იტალიელი პედაგოგი, მეცნიერი, ფილოსოფოსი, ჰუმანისტი, ფემინისტი და ღრმად მორწმუნე კათოლიკე მარია მონტესორი ცნობილი ბავშვთა აღზრდის განსაკუთრებული მეთოდებით გახდა.
სწავლების მისეული თეორია მას შემდეგ დაიბადა, რაც მან ორწლიანი მუშაობის შედეგად მენტალური სირთულეების მქონე ბავშვებისთვის წერა-კითხვის სწავლება შეძლო. ბავშვებმა, რომლებიც, ფაქტობრივად, სწავლის უუნაროებად იყვნენ მიჩნეულნი, წარმატებით ჩააბარეს სკოლის გამოცდები და საშუალოზე მაღალი ქულები მიიღეს.
მარია მონტესორის განათლების მეთოდი ამჟამად მრავალ საზოგადო თუ კერძო სკოლაში გამოიყენება მთელ მსოფლიოში.
გაგაცნობთ მეცნიერის მიერ ჩამოყალიბებულ რამდენიმე დებულებას, რომელიც მონტესორის მიმდევარმა და მოსწავლემ ტიმ სელდინმა ერთად შეაგროვა წიგნში, რომელსაც "მონტესორის ენციკლოპედია" დაარქვა.
თუ ბავშვს ხშირად აკრიტიკებენ – ის სწავლობს სხვათა განკითხვას.
- თუ ბავშვს ხშირად აქებენ – ის სწავლობს შეფასებას.
- თუ ბავშვის თვალწინ ხშირია მტრული გარემო – ის სწავლობს ჩხუბს.
- თუ ბავშვთან მართალნი არიან – ის სწავლობს სამართლიანობას.
- თუ ბავშვს ხშირად დასცინიან – ის მხდალი გაიზრდება.
- თუ ბავშვი ცხოვრობს გარემოში, სადაც თავს დაცულად გრძნობს – შემდგომში მას მეტი ნდობა და რწმენა ექნება.
- თუ ბავშვს ხშირად არცხვენენ – ის სწავლობს, რომ გამუდმებით დამნაშავედ იგრძნოს თავი.
- თუ ბავშვს ხშირად უწონებენ საქციელს – ის სწავლობს, საკუთარი თავისადმი უკეთესი დამოკიდებულება ჰქონდეს.
- თუ ბავშვთან ხშირად არიან გულისხმიერნი – ის სწავლობს, იყოს მომთმენი. თუ ბავშვს ხშირად წაახალისებენ – ის თავდაჯერებულობას იძენს.
- თუ ბავშვი მეგობრულ გარემოში ცხოვრობს და გრძნობს საკუთარ საჭიროებას – ის სწავლობს ამ სამყაროში სიყვარულის პოვნას.
- ბავშვებს ასწავლის ის გარემო, რაც მათ გარშემოა.
- პატივი ეცით ბავშვს, რომელმაც შეცდომა დაუშვა და შეძლებს ახლა ან ცოტა მოგვიანებით მის გამოსწორებას.
- არ ილაპარაკოთ ცუდად ბავშვზე – არც მისი თანდასწრებით და არც მის გარეშე.
- ეცადეთ, ბავშვში ყოველივე კარგი განავითაროთ, ისე, რომ საბოლოოდ ცუდისთვის ადგილი არ დარჩეს.
- ყოველთვის მოუსმინეთ და უპასუხეთ ბავშვს, რომელიც თქვენ მოგმართავთ.
- მზად იყავით ბავშვის დასახმარებლად, რომელიც რაღაცას ეძებს.
- დაეხმარეთ ბავშვს იმის ათვისებაში, რაც მანამდე ვერ აითვისა. ეს გააკეთეთ ზრუნვით, მოთმინებით, სიმშვიდით და სიყვარულით.
- ბავშვთან ურთიერთობისას ყოველთვის დაიცავით კარგი მანერები – მას შესთავაზეთ საუკეთესო, რაც თვით თქვენშია.
მარია მონტესორი, იტალიელი პედაგოგი