მე ვხვდებოდი. ჰოდა, სამი ბიჭი გამომიგზავნა - ვიღაც ყაჩაღი დამდევს და მომაშორეთო. მერე ვუთხარი: გოგო, როგორი თვალებით გიყურებდი, ვერ ხედავდი? რა ყაჩაღი-მეთქი...
მეორე დღეს ნინო თავად დამხვდა უნივერსიტეტთან. მომიახლოვდა, გამომელაპარაკა და სახლში დამპატიჟა - დედიკომ თქვა, ჩვენთან მოვიდესო.
თუმცა, ამ ამბავს მოულოდნელი დასასრული ჰქონდა. ერთ დღეს მითხრა: „გურამ, მე ის არ ვარ, ვინც შენ გიყვარს. შენ სულ სხვა ვიღაც გიყვარს, მე ვერ მოგცემ მაგ სიყვარულს, ასე ვერც შენ იქნები ბედნიერი და ვერც მეო“. მიხვდა, რომ მე ქალში დიდ, აბსოლუტურ სიყვარულს ვეძებდი და ეს გრძნობა მასში მოვაქციე. მე ეს ყველაფერი გაცილებით გვიან გავაცნობიერე, როცა ქრისტე ვირწმუნე.
მხოლოდ მაშინ მივხვდი, რომ ეს არ იყო ნორმალური სიყვარული და ნორმალური დამოკიდებულება. როცა მის სახლში მივდიოდი და მასთან ახლოს აღმოვჩნდებოდი, უცნაური განხიბვლა მემართებოდა და იქიდან გავრბოდი. არანორმალური იყო ეს განცდა, მანაც შეამჩნია და შეეშინდა. რაღაც მიზიდავდა და როგორც კი მისაწვდომი ხდებოდა, უკვე აღარ მინდოდა. სასწაული იყო.
არანორმალური იყო ეს სიყვარული ტრაგიკულად დამთავრდა და არ მეშინია ამის თქმა... ამ ყველაფრის შემდეგ ფსიქიატრიულ კლინიკაში მოვხვდი, ავლიპ ზურაბიშვილთან. და ის ორი თვე მიკვლევდა მე, როგორც სიყვარულისგან და ღმერთისგან გაგიჟებულს. რეაქტიური ფსიქოზი დამიდგინეს. კვლევის ობიექტი ვიყავი.
ნინომ რომ უარი მითხრა, ჩემთვის სამყარო დაიკარგა. მაშინ რწმენა არ მქონდა და არ ვიცოდი, სად წავსულიყავი. ღამის პირველი საათი იყო, დაბადების დღე ჰქონდა, მის სადარბაზოსთან დავდექი და ვუთხარი ყველაფერი. ისეთი უარი მითხრა, გამოსავალი არ დამიტოვა...
მახსოვს, მეგობართან შევედი სახლში, ნინოს სახლთან ახლოს, ფირსაკრავზე ბუბა კიკაბიძის ფირფიტა დავდე და სამყარო აფეთქდა! არ ვიცოდი, რა მჭირდა.
ხუთი დღე ექსტაზში ვიყავი. ჩემთვის ეს ნეტარება იყო, მაგრამ გარედან ეს უცნაურად ჩანდა. მასთან სახლში მივედი, არაადეკვატურად ვიქცეოდი. ნინოს მამა, ალექსანდრე ანდრიაძე, პროფესორი იყო და მიხვდა, მკურნალობა რომ მჭირდებოდა.
დღეს მსგავს მდგომარეობაში რომ ვხედავ ადამიანს, მიადვილდება მისი დახმარება. მე ასეთ დროს მათში შევდივარ და ისინი ამ მდგომარეობიდან ჩემთან ერთად გამოდიან.
ნინოს მერე ჩემთვის ყველაფერი სულერთი იყო. არ ვიცოდი, ცხოვრება როგორ გამეგრძელებინა.

ერთხელ გულგატეხილი მოვდივარ და ნატოს სახელმა, რომელსაც შორიდან ვიცნობდი და ვიცოდი, რომ ბიბლიოთეკაში მუშაობდა, უცებ ვიგრძენი, რომ ამავსო. სახლში მისული მუხლებზე ტირილით დავემხე: ღმერთო, თუ ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ-მეთქი და... გავიქეცი, ბიბლიოთეკის დაკეტვამდე მივუსწარი. დაველაპარაკე და გაოგნებული მისმენდა... მისი და ჩემი შინაგანი მდგომარეობა დაემთხვა და მე და ნატომ ორ კვირაში ვიქორწინეთ.
17 დეკემბერს, ჩემს დაბადების დღეს, მქონდა ქორწილი და ნინოც იმ დღეს გათხოვდა. ნინომ ვაჟს გურამი დაარქვა, ოღონდ ჩემს გამო არა, გურამ ასათიანის რძალია და შვილს ბაბუის სახელი დაარქვა...
დღეს ახლო ურთიერთობა გვაქვს. ერთმანეთთან მივდივართ და მოვდივართ.
07/16/2026