Logo

კულტურა

"ბალეტმესტერმა დასის სოლისტებს მოსთხოვა, მინდა თქვენც გიორგის მსგავსად იცეკვოთო" - რა დაპირისპირება მოჰყვა ამ განცხადებას ჰოლანდიის თეატრში

"ბალეტმესტერმა დასის სოლისტებს მოსთხოვა, მინდა თქვენც გიორგის მსგავსად იცეკვოთო" - რა დაპირისპირება მოჰყვა ამ განცხადებას ჰოლანდიის თეატრში

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ჰოლანდიის ნაციონალური ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი რომ გიორგი ფოცხიშვილია, მის მშობლებთან ერთად, ყველა მის თანამემამულეს აბედნიერებს.

შრომისმოყვარეობა, ქორეოგრაფიული გენი და ჰუმანური ტიპაჟი მისი ოჯახიდან იღებს სათავეს. ასეა, ნაყოფი მისსავე ხის ქვეშ ეცემა.

კიდევ უფრო ამაღელვებელია ის, რომ ბალეტმეისტერი დასის წევრებს უცხადებს, მინდა ყველამ გიორგის მსაგვსად იცეკვოთო. დიდი სიმტკიცეა საჭირო, რომ ეს წარმატება დაიტიო და პიროვნულად არ გაგაფუჭოს. ამაზე კი გიორგის მშობლები მუშაობენ.

ცოტა რამ წარმატებული ბალეტის ქართველი მსახიობის მშობლებზე. დედა - მაია კიკნაძე, ჭაბუკიანის სასწავლებლის დასრულების შემდეგ ოპერისა და ბალეტის თეატრში, გოგი ალექსიძესთან გადავიდა საცეკვაოდ. შემდეგ კი, ქართული ცეკვით დაინტერესებული, მეგობარმა ფოცხიშვილების ანსამბლში მიიყვანა. ანსამბლი ახალ მიმართულებას იწყებდა.

გელა ფოცხიშვილი

ამასობაში მაია და ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელის, გელოდი ფოცხიშვილის ვაჟი, გელა დაქორწინდნენ და ქართული ცეკვისა და კლასიკური ბალეტის სინთეზის შექმნას ერთად შეუდგნენ.

გელა ფოცხიშვილი

მამა - გელა ფოცხიშვილი, მამის კვალს გაჰყვა და უკვე ათეული წლებია ახალგაზრდობას ქართულ ცეკვას (და არა მხოლოდ) ასწავლის.

სამეფო ნაციონალურ ბალეტს დღეს რამდენიმე პროგრამა აქვს, მათ შორის „საქართველოს ცეცხლი“, რომლითაც გასტროლებზე დადიან. გარდა ამისა, მაყურებლის წინაშე, მსოფლიოს ხალხთა ცეკვებითაც წარსდგებიან ხოლმე.

იცით, გელა ფოცხიშვილმა "ზმნას" ვრცელი ინტერვიუ მისცა, ესეც ინტერვიუს მეორე ნაწილი.

გელა ფოცხიშვილი: გიორგი ორი წლიდან ცეკვავს. კულისებში გაიზარდა. ცეკვას უყურებდა და ასეთი რამ ბავშვში ილექება. იმაში, გიორგი რომ დღეს წარმატებული მოცეკვავეა, უმთავრესი გენეტიკაა - სამი თაობის გენეტიკა. მუსიკას გრძნობდა ორი წლიდან, დოლზე უკრავდა. არც ჩვენ დაგვიძალებია და არც თვითონ იცოდა, მომავალში იცეკვებდა თუ რას იზამდა, ეს „ზემოთ“ იყო გადაწყვეტილი...

გიორგი ფოცხიშვილი

გიომ რომ კლასიკურ ბალეტში თავი დაიმკვიდრა, ამის საფუძვლები ჩვენი ანსამბლიდან მოდის. ჩვენ დავტოვეთ ზედა ტანი ქართული (ჩვენი ცეკვებიდან) და ქვედა კიდურები კლასიკური და ეს აიტაცა მსოფლიომ. თურმე, მოწყურებული ყოფილან, რომ სცენაზე ჰეროიკული მსახიობი იხილონ. ვხუმრობ ხოლმე, მსოფლიოს "ვატყუებთ"-მეთქი. მაინც ქართული სული, ქართული მოძრაობები და ნახტომის სიმაღლე აქვს გიოს. ფრანგული და იტალიური ბალეტი სულ სხვანაირია. ისინი აცხადებენ, რომ "პრინცები" არიან.

