რელიგია

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა...
უწმინდესი მარადისობას 17 მარტს შეურთდა. დღეები, როდესაც ერი თავის პატრიარქს ემშვიდობებოდა, მართლა არ ჰგავდა ჩვეულებრივ დღეებს. 93 წლის სულიერი წინამძღოლი, საუკუნო განსასვენებლამდე, 24 საათიანმა ხალხის მდინარემ მიაცილა.
ხალხს, ვინც სამებისკენ მიმავალ გზას ადგა, თავადვე უკვირდა იმ სიმშვიდის, რაც ამ აურაცხელი ადამიანების ერთობლიობაში იყო. არ ტიროდნენ ბავშვები, არავინ წუწუნებდა, არ ცდილობდნენ ერთმანეთზე გადასწრებას... მადლის გამჭვირვალებაში გახვეული ქართველები თავის პატრიარქს ემშვიდობებოდნენ...

საპატრიარქოში, უწმინდესის გარემოცვაში მოფუსფუსე მონაზვნები, დიდი მოწიწებითა და სიყვარულით ზრუნავდნენ მხრცოვან სულიერ მწყემსზე.
პატრიარქის ინგუშმა შვილობილმა "ზმნასთან" ინტერვიუში სითბოთი გაიხსენა დედები.

ამინ შადიჟევი: ისე მზრუნველად ექცეოდნენ მონაზვნები, უთბილესი დედები. პურს პატარა ლუკმებად უჭრიდნენ, ზედ კარაქს და ხიზილალას უსვამდნენ და თვალებში უყურებდნენ. ისე ლამაზად ამზადებდნენ ყველაფერს მისთვის. თავს ევლებოდნენ. არ ვიცი, რა ჰქვიათ ამ მონაზვნებს. სამებაში კი ვნახე. ყველა მათგანი ისე გულწრფელად მიყვარს... მათ, იქ დასვენებული პატრიარქის თანდასწრებით აღვუთქვი, რომ ყველაფერს გავაკეთებ თქვენთვის, რაც კი გჭირდებათ-მეთქი. ძალიან მიყვარს ეს დედები. საოცარი ქალბატონები არიან. ღმერთმა იცის, რა გულით მიყვარს ისინი. იმედი მაქვს, თავს ხელში აიყვანენ და პატრიარქის წასვლას გადაიტანენ.

დედა ალექსანდრა სიცოცხლის ბოლო წუთამდე ერთგულად ემსახურებოდა უწმინდესს. მათი გზა აფხაზეთიდან იწყება, მაშინ, როცა ილია მეორე ცხუმ აფხაზეთის ეპისკოპოსი იყო და ეპარქიას 11 წელი მართავდა. სწორედ იქ ტაძარში გალობის დროს გაიცნო პატრიარქი. მაშინ 22 წლის იყო.
როგორც ის "იმედის" ეთერში ამბობს, ცხოვრების დიდი ნაწილი უწმინდესის გარემოცავში გაატარა.
"უწმინდესი ძალიან თბილი იყო. არასოდეს შენიშვნას არ მოგვცემდა. გვენდობოდა, თავისუფლად ვიყავით უწმინდესთან. მე ჩემ მშობლებთან იმდენი არ მიცხოვრია, რამდენიც უწმინდესთან. მშობლებთან 22 წელი ვიცხოვრე, უწმინდესთან - 48 წელი.
თავმდაბლობა და მოთმინება გვასწავლა. რაც მას უმაღლეს დონეზე ჰქონდა.
ერთხელ იწვა, ავად იყო, 38 ჰქონდა სიცხე. მეორე დღეს ჯვართამაღლება მოდიოდა. წინა დღეს ადგა, ჩაიცვა და ლოცვაზე წავიდა. მას შემდეგ სიცხე არ ჰქონია.
ერთად ვლოცულობდით, ვგალობდით. რამეს რომ დაწერდა, პირველი მე და უწმინდესი ვგალობდით.
იმ დღეს, ცუდად რომ იყო, თვალები კარგად გაახილა და ყველას სათითაოდ გადმოგვხედა... მე მაშინ ვთქვი, რომ უწმინდესი გვემშვიდობებოდა. მოათვალიერა, თვალები დახუჭა და მას შემდეგ თვალი აღარ გაუხელია.

