Logo

ბიზნეს ამბები

"ბავშვი პატარძლად არ უნდა იქცეს" - ასაკობრივი შეზღუდვის ეტიკეტი „მარიონელას“ კაბებზე

"ბავშვი პატარძლად არ უნდა იქცეს" - ასაკობრივი შეზღუდვის ეტიკეტი „მარიონელას“ კაბებზე

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ქართულმა საქორწილო კაბების ატელიე „მარიონელამ“, ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ, კამპანია წამოიწყო და საქორწინო კაბებზე, სიმბოლურად, ასაკობრივი შეზღუდვის ნიშანი განათავსა.

გზავნილი მარტივია – ქორწინება ბავშვებისთვის არ არის.

მარიონელა

ნაადრევი ქორწინება საქართველოში კვლავ მნიშვნელოვან სოციალურ პრობლემად რჩება. სტატისტიკა საგანგაშოა: ყოველი 7 გოგონადან ერთი - 18 წლამდე ქორწინდება. ეს კი ხშირად ნიშნავს შეწყვეტილ განათლებას, ეკონომიკური დამოუკიდებლობის დაკარგვას და გაზრდილ რისკებს, როგორც ჯანმრთელობის, ისე უსაფრთხოების თვალსაზრისით.

მიუხედავად იმისა, რომ მსგავს თემებზე მსოფლიო მოდის ინდუსტრია ხშირად საუბრობს, საქართველო პირველი ქვეყანაა, სადაც ყველაზე პოპულარული საქორწილო ატელიეს პროდუქციაზე პატარა, მაგრამ მრავლისმთქმელი „18+“ ეტიკეტი გაჩნდა.

მარიონელა

როგორც ატელიეს სათავო ოფისის მენეჯერი, ქეთევან ჩილინგარიშვილი აღნიშნავს, 32-წლიანი ისტორიის მქონე ბრენდისთვის ამ გადაწყვეტილების მიღება მარტივი არ ყოფილა.

„სიმართლე გითხრათ, ცოტა დავფიქრდით. 32 წლის მანძილზე ძალიან ბევრი პატარძალი გვყავდა 18 წლის ასაკის ქვემოთ. ვფიქრობდით, როგორ მიიღებდნენ ჩვენგან ამ ყველაფერს... თუმცა გადავწყვიტეთ, რომ "სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს". სოციუმი უკვე მეტ-ნაკლებად მზად არის ასეთი შეზღუდვებისთვის, ისევე როგორც ალკოჰოლზე ან სიგარეტზე... გადავწყვიტეთ, რომ გაგვერისკა და ვყოფილიყავით პირველები ამ სფეროში, ვინც ამ ნაბიჯს გადადგამდა და სათქმელს ამ სახით იტყოდა, “ - ამბობს "ზმნასთან" ქეთევანი.

მისივე თქმით, კამპანიის მიზანია, გოგონებმა პრიორიტეტი ჯერ განათლებასა და განვითარებას მიანიჭონ.

„ახალგაზრდებმა ეს სწორად უნდა გაიგონ. გოგონა ჯერ უნდა იყოს შემდგარი ადამიანი და შემდეგ გადაწყვიტოს ასეთი საპასუხისმგებლო ნაბიჯის გადადგმა.“

მარიონელა

იდეის ავტორი სააგენტო legacy experience agency იყო. სააგენტოს წარმომადგენლის, მარიამ ქამუშაძის განმარტებით, მათ სურდათ შეექმნათ რაღაც თვალსაჩინო, რაც ბიზნესს სოციალურ პრობლემაზე საუბრის საშუალებას მისცემდა.

„სადედოფლო კაბა ბედნიერებასთან ასოცირდება, მაგრამ როდესაც საქმე არასრულწლოვანს ეხება, ეს ყველაფერი აზრს კარგავს.

18+ არის ყველასთვის ნაცნობი შეზღუდვა. ამ სიმბოლოს გადატანა კაბაზე იყო ყველაზე პირდაპირი გზა იმის სათქმელად, რომ ქორწინება მხოლოდ სრულწლოვანების შემდეგ არის მისაღები,“ - გვითხრა მარიამმა.

მარიონელა


სააგენტოში კომპანიის შერჩევაზე დიდხანს არ უფიქრიათ, პირველი, ვინც საქორწილო კაბების ხსენებაზე გაახსენდათ, "მარიონელა" იყო... და რაც მთავარია, არჩევანმა გაამართლა.


"კამპანიამ მოლოდინს გადააჭარბა. „მარიონელას“ ინიციატივას სხვა საქორწილო სალონებიც სოლიდარობით გამოეხმაურნენ. მათ საჯაროდ დააფიქსირეს, რომ უერთდებიან ამ წამოწყებას და მათი კაბებიც მხოლოდ „18+“ ეტიკეტით გაიყიდება.

ვფიქრობ, რომ ბიზნესს აქვს ძალიან დიდი ძალა. როდესაც ცნობილი ბრენდი აფიქსირებს ასეთ მკაფიო პოზიციას, ეს ადამიანებში იწვევს დაფიქრებას.

შეიძლება ერთმა კამპანიამ პრობლემა სრულად ვერ მოაგვაროს, მაგრამ ეს არის დისკუსიის დაწყების საფუძველი.

თუ ბევრი ბიზნესი აიღებს მსგავს სოციალურ პასუხისმგებლობას, საზოგადოებრივი აზრი, უკეთესობისკენ, აუცილებლად შეიცვლება,"- ამბობს მარიამი.

მარიონელა

ერთი პატარა დეტალი, ეტიკეტი "18+" საქორწილო კაბაზე, ეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვეულებრივი წარწერა. ის კიდევ ერთხელ შეახსენებს ყველას - ბავშვი პატარძლად არ უნდა იქცეს.

ყველა გოგონას უფლებაა, შეძლოს ბავშვობის შენარჩუნება, განათლების მიღება და საკუთარი მომავლის თავად არჩევა.

ავტორი: ზმნა

03/26/2026

ეტიკეტიკამპანიამარიონელაქორწინება
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024