Logo

ყველაფერი ბავშვებზე

რა მნიშვნელობა აქვს ფერს ბავშვის განვითარებაში - მშობლებს ფსიქოლოგი ირმა კვაჭაძე ურჩევს

რა მნიშვნელობა აქვს ფერს ბავშვის განვითარებაში - მშობლებს ფსიქოლოგი ირმა კვაჭაძე ურჩევს

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

რატომ დაკარგა მხიარული ფერები საბავშვო ნივთებმა? რა შეიძლება იყოს იმის მიზეზი, რომ საბავშვო სივრცეები, ოთახები, ტანსაცმელები, მკვეთრი ფერებიდან ნელ-ნელა პასტელურ ტონებზე გადავიდა?

ფერებს ბავშვთა ფსიქოლოგიაში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება და სწორედ ბავშვების გარემოს გაუფერულებასა და ფერების ფსიქოლოგიაზე წერს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ფსიქოლოგი ირმა კვაჭაძე.

ფსიქოლოგი დეტალურად აღწერს ფერების ფუნქციურ მნიშვნელობას და იმ მოსალოდნელ შედეგებს, რაც ბავშვის ფსიქოლოგიაში, ფერების უარყოფამ ან სიმცირემ შეიძლება გამოიწვიოს.

ირმა კვაჭაძე

„ფერების უხილავი გავლენა და გაფერმკრთალებული ბავშვები

ამ ბოლო დროს, სულ უფრო ხშირად ვაკვირდები და ვხვდები ბავშვების სივრცის გაუფერულებას. ოთახები, სათამაშოები, ტანსაცმელი, წიგნები - ყველაფერი გადადის კრემისფერ, რძისფერ და ყავისფერ ტონალობებში. თქვენც შეამჩნევდით.

ეს ამბავი მოწოდებული და შემოთავაზებულია, როგორც გაცნობიერებულობა, მზრუნველობა და „ეკოლოგიური გარემო“. თუმცა, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ეს მოვლენა ვერ იქნება სრულად მოწონებული და მხარდაჭერილი.

ფერი არ არის მხოლოდ დეკორი. ფერი არის სენსორული და აფექტური სტიმული, რომელიც პირდაპირ მონაწილეობს ფსიქიკური ფუნქციების ფორმირებაში.

ფერები

ბავშვის ვიზუალური სისტემა, ემოციურ რეგულაციასთან, ყურადღებასა და სხეულებრივ აქტივობასთან მჭიდრო კავშირში ვითარდება. ნეიროფსიქოლოგიის თანამედროვე მონაცემები ადასტურებს: ვიზუალური გარემოს მრავალფეროვნება, კონტრასტი და სპექტრული მრავალმხრივობა გავლენას ახდენს აღგზნების დონეზე, ორიენტაციის უნარსა და მოტივაციური რეაქციების ჩამოყალიბებაზე. ბავშვი სამყაროს იგებს და ეცნობა განსხვავებების და არა მსგავსების მეშვეობით.

კონტრასტი - ააქტიურებს ინტერესს.

ინტენსივობა - მხარს უჭერს მოქმედებას.

სტრუქტურა - აყალიბებს საზღვრებს.

სიღრმე - კი იძლევა ემოციების გაძლების (დატევის) შესაძლებლობას.

სხვადასხვა ფსიქოლოგიურ მიმდინარეობაში — ფსიქოფიზიოლოგიიდან ფენომენოლოგიურ და გეშტალტ-მიდგომებამდე — მყარად მეორდება გამოცდილების ოთხი საბაზისო ფუნქციური მიმართულება:

ყვითელი - აღგზნება და ინტერესი;

წითელი - მოქმედება და იმპულსი;

მწვანე - სტრუქტურა და შეკავება;

ლურჯი - ემოციური რეგულაცია და კონტაქტი.

სწორედ ეს ფერები არის (იყო) ბავშვების სათამაშოები ძირითადად.

უფრო ზუსტად:

ყვითელი

ყვითელი

ინტერესის, ორიენტირებისა და მენტალური აღგზნების ფუნქცია, ენერგია, სიახლე.

  • ყვითელი სპექტრი (ღია, თბილი, კონტრასტული): ამაღლებს აქტივაციის დონეს, მხარს უჭერს ცნობისმოყვარეობას და ასტიმულირებს კოგნიტურ აღგზნებას.
  • ფსიქიკური ფუნქცია: „მე მაინტერესებს. მინდა ყურება. მინდა გაგება.“
  • დეფიციტის რისკი: პასიურობა, დაქვეითებული ინიციატივა, სუსტი ორიენტირებითი ინტერესი.

წითელი

წითელი

მოქმედების, იმპულსისა და სხეულებრივი ენერგიის ფუნქცია

  • წითელი სპექტრი: აძლიერებს სხეულებრივ აღგზნებას, მხარს უჭერს იმპულსს, ააქტიურებს ნებასა და მოძრაობას.
  • ფსიქიკური ფუნქცია: „მე შემიძლია. მე მივდივარ. მე ვმოქმედებ.“
  • დეფიციტის რისკი: შენელებულობა, მოქმედების შიში, დათრგუნული აგრესია, სუსტი ნებითი ინიციატივა.

