ყველაფერი ბავშვებზე

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ზაფხულის სიცხეში, ბავშვის კანზე გაჩენილი წვრილი, წითელი გამონაყარი მშობლებს ხშირად აშინებს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არ ვიცით, თუ რა პრობლემასთან გვაქვს საქმე ალერგიასთან თუ ინფექციასთან.
უმეტეს შემთხვევაში ასეთი გამონაყარის გაჩენის მიზეზი ნასიცხია. კანის გავრცელებული და, როგორც წესი, უვნებელი რეაქცია გადახურებასა და ჭარბ ოფლიანობაზე.
ნასიცხი განსაკუთრებით ხშირია ახალშობილებსა და მცირე ასაკის ბავშვებში, რომელთა ორგანიზმს სხეულის ტემპერატურის რეგულირება ჯერ სრულყოფილად არ შეუძლია.
მიუხედავად იმისა, რომ გამონაყარი უმეტესად რამდენიმე დღეში თავისით ქრება, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორ მოვუაროთ ბავშვის კანს, რას მოვერიდოთ და როდის მივმართოთ ექიმს.
გაგაცნობთ პედიატრი ინგა მამუჩიშვილის რეკომენდაციებს ნასიცხთან დაკავშირებით.

"ზაფხულის ცხელ დღეებში ბავშვების კანზე ხშირად ჩნდება წვრილი, წითელი გამონაყარი, რომელსაც ნასიცხი (miliaria) ეწოდება. ის ვითარდება მაშინ, როდესაც საოფლე ჯირკვლების სადინრები იხშობა და ოფლი კანქვეშ გროვდება. ყველაზე ხშირად გვხვდება ახალშობილებსა და მცირე ასაკის ბავშვებში, რადგან მათი თერმორეგულაცია ჯერ სრულად ჩამოყალიბებული არ არის.

ნასიცხი უმეტესად ჩნდება კისერზე, იღლიებში, გულ-მკერდზე, ზურგზე, საზარდულის არეში და კანის ნაკეცებში. შეიძლება გამოვლინდეს წვრილი წითელი ან გამჭვირვალე ბუშტუკებით, ზოგჯერ კი მსუბუქი ქავილითაც.
როგორ დავეხმაროთ ბავშვს?
✅მოარიდეთ გადახურებას და შეინარჩუნეთ ოთახის სასიამოვნო ტემპერატურა.
✅ჩააცვით მსუბუქი, თავისუფალი, ბამბის ტანსაცმელი.
✅ხშირად აბანავეთ ნელთბილი წყლით და აბაზანის შემდეგ კანი ნაზად გააშრეთ.
✅არ გამოიყენოთ ცხიმიანი კრემები და ზეთები, რადგან ისინი კიდევ უფრო აფერხებენ ოფლის გამოყოფას.
✅მიეცით საკმარისი სითხე ასაკის შესაბამისად.

უმეტეს შემთხვევაში ნასიცხი რამდენიმე დღეში თავისით გაივლის, თუ ბავშვს გრილ გარემოში ვამყოფებთ.
თუმცა, თუ გამონაყარს დაემატა ცხელება, ძლიერი სიწითლე, ჩირქოვანი ელემენტები, ტკივილი ან ბავშვი ძალიან მოუსვენარი გახდა, აუცილებლად მიმართეთ პედიატრს, რადგან შესაძლოა მეორეული ბაქტერიული ინფექცია იყოს განვითარებული.
ზაფხულის მთავარი წესია ბავშვი იყოს კომფორტულად და არა ზედმეტად თბილად ჩაცმული. ზოგჯერ ერთი ფენა ნაკლები ტანსაცმელი საუკეთესო პროფილაქტიკაა.
07/29/2026