კულტურა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
15 თებერვალი ქართული კინოს "მარადიული გოგონას", თამარ ქალისა და "მამის მკვლელი ეკას" - ხათუნა კოტრიკაძის ხსოვნის დღეა... მსახიობის გარდაცვალებიდან ორი წელი გავიდა.
68 წლის მსახიობი მძიმე სენს ემსხვერპლა. მამაც 69 წლის ასაკში, ყელის სიმსივნით გარდაცვლია.
ის ახსოვს ყველას, ვისთვისაც 70-იანი წლების ქართული კინო ძვირფასია და ვინც განსხვავებული, ევროპული გარეგნობის ჟღალი გოგონა იოლად შეიყვარა. თვალებში ჭინკებით, თბილ-ანცად მომღიმარი ხათუნა, ეკას და მოტაცებული თამარ ქალის სახით ჩარჩა მაყურებლის მეხსიერებაში. თუმცა პირველი როლი 15 წლის ასაკში ითამაშა; საინტერესო გარეგნობის მოზარდი სოსო ჩხაიძემ „მეთხუთმეტე გაზაფხულში“ გადაიღო.

მისი თაობის ახალგაზრდების მომხიბვლელი კუმირი, ორიოდ ფილმის შემდეგ ეკრანიდან გაუჩინარდა. ხათუნა კოტრიკაძე თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელის, მეკარე დავით გოგიას მეუღლე გახდა. მაშინ 17 წლის იყო, უკვე უზომოდ პოპულარული.
მოგვიანებით სიდედრი სიძის მისამართით პრესასთან იტყვის, რომ ხათუნას კინოზე ქმარმა ათქმევინა უარი და რომ პოპულარული ცოლის მიმართ გამოჩენილი საზოგადოების ყურადღება, გოგიას არ სიამოვნებდა...

ამომავალი ვარსკვლავის ცხოვრება დიასახლისობამ შეცვალა. სოფელ დიღომში დასახლდა, მეურნეობას მიჰყო ხელი და როგორც ნანული ნიშნიანიძე "სარკისთვის" მიცემულ ინტერვიუში ჰყვებოდა, მის ქალიშვილს ძროხები ჰყავდა, ყველს და მაწონს ამზადებდა და არეულ 90-იან წლებში, პროდუქტით ახლობლებს ამარაგებდა. ხათუნა პროფესიით ბიოლოგი იყო, ცხოველებს ოპერაციასაც უკეთებდა, თუმცა არც სამედიცინო სფეროში დარჩენილა...
მოკლედ, ხათუნა აღარსად გამოჩენილა, არც ეკრანზე, არც ბომონდურ შეკრებებზე. თუმცა ძალზე პოპულარული მსახიობი მაყურებელს მუდმივად ახსოვდა და მისით ინტერესდებოდა. პრესის ინტერვიუებზე უარს ამბობდა, ვერც ტელე შოუების პროდიუსერებმა დაიყოლიეს ეკრანზე გამოსაჩენად. დიდი ინტერესისა და შემაწუხებელი თხოვნის მიუხედავად, ცივი უარით ისტუმრებდა ყველას...

90-იანი წლების ერთ-ერთი ძველ ინტერვიუში ხათუნა კოტრიკაძე ამბობდა:
"ფილმში შემთხვევით მოვხვდი. მე პირველ სკოლაში ვსწავლობდი, მერვე კლასში ვიყავი, როდესაც ჩვენთან მოვიდა რეჟისორი სოსო ჩხაიძე. იგი სატელევიზიო ფილმისთვის გოგონას ეძებდა. სინჯებში მე ამარჩიეს და გადამიღეს მოკლემეტრაჟიან ფილმში "მეთხუთმეტე ზაფხული". ამას მოჰყვა, შემდეგ ის ცნობილი ორი კინოკომედია, ( ,,მოიტაცეს თამარ ქალი", რეჟისორი ლეილა გორდელაძე და "მხიარული რომანი", რეჟისორი ლევან ხოტივარი), რომელიც შეიყვარა მაყურებელმა.

,,მოიტაცეს თამარ ქალის" გადაღების დროს 16 წელი შემისრულდა. დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნეს ჩემი დაბადების დღე. გია ფერაძემ მაჩუქა ნახატითა და ლექსებით დამშვენებული დიდი პლაკატი. იმ პლაკატს დღემდე ვინახავ. გიას ხომ იმპროვიზაციის დიდი უნარი ჰქონდა. იგი მრავალმხრივ კოლორიტული პიროვნება იყო.
მთელი ის დრო, ახლა ერთ მშვენიერ დღესასწაულად მეჩვენება, სადაც ყველაფერი განუმეორებელი იყო.
ახლა რომ როლი შემომთავაზონ, რაიმე ფსიქოლოგიურს ვითამაშებდი. ვერ ვიტან ტყუილს, უსამართლობას, სიძულვილს, ღალატს; ცოტა ფიცხიც ვარ და მაქსიმალისტიც. ალბათ, ასეთი ხასