
09/23/2026
გიორგი კეკელიძე თავისი წიგნისთვის "ანწუხელიძე - ომის ნამსხვრევები" აფხაზეთის და აგვისტოს ომს შეწირული გმირების ოჯახის წევრების ინტერვიუებს აგროვებს.
ცოლები, დედები, და-ძმები ჰყვებიან სამშობლოსთვის დაღუპული ქართველი რაინდების ისტორიებს, თითქოს ჩვეულებრივ ბიოგრაფიებს, რომელიც ოქროს ასოებით უნდა გადაეცეთ თაობებს.
ამ ბიჭების ისტორიები ყველამ უნდა იცოდეს.
***
ცოლი ვარ გიორგი ანწუხელიძის.
მაკა ჩიკვილაძე.
დედაჩემი ძევერაში დაიბადა. ძევერაში გაიზარდა.
ძევერა ახლოსაა უფლისციხესთან. ძევერა ახლოსაა ცხინვალთან.
შუაშია სადღაც.
თბილისში გათხოვდა. იქ დავიბადე.
ლალი კეჩხუაშვილია დედაჩემი.
მამაჩემი თამაზე ჩიკვილაძე იყო.
რაჭველი კაცი, სოფელ ლაჩთადან.
მაშინ ბარში ვმუშაობდი. 2004 წელი იდგა.
მეგობრის შვილის დაბადების დღეზე შევიკრიბეთ ერთხელ იმ ბარში.
ვსვამთ. ვერთობით.
შემოდის ერთი ბიჭი და მარტო ჯდება.
აღარ მახსოვს, რას უკვეთავს.
შეიძლება ლუდს. შეიძლება არაყს.
შეიძლება ღვინოს.
მგონი უფრო ღვინოს. კი.
ის ბიჭი მანამდეც შემოსულა იქ და ასე, ტანად ვიცნობდით.
გამარაჯობით - არა.
ჩვენი სუფრა ხალხმრავალი იყო.
ის მარტო იჯდა.
მოვიპატიჟეთ. ჯერ იუარა. მოვიდა მერე.
და გამაცილა.
მირეკავდა. მწერდა.
ვურეკავდი. ვწერდი.

მერე სენაკში წავიდა. მერე ერაყში.
მერე დაბრუნდა.
26 მაისს აღლუმზე დაგვპატიჟა. მე და ჩემი მეგობარი მივედით.
როცა ჯარმა ჩაიარა, მწყობრში მოსიარულე დავინახე და დამინახა.
მაშინ მივხვდი, რომ მიყვარდა და ვუყვარდი.
აღლუმი რომ დამთავრდა, წითელი ვარდები მომიტანა გიორგიმ.
ერთხელ ორფოლოში წაიყვანეს წვრთნაზე. შუაღამისას წამოსულა და სახლთან მოსული მირეკავდა.
დედაჩემი სახლიდან არ გამიშვებდა და ტელეფონი გამოვრთე.
ძალიან, ძალიან გაბრაზდა.
გაიბუტა.
აღარ მირეკვდა.
აღარ მწერდა.
მე ბარიდან უკვე წამოსული ვიყავი, მაგრამ ერთ დღესაც, იქაურმა მეპატრონემ დამპატიჟა.
გამოდი, მოგვენატრეო.
გავედი.
ვსვამთ. ვერთობით.
ცოტა ხანში გიორგი შემოვიდა და მარტო დაჯდა.
როგორც მაშინ, პირველად.
გაგაცილებო - მითხრა.

