საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
მოდის ინდუსტრიაში ბრენდების ამბასადორებად, როგორც წესი, ჰოლივუდის ვარსკვლავებს, სუპერმოდელებსა და სოციალური ქსელების ინფლუენსერებს ირჩევენ. თუმცა, ფრანგმა დიზაინერმა, სიმონ ჟაკმუსმა საკმაოდ თამამი გადაწყვეტილება მიიღო და თავისი ბრენდის პირველ ამბასადორად (ელჩად), არა რომელიმე ცნობილი ადამიანი, არამედ საკუთარი ბებია, ლილინ ჟაკმუსი აირჩია.

„ვამაყობ, რომ წარმოგიდგენთ Jacquemus-ის პირველ ბრენდ ელჩს - ჩემს ბებიას“, — დაწერა დიზაინერმა სოციალურ ქსელში და ამით კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ Jacquemus ყოველთვის საკუთარი წესებით თამაშობს.
უცხოური მედიის შეფასებით, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფრანგული ბრენდი, ამ ნაბიჯით, ცდილობს, მოდა უფრო ადამიანური, ემოციური და რეალურ ცხოვრებასთან დაახლოებული გახადოს.
სიმონ ჟაკმუსმა ბრენდი 2009 წელს, მხოლოდ 19 წლის ასაკში დააფუძნა. მან პარიზში, მოდის განვითარების მიმართულებით სწავლა მიატოვა და საკუთარი იდეების განხორციელება დამოუკიდებლად დაიწყო.
ბრენდის სახელიც ოჯახურ ისტორიას უკავშირდება — “Jacquemus” დიზაინერის დედის გვარია. სიმონი არაერთ ინტერვიუში ამბობს, რომ დედა მისი მთავარი შთაგონება იყო და ბრენდის დაარსების ემოციური საფუძველიც, სწორედ ოჯახი, ბავშვობის მოგონებები და სამხრეთ საფრანგეთის მზიანი გარემოა.

დღეს Jacquemus ცნობილია მინიმალისტური, მაგრამ ამავე დროს ძალიან თეატრალური ესთეტიკით, მიკროჩანთებით, უზარმაზარი ჩალის ქუდებით, პროვანსული ატმოსფეროთი და უჩვეულო ჩვენებებით.
განსაკუთრებით დიდი პოპულარობა მოიპოვა Le Chiquito-ს სახელით ცნობილმა მინი ჩანთამ, რომელიც ერთ დროს სოციალური ქსელების ნამდვილ ფენომენად იქცა.

79 წლის ლილინ ჟაკმუსი ბრენდის კამპანიებში ადრეც ჩნდებოდა, თუმცა ახლა პირველად მიიღო ოფიციალური სტატუსი. ბევრმა მოდის კრიტიკოსმა ეს ნაბიჯი „წლის ყველაზე თბილ და გულწრფელ გადაწყვეტილებად“ შეაფასა.
05/15/2026