საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
სოციალურ ქსელში ხშირად ვკითხულობთ ამბებს, რომლებიც რამდენიმე წუთით გვაჩერებს და დაგვაფიქრებს იმაზე, თუ რა დიდი ძალა შეიძლება ჰქონდეს ერთი შეხედვით უმნიშვნელო საქციელს.
ზოგჯერ ადამიანი უბრალოდ ისე იქცევა, როგორც სინდისი კარნახობს, მერე კი ეს ერთი ნაბიჯი, შეიძლება დიდი ცვლილების დასაწყისი აღმოჩნდეს.
ამბავი, რომელსაც ახლა გიამბობთ ერთ ჩვეულებრივ ბიჭს ეხება, კურიერს, რომელმაც ბავშვის წამლების მიტანისთვის თანხის აღება არ ისურვა. მისმა ამ გადაწყვეტილებამ კი სრულიად მოულოდნელი გაგრძელება მიიღო. ისეთი, რამაც მისი ცხოვრება ერთ დღეში შეცვალა.

თემო ტაბატაძემ საკუთარი ისტორიის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა. მის ნაწერს უცვლელად გთავაზობთ.
"მოკლედ მეგობრებო რომ არ დამეწერა ვერ მოვისვენებდი... ნაქირავები მოპედით ვმუშაობ იანდექსის "დელივერზე"... ღამის პერიოდია და მომივიდა შეკვეთა... რომ მივედი წასაღებად გამგზავნმა მითხრა, რომ ბავშვის წამლები იყო წასაღები... მაგაში ფულს როგორ ავიღებდი სულ რომ თელავში ყოფილიყო წასაღები... ვუთხარი, არ ავიღებ ამაში ფულს-მეთქი. 12 ლარი იყო გადასახდელი სულ. ეგ 12 ლარი არ გამაღარიბებდა... საჭმელი რომ გამოეძახა ან სასმელი კიდე ხომ, მაგრამ წამლების მიტანაში ვერ გამოვართმევდი ფულს...
ჰოდა ამ კეთილშობილმა ადამიანმა სასწაული რამ გააკეთა და მთელი ჩემი ცხოვრება თავდაყირა დააყენა.
12 ლარის მაგივრად ჯერ მიტანის 20 ლარი ჩამირიცხა, მერე კიდევ ასი ლარი - საჩუქრად ჩემგანო... და რომ გაიგო რომ ნაქირავები მყავდა მოპედი, აი ეს მოპედი მიყიდა გუშინ...

ახლაც ვერ ვარ გონებაზე, ასეთი რამე ცხოვრებაში არ მომსვლია, ასეთი რამ ჩემთვის არავის გაუკეთებია... სასწაულები ნამდვილად ხდება მეგობრებო, სიკეთე გადამდებია და ყოველთვის დაგიფასდებათ!
დალოცვილი იყოს შენი ოჯახი, ჩემო კარგო ადამიანო, ძალიან ვაფასებ შენს მიდგომას. ღმერთმა სულ ათასმაგად დაგიბრუნოს სიკეთე უკან... მე კიდევ იმის საშუალება მომეცეს, რომ ეს ჯაჭვი არ გავწყვიტო და სიკეთე ვაკეთო, იგივე დავუბრუნო სხვას და მივანიჭო ისეთი ბედნიერება როგორი ბედნიერიც დღეს მე ვარ," - წერს თემო ტაბატაძე.
კურიერის ფეისბუქ გვერდზე, ამ ისტორიას ასობით გამოხმაურება მოჰყვა. კომენტარები ცხადყოფს, რომ ამ ამბავში ყველაზე მნიშვნელოვანი მოპედი არ არის. მთავარი ისაა, რომ სიკეთე გადამდებია. ის ადამიანიდან ადამიანზე გადადის და სხვებსაც შეახსენებს, რომ ზოგჯერ პატარა გადაწყვეტილებას ვიღაცის დღის, განწყობის ან მთლიანად ცხოვრების შეცვლა შეუძლია.
07/02/2026