გამაცილე - მეთქი - ვუთხარი.
ტაქსი გამოიძახა.
ჩავჯექი. ჩაჯდა.
და დეიდამისთან წავედით.
მას მერე ერთად ვართ.
სახლში ხშირად ვერ იყო. ბაზა. წვრთნა. მზადება.
დამირეკავდა, დღეს არ მოვდივარო და უცებ კიბეებზე ნაბიჯების ხმას ვცნობდი.
ასე მატყუებდა. ასე ვუყვარდი.
მერე რაღაც ატკივდა და გორის ჰისპიტალში მოხვდა.
იქ უთხრეს, რომ მისი ჯარში ყოფნა აღარ შეიძლებოდა.
პირველად მკვდარი გიორგი მაშინ ვნახე. მეორედ აღარც მინახავს.
ვაზიანში სხვის მამულებს თოხნიდა და დღიურ ქირას აძლევდნენ.
მშენებლობაზე მუშაობდა მუშად - გამთენიისას დგებოდა და გვიან საღამომდე რჩებოდა.
ფიქრი კი მხოლოდ ერთი ჰქონდა - ჯარში დაბრუნება.
და დაბრუნდა.
2008 წლის მაისში აღადგინეს.

ლევანს, ჩენს პირველ შვილს, ჯერაც ჩვილს, ომების ამბებს უყვებოდა. უჩურჩულებდა, მე ომში წავალ, მამიკოო. რაც თავი მახსოვს, სულ ომიაო ჩემი სიზმარი. მაგრამ, შენ არ შეგეშინდესო, მამა, მე ვერ მომკლავენო. უკვდავი ვარო. უკვდავი.
ათი თვის იყო მაშინ ლევანი. თერთმეტის რომ გახდა, აგვისტოც მოვიდა.
ძევერაში წაგვიყვანა. მე სამი თვის ფეხმძიმე ვიყავი მაშინ.
,,ნუ გეშინია, არაფერი მომივა’’ - დავხედე წერილს და გიორგის იყო.
ვერაფერს მივხვდი და უცებ სახლი აზანზარდა. მიწისძვრა მეგონა. თურმე მეზობელ სოფელს ბომბავდნენ.
მერე თითქოს დამშვიდდა მეზობელი სოფელი და ბაღში გავედით მე, დედა და ბებია, ატმების საკრეფად. ხელში ლევანი მეჭირა და თან გიორგის ვწერდი.
არაფერს მპასუხობდა.

უცებ საშინელი სროლის ხმა მოგვესმა. ფორთხვით წამოვედით ბაღიდან და დილამდე სარდაფში ვიმალებოდით.
დილით თბილისისკენ წამოვედი. პაპაჩემი დარჩა.
გზაზე სამხედრო მანქანების კოლონამ ჩაგვიარა. იქ იჯდა გიორგი.
სულ ვფიქრობ, სად იყო ადგილი და წუთი, როცა ერთმანეთს გავუსწორდით - ის ცხინვალისკენ და მე თბილისისკენ მიმავალი.
31 დეკემბერს, 2008 წლის - ცუდად გავხდი. ექიმმა მუცელს მოუსმინა და ნაყოფი მკვდარიაო - მითხრა.
მერე სადღაც შემიყვანეს და იქ გულისცემა მოისმა. ფრთხილი. გაუბედავი.
ოთხი დღე იქ ვიწექი. 2009 წელი საავადმყოფოში დადგა.
ანა თებერვალში დაიბადა. როცა დაიბადა, გული უჩუმრად უცემდა და ფილტვი არ გაეხსნა. ექიმმა მითხრა, სხვა კლინიკაში უნდა წავიყვანოთ და მოდი, შეხედე, შეიძლება უკანასკნელად ნახოო.
თვენახევარი იქ იწვა ანა. ყოველდღე მივდიოდი და ვუყურებდი.
გადარჩა.
აპრილი იწყებოდა, სახლში რომ წამოვიყვანეთ.
იმ დღეს, სახლში, ანა და ლევანი გვერდით მეწვა და ფანჯარას ვუყურებდი.
უცებ მომეჩვენა, რომ ფანჯარა გაიღო და გიორგი შემოვიდა.
ეცვა ჯარისკაცის ფორმა. გარეცხილი. სუფთა.
ავტომატი კედელზე მიაყუდა.
ლოგინზე ჩამოჯდა და გაგვიღიმა.
ბეჭები ჰქონდა ფართო და ბრტყელი, როგორც სალესი. ფრთებად ითქმოდა ეს ბეჭები. თუშები იტყოდნენ - ბითაოაო.
ბითაო იყო.

გააზიარე სტატია