
10/07/2026
ქრისტიანული სწავლება, ადამიანის აღზრდისა და სულიერი განვითარების საქმეში, უმთავრეს აქცენტს არა ფორმალურ აკრძალვებსა და ბრძანებებზე, არამედ სიყვარულზე, პირად მაგალითსა და ჯანსაღ ოჯახურ გარემოზე აკეთებს.
გალობის უნივერსიტეტის პროფესორი, დეკანოზი დავით თავაძე ამბობს, რომ ბავშვი ყალიბდება არა იმდენად იმით, რასაც ვუბრძანებთ, არამედ იმით, რასაც ყოველდღიურობაში ოჯახში ხედავს და რის მაგალითსაც მშობლები აძლევენ.
მართლმადიდებლური ტრადიციის მიხედვით, უპირობო სიყვარული, სწორი საზღვრები და ზნეობრივი ღირებულებები ბავშვის სხვადასხვა მავნე დამოკიდებულებისგან დაცვის საუკეთესო გზაა. დეკანოზი ხაზს უსვამს, რომ იმ შემთხვევაში, თუ პრობლემა მაინც შეიქმნა, ქრისტიანული მოძღვრება გადარჩენისა და განკურნების იმედს ნებისმიერ ეტაპზე იძლევა.
"ეკლესიური სწავლებით ჩვენ ვიცით, რომ ბავშვი იზრდება არა იმის მიხედვით, თუ რას ვუბრძანებთ მას. ზოგს ხომ ჰგონია - "მე ბავშვი იმიტომ გავზარდე კარგად, რომ მე მკაცრი ვიყავი“. ასე არ არის... ბავშვი იზრდება არა იმის მიხედვით, თუ რას ვუბრძანებთ მას, არამედ იმის მიხედვით, თუ რას ხედავს ოჯახში და რის მაგალითს აძლევენ მას მშობლები.
როგორც წესი, ბავშვი, რომელსაც ჰქონდა მშობლებისაგან უპირობო სიყვარულის, ჯანსაღი საზღვრების არსებობის და სწორი მაგალითების გამოცდილება, გაცილებით ნაკლებად არიან რისკის ქვეშ, რომ გახდნენ დამოკიდებულნი (არა მარტო ნარკოტიკზე, არამედ თამაშებზე და ასე შემდეგ), ვიდრე ის ბავშვები, რომლებიც ჩვენგან, ანუ მშობლებისაგან ამის დეფიციტს განიცდიან...
და მართლმადიდებლური მოძღვრებით ამ პრობლემიდან თავის დაღწევა შესაძლებელია, რა თქმა უნდა. შესაძლებელია ნებისმიერ ეტაპზე, რადგან დაწერილია, რომ „სადაც გამრავლდეს ცოდვა, მუნ უფროის გარდაემატოს მადლი“," - ამბობს დეკანოზი.
წყარო: შემეცნების ტაძარი
გააზიარე სტატია