მწვანე

მწვანე

სტრუქტურის, შეკავებისა და საზღვრების ფუნქცია

მწვანე სპექტრი: ახდენს აღგზნების სტაბილიზაციას, მხარს უჭერს საყრდენის განცდას, ეხმარება იმპულსს კონტეინირებაში. წესების დაცვა.

  • ფსიქიკური ფუნქცია: „მე შემიძლია შეკავება. მე მაქვს საზღვრები ვარ. მე სტაბილური ვარ.“
  • დეფიციტის რისკი: ქაოსურობა, წესებთან დაკავშირებული სირთულეები, სუსტი თვითრეგულაცია.

ლურჯი

ლურჯი

ემოციური რეგულაციისა და კონტაქტის ფუნქცია

  • ლურჯი სპექტრი: აქვეითებს აღგზნებას, ხელს უწყობს დამშვიდებას, მხარს უჭერს ემოციურ კონტაქტს. იძლევა ემოციების გაცნობიერების და კონტაქტის საშუალებას.
  • ფსიქიკური ფუნქცია: „მე ვგრძნობ. ჩემთან არის სხვა. მე შემიძლია მქონდეს ემოცია.“
  • დეფიციტის რისკი: ემოციური არამდგრადობა, სიახლოვის სირთულეები, თვითდამშვიდების სირთულეები.

ეს ფუნქციები არ ყალიბდება რიგრიგობით და არ ანაცვლებს ერთმანეთს. ისინი ვითარდება პარალელურად და ურთიერთკავშირში. სირთულეები იწყება მაშინ, როდესაც:

  1. რომელიმე ფუნქცია ჰიპერტროფირებულია (მაგალითად, მხოლოდ დამშვიდება);
  2. სხვა ფუნქციები კი არ იღებენ საკმარის მხარდაჭერას (მოქმედება, ინტერესი, იმპულსი).

სწორედ ამას ვხედავთ სულ უფრო ხშირად ზედმეტად მკრთალ, „უსაფრთხო“ საბავშვო გარემოში.

ფერი არ არის სიმბოლო. ფერი არის შესასვლელი ფსიქიკურ ფუნქციებში. საუბარია ნერვული სისტემის ფუნქციურ მდგომარეობებზე, რომლებიც საჭიროებენ გარემოდან მხარდაჭერას.

პასტელური პალიტრა სხვა ამოცანას ასრულებს. ის აქვეითებს სტიმულაციას, ამცირებს აღგზნების დონეს და აქრობს მკვეთრ გადასვლებს. ეს ეფექტურია — მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, ზრდასრულის შფოთვითი და გადატვირთული ფსიქიკისთვის. როდესაც სწორედ ეს პალიტრა ხდება დომინანტური ბავშვის გარემოში, საქმე გვაქვს არა განვითარებასთან, არამედ რეგულაციასთან; არა ზრდასთან, არამედ შეკავებასთან.

ფერები

კლინიკური ფსიქოლოგიის პერსპექტივიდან რომ შევხედოთ გარემო იწყებს არა ბავშვის განვითარების სტიმულირებას, არამედ ზრდასრულის კონტროლის, სიმშვიდისა და პროგნოზირებადობის მოთხოვნილების დაკმაყოფილებას. ბავშვი კი, თავისი ბუნებით, ინტენსიურია. მისი ნერვული სისტემა ვითარდება აღგზნებისა და დამშვიდების მონაცვლეობით, იმპულსისა და მისი კონტეინირების მეშვეობით, სიკაშკაშისა და შემდგომი ინტეგრაციის გზით.

ისტორიულად, ფერი განიხილებოდა როგორც მდგომარეობების ენა ჯერ კიდევ თანამედროვე ნეირომეცნიერებამდე. XX საუკუნის დასაწყისის სიმბოლურ-თერაპიულ მიდგომებში (ედვარდ ბახის შრომების ჩათვლით), ფერი აღიქმებოდა როგორც ემოციურ პროცესებთან რეზონანსის საშუალება.

დღეს შეგვიძლია უფრო ზუსტად ვთქვათ: ფერი არის იმ ველის (field) ნაწილი, რომელშიც ყალიბდება ბავშვის Self (მეობა). ვის სიმშვიდეს ვუჭერთ მხარს, როდესაც ბავშვობას ვაუფერულებთ? ფსიქიკური ჯანმრთელობა არ არის სტერილურობა ან უძრაობა. ეს არის ცხოვრების ინტენსივობის გაძლების უნარი.

ფერები

ბავშვს უნდა ჰქონდეს ფერის უფლება — არა როგორც სტილის, არამედ როგორც სამყაროსთან კონტაქტის ფორმის. სიყვარულით, თქვენი ფერადი მუშკი,“ - წერს ფსიქოლოგი.

ავტორი: ზმნა

01/23/2026

ბავშვებიირმა კვაჭაძეფერებიფსიქოლოგია
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024