კულტურა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
რეზო გაბრიაძე იმ ხელოვათა კატეგორიაში იყო, ყველაფერი რომ საუკეთესოდ გამოსდით. წერდა, ხატავდა, აქანდაკებდა, ადუღაბებდა. როგორ შეიძლებოდა ერთნაირად წარმატებით ეწერა კიდეც და ქვისთვისაც ახალი სიცოცხლე შთაებერა. მის ამ მცირე მოგონებაში, კარგად ჩანს ხელოვანის მოუსვენრობა. ადგილს რომ ეძებს, მისთვის ბედნიერების მომტანს და ბოლოს რომ იპოვის...
"აღმოვჩნდი ქუჩაში, ხელში გაზეთით, ისევ სახელოსნოს გარეშე და კინოს გარეშეც, სადაც დაბრუნება აღარ მინდოდა.
შეიძლებოდა თეატრში დამეწყო მუშაობა მხატვრად. ამის შანსი მქონდა, მაგრამ იქ ერთ კვადრატულ მეტრზე ამბიციების ძალიან მაღალი სიმჭიდროვე იყო - რეჟისორის კაპრიზები, მხარუკუღმა მისალმებები, მეტისმეტად გულახდილი საუბრები, ქორწილები იქედნური ღიმილებით და გასვენებები აპლოდისმენტების თანხლებით. აღარ მინდოდა ამ ყველაფერზე თავის დახარჯვა.
ასე გავატარე ერთი წელი. ისევ სირბილი ჟურნალებსა და გაზეთებში, მხატვრის მიზერული შემოსავლით. და, აი, გამოჩნდა ბედნიერი შემთხვევა.
გადაწყდა, ჩემთვის, როგორც შეუმდგარი და ნაკლებად საშიში ადამიანისთვის დაეთმოთ გრძელი ოთახი ბალკონით და მის თავზე კიდევ ორი ოთახი. აქ გავხსენი მარიონეტების თეატრი.
სხვათა შორის, მეც არ მეგონა, თუ ეს საქმე ერთ წელზე მეტხანს გაგრძელდებოდა, ვფიქრობდი: “მერე ავდგები და საერთოდ გადავიკარგები”. ეხლა კი მთელი წლის ბედნიერება მქონდა წინ!
ბედნიერება კი იმ ორ ოთახში იყო. ერთში თეატრალური სახელოსნო მოვაწყვე, მეორეში კი - ჩემი.
ასე დავუბრუნდი ჩემი დანიშნულების პორტს.” - რეზო გაბრიაძე

01/30/2026