დედა ბარბარეს სულიერი გზა სიონის ტაძარში დაიწყო; იქ, სადაც უწმინდესის მსახურებას დაესწრო, რომლის დროსაც განსაკუთრებული სიღრმე, პატრიარქის სულიერი სიმტკიცე და სიმშვიდე იგრძნო. მაშინ გაჩენია სურვილი, რომ ცხოვრება ეკლესიის მსახურებისთვის მიეძღვნა.
33 წელია მონაზონია, ყოველი დღე პატრიარქის გვერდით გაატარა.
"ხარებას ლურჯი ფსკვნილი მომცა, ღვთისმშობლის არის, ამაზე ლოცვა ძლიერიაო. ძველ საპატრიარქოში დავდიოდი. უწმინდესმა მორჩილება მომცა, სარეცხის რეცხვაში მიეხმარეო. სარეცხის მანქანას ვიყიდი-მეთქი და თქვენ რაღა უნდა გააკეთოთო? უსაქმურობა არ უყვარდა. თვითონაც შრომობდა და სხვასაც აშრომებდა. გვეუბნებოდა, როგორ უნდა ვყოფილიყავით მონაზვნები.
ბოლო დღეებში მკითხა, ბარბარე გაჭირვებულებს ხომ ეხმარებიო? პირველი, რასაც მე თხოვდა ეს იყო, დაეხმარეო. გამცემი ხელი ცარიელი არასოდეს რჩებაო.
ერთხელ მივუტანე სუპი. ცოტა შეჭამა. ისეთი კარგია, არ მოგეწონათ-მეთქი? და მკითხა, გასინჯეო? გავსინჯე. მარიალიანი ყოფილა, მლაშე. არადა, არ ამბობდა. არ გაგრძნობინებდა." - მონაზონი ბარბარე პატრიარქს იხსენებს.

ზეთის ხილის ხე, რომელიც ძველი ფოსტის და სასტუმრო "ივერიის" წინ, მოედანზეა, მან დაარგვევინა და მას გიორგი დაარქვა. სამებაში ლოცვის შემდეგ, უწმინდესს უთქვამს, წავიდეთ, გიორგი ვნახოთო. დაცვის ბიჭები იხსენებენ, დავსხედით, წავედითო. არ ვიცოდით, ვინ გიორგის სანახავად მივდიოდით და რომ მივედით და ხესთან გადმოვიდა, მაშინღა მივხვდით, ზეთის ხილის ხეს რომ გულისხმობდაო.
სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, დედა ბარბარესთვის უთხოვია დაეწერა, როგორი უნდა იყოს ოჯახი.
"ოჯახი უნდა იყოს სიყვარულით შემკული, მრავალშვილიანი და ისეთი, სადაც ადამიანი ყოველთვის იგრძნობს სულიერ სიმშვიდესა და სიმყარეს."
დედა ბარბარე: თვითონაც ხომ მრავალშვილიანი ოჯახიდან იყო. სახლში უნდა გქონდეთ ხატი და ჯვარი. თუ მასე ვიცხოვრებთ, არ გაგვიჭირდება ცხოვრება.

ამინ შადიჟევი: ვერავინ გაბედავდა იმას, რასაც მე ვუბედავდი პატრიარქს. ჭამეთ ახლავე-მეთქი, სუფრასთან ვეტყოდი და თუ არ დაიწყებდა ჭამას, მოდი, უნდა გაჭამო-მეთქი და ჩემი ხელით ვაჭმევდი. ძალიან, ძალიან უყვარდა ჩემი ხელიდან ჭამა. დიდი სიამოვნებით აკეთებდა ამას. თითქოს ჩემგან ამას ელოდა. ეს ხშირად ხდებოდა.
გშია? დაგაპურებო, ხშირად მეტყოდა თვითონაც.
04/24/2026