Logo

საზოგადოება

"ბაბო! მაპატიე, რომ შენს გვერდით ვერ ვიყავი მაშინ" - ნინო ბაშარულის ემოციური ისტორია

"ბაბო! მაპატიე, რომ შენს გვერდით ვერ ვიყავი მაშინ" - ნინო ბაშარულის ემოციური ისტორია

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ნინო ბაშარული ფეისბუქზე ბებოს ემოციური პოსტით იხსენებს. ტკბილხმიანი მომღერალი გარდაცვლილ სისხლსა და ხორცს ებოდიშება, რომ გარდაცვალების დროს, მის სასთუმალთან არ იჯდა...

ნინო ბაშარული: ძალიან რომ მომენატრება ხოლმე ბებიაჩემი, მის ძველმოდურ, რუშებიან ღამის პერანგს ჩავიცვამ და მგონია, თითქოს ბებია ვარ...მასსავით ამაყად ვიმზირები და მიჭირავს თავი, წელზე დოინჯს შემოვიკრავ და საკუთარ ძალებში დარწმუნებულს, მგონია მთებს გადავდგამ!
როცა ძალიან გამიჭირდება ხოლმე, ბებიაჩემის თავშალს გამოვიღებ კარადიდან და ვეფერები: -ბაბო, ბაბო, შენ რომ მსგავს მდგომარეობაში ყოფილიყავი ახლა, ნეტავ, რას მოიმოქმედებდი, ღირსეულ ნაბიჯებს საითკენ გადადგამდი?

ბებო სამყაროს დედა მეგონა, იზიდაც ეგ იყო, ათენაც, კალიც და ლაქშმიც…

დღის განმავლობაში ასწრებდა შეუძლებელს! დილიდან კოხტად გამოწყობას, სახლის დალაგებას, საჭმლის მომზადებას, პირველი, მეორე, მესამე... შვილიშვილების მოფერებას, სკოლაში გაცილებას, სარეცხის გარეცხვა-დაუთოებას, ისე, რომ ერთ ნაკეცს არ ტოვებდა, ოთარაანთ ქვრივივით საყვედურის თქმას ზოგიერთ უსაქმურზე, ხოდა ბაბო რანაირად ასწრებ ყველაფერს? და რატომ? - ვეკითხებოდი ხოლმე…

ნინო ბაშარული

ეს მეორე კითხვა უფრო მტანჯავდა. რატომ იყო აუცილებლობა ბაბოს ამდენი რამ ეკეთებინა და რატომ არ შეეძლო უბრალოდ დაესვენა, ან ბუნებაში ესეირნა ჩემთან ერთად და ესაუბრა თავის პირად მითოლოგიაზე? მაგრამ ჩვენი დროის ბაბოები ამით არიან ჯადოსნურები…

დედოფალივით მზრდიდა. როგორ ვუყვარდი.

მენატრებოდა, რომ სახლში მტვერი დამენახა. მინდოდა, რომ ბებოს ერთხელ მაინც სკოლიდან მოსულს საჭმელი არ დაეხვედრებინა მაგიდაზე, რომ ჩვეულებრივ გოგოდ მეგრძნო თავი. მე მომემზადებინა…
მინდოდა, რომ ხანდახან დაუვარცხნელ-დაუბანელი წავსულიყავი სკოლაში, ცოტა დალაქავებული თეთრი პერანგით, რომ მგონებოდა საკუთარი თავი სხვებივით უბრალო, ჩვეულებრივი. )

ავად როცა ვხდებოდი და ეს ხშირად ხდებოდა, ის ჩემს სასთუმალთან პეპელასავით აცეკვდებოდა, რომ მე გამცინებოდა, როგორია, როდესაც ხედავ მრგვალ, ძალიან მრგვალ, ფუმფულა არსებას ბალერინას პოზაში. ))
ერთხელ ტუბერკულიოზის ჩხირზე ჰქონდათ ეჭვი, დასათესად ხუდადოვზე გაგვიშვეს, აღმართზე დავიღალე და ჩამოვჯექი და ბაბომ ამიტატა და ზურგზე შემისვა.

როცა მოვხუცდები, და, ბაბოსავით, თუ გასვლის ჟამს ჩემს გვერდით არავინ იყო, არც შვილი, არც შვილიშვილი, არავინ, ვინც წყალს დამალევინებს, მომეფერება, შუბლზე მაკოცებს, თვალებში ჩამხედავს და მეტყვის : " ნუ გეშინია"... "მე შენთან ვარ"...

ნინო ბაშარული


მე მაინც ვლოცავ ჩემს მონაგარს, ისე ძარღვიანად, ბაბო როგორც ილოცებოდა, ვლოცავ ჩემს მზევარსკვლავა მემკვიდრეობას, ჩემს გაგრძელებებს, რომ დაე, მათი შვილების და შვილიშვილების ტკბილი ხელებით დახუჭოს თვალები ყველა ბებიამ და მშობელმა!

ბაბო! მაპატიე, რომ შენს გვერდით ვერ ვიყავი მაშინ…

ავტორი: ზმნა

08/28/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024