Logo

"ბავშვს თუ სწავლა უნდა, ყველგან ისწავლის - უპასუხისმგებლო განცხადებაა"- მეგი კავთუაშვილი

"ბავშვს თუ სწავლა უნდა, ყველგან ისწავლის - უპასუხისმგებლო განცხადებაა"- მეგი კავთუაშვილი

06/10/2026

ტექსტის ზომა

15 ივნისიდან, საქართველოში პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაციის უმნიშვნელოვანესი ეტაპი იწყება. ამ დღეებში მშობლები შვილების ცხოვრებაში ერთ-ერთ ყველაზე საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებას იღებენ.

სკოლის შერჩევა მხოლოდ პრესტიჟის, გეოგრაფიული მდებარეობის ან ლამაზი შენობის მიხედვით დიდი შეცდომაა. რადგან სკოლა ის გარემოა, რომელმაც მომავალი 12 წლის განმავლობაში ბავშვის პიროვნება უნდა ჩამოაყალიბოს.

ხშირად გაგვიგია ფრაზა: „ბავშვს თუ სწავლა უნდა, ყველგან ისწავლის“... თუმცა განათლების ექსპერტები ამ მიდგომას კატეგორიულად არ ეთანხმებიან.

სკოლა

რატომ არის სასკოლო გარემო და მასწავლებლის ფაქტორი გადამწყვეტი, რატომ არ უნდა მივუშვათ პროცესი თვითდინებაზე და რაზე უნდა გაამახვილონ ყურადღება მშობლებმა რეგისტრაციის დაწყებამდე? ამ თემებზე ორგანიზაცია "მშობლები განათლებისთვის" ხელმძღვანელი მეგი კავთუაშვილი საუბრობს.

„სკოლაში ბავშვი სწავლობს იმას, თუ როგორ იცხოვროს მერე, როცა სკოლას დაამთავრებს... ამიტომ არის ძალზედ მნიშვნელოვანი ეს 12 წელი - ბავშვის პიროვნების ფორმირება ხდება ამ 12 წელიწადში.
მშობლები ამბობენ ხოლმე - აი, ბევრი რამე გამომრჩა, ვერ ვადევნე თვალყური... ეს 12 წელი ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია იმისთვი, რომ რაღაცები შევცვალოთ ჩვენს თავშიც, ჩვენს შვილშიც და იმ სკოლაში, სადაც ეს ბავშვი დაგვყავს. ამის მერე ბავშვი უკვე ზრდასრულია და ჩვენ, მშობლებს, ცვლილებების შეტანა ნამდვილად აღარ შეგვიძლია.

განვითარებულ ქვეყნებში მასწავლებლის დამოკიდებულებებს, რა ტიპის ადამიანები ასწავლიან სკოლაში, ძალზედ დიდ ყურადღებას აქცევენ. იმიტომ, რომ ბავშვი არ იზრდება მარტო სახლში და არ სწავლობს მარტო სკოლაში. სწავლობს ყველასგან, ვისაც უყურებს და ვისთანაც შეხება აქვს და იზრდება ყველგან, სადაც არის.

სკოლა

ამიტომ არის მნიშვნელოვანი ოჯახის და სკოლის ერთ ენაზე საუბარი და ამიტომ გვჭირდება მშობლებს, რომ მოვძებნოთ ისეთი სკოლა, რომელიც ჩვენს შეხედულებებს და ჩვენს შვილს ყველაზე მეტად შეესაბამება...

ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ ბავშვს თუ სწავლა უნდა, ყველგან ისწავლისო... მშობელი და მასწავლებელი რომ ამას ამბობს, ეს ნიშნავს, რომ ბევრ რამეში ვერ ერკვევა.
გარემო ძალიან დიდ დატვირთვას და ზეგავლენას ახდენს ბავშვზე და ასევე ადამიანები, ვისთანაც მას შეხება აქვს. ას თუა, მაშინ ან მშობელი რად გვინდა, ან ოჯახი, ან სკოლა... პირდაპირ მივუშვათ ბავშვი, რომელიც არის აღმოჩენებით მსწავლელი ადამიანი დაბადებიდან და რასაც ისწავლის, ისწავლის და შევეშვათ... ეს უპასუხისმგებლო განცხადებაა.

სკოლა

სისტემის დანიშნულება სწორედ ის არის, რომ შენ შექმნას სათანადო პირობები ფსიქოლოგიურად, ფიზიკურად და ყველანაირად.
ისეთი მასწავლებელი გყავდეს და ისეთი რესურსი დაახვედრო, ისეთი შენობა დაახვედრო, ისეთი პროგრამა შესთავაზო, ისეთი კლასგარეშე აქტივობები გქონდეს, რომ ბევრ ბავშვს მოუნდეს ეს და ცალკეულ გამონაკლისზე არ იყოს დამოკიდებული," - ამბობს მეგი კავთუაშვილი.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

განათლებამეგი კავთუაშვილიმშობლების სკოლასკოლა
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026