გიორგი ფოცხიშვილი

იყო ასეთი პრეცენდენტი, ბალეტმესტერმა დასის სოლისტებს მოსთხოვა, მინდა თქვენც გიორგის მსგავსად იცეკვოთო. ისინი გაიფიცნენ თუ გააპროტესტეს, ისეთ რამეს ნუ გვთხოვთ, რასაც ვერ გავაკეთებთ, ჩვენ "პრინცები" ვართ და სხვანაირი საცეკვაო მენტალობით აღვიზარდეთო. გიორგის ცეკვა მათგან განხვავებული ამიტომაც არის. ბალეტის კრიტიკოსებიც ამას აღნიშნავენ, გიორგი ცეკვავს სხვანაირად.

გიორგი ფოცხიშვილი

- როდის გაიფიცნენ ბალეტის მსახიობები?

- ეს იყო იმ დროს, დიდი ბალეტმეისტერების დადგმების აღდგენა რომ დაიწყეს თეატრში და გიორგიმ მთავარი პარტიების ცეკვა რომ დაიწყო.

- ანუ მტრებიც გამოუჩნდნენ.

- მთლად ვერ უმტრეს. ცხოვრებაა, ვიღაცას მოსწონხარ, ვიღაცას არ უნდა, რომ რაღაც ისე შეიცვალოს, რასაც თვითონ ვერ გააკეთებს. ცეკვა სამუზეუმო ექსპონატი არ არის, ეს განვითარებადი პროფესიაა.

გიორგის უფლებას არ ვაძლევთ ნეგატიურ რაღაცებზე დაკარგოს დრო და ენერგია. მობილიზებული და ჩვენს მიერ დატრენინგებულია. ვამზადებთ, რომ კონფლიქტებში არ შევიდეს.

გიორგი ფოცხიშვილი

სხვათა შორის, უნივერსიტეტის გამოსაშვებზე, უნდა ეცეკვა მთავარი პარტია, მაგრამ ბოლო წამს გაახდევინეს კოსტიუმი და აცეკვეს იაპონელი. მას შემდეგ ეს იაპონელი საერთოდ დაიკარგა.

გიომ მომწერა, სამწუხაროდ, მთავარ პარტიას არ ვცეკვავო. დიდი თეატრების შიდა პოლიტიკაა, რომელიც ცოტა წნეხს გიკეთებს. ჩვენ ვუთხარით, ჩვენ შენი ბუჩქის როლიც მოგვწონს, ჩამოვედით და გვახარებს, გააკეთე, რაც უნდა გააკეთო. მეორე აქტში კი იცეკვა მთავარი პარტია. მაგრამ მერე, იმ ბალეტმეისტერმა, პერსონალურად გიორგისთვის სპექტაკლი დადგა, ხელები აწია და აღიარა, რომ მაშინ არასწორად მოიქცა.

გიორგი ფოცხიშვილი

სხვათა შორის, მეორე შვილი, 18 წლის ნიკუშაც მიჰყვება ამ გზას. ამსტერდამში ამთავრებს თეატრის და ცეკვის უნივერსიტეტს. გიოსაც ეს უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული.

სამმა ბალეტმეისტერმა ერთიდაიგივე რამ თქვა, როგორც გიორგი ცეკვავს, ზუსტად ეს ჩანაფიქრი გვქონდა 50-60 წლის წინ, როცა პირველად დავდგით სპექტაკლიო. ასე რომ, გიომ მათ ოცნება აუსრულა.

- თვლიან, რომ გიორგი ფოცხიშვილი ჭაბუკიანის გაგრძელებაა...

- ეს ადამიანები ყველა ინდივიდები არიან გალაკტიკაში. ერთეულები იყვნენ ბალანჩინი, ჭაბუკიანი, რომლებიც სამყაროს მოევლინენ. ყველას თავისი გზა აქვს. ჩვენ გვიხარია, რომ ჭაბუკიანის შემდეგ, ჩაჩუმებული გზისა და წყვეტის შემდეგ, ამოვიდა ეს კვირტი. ადარებენ, მაგრამ სხვადასხვა დროა. ჭაბუკიანი მე-19-მე-20 საუკუნის დასაწყისის მოცეკვავეა და ეს 21-ე საუკუნეა. მაგრამ ის "დრაივი", რაც ვახტანგ ჭაბუკიანს ჰქონდა, გიორგის მოაქვს. ემოცია და გაგრძელება ქართულ სულისკვეთებაშია.

გიორგი ფოცხიშვილი

ეს არის დაუღალავი შრომა. მოდიან თაობები. უნდა იყო ფიზიკურ ფორმაში, სხეულის კუნთოვანი მასა უნდა გქონდეს აწყობილი, პლუს ამას - ქარიზმა, არტისტიზმი, ტალანტი, რასაც ღმერთი გაძლევს. შრომის გარეშე არ გამოდის. უნდა იცოდე, რომ როგორ მისცე მიმართულება. ჩვენ შევძელით მისთვის ისეთი მიმართულების მიცემა, რომ ასეთი ჭექა-ქუხილი გამოეწვია. ძალიან გახარებულები ვართ.

გიორგი ფოცხიშვილი

ავტორი: თამარ გონგაძე

03/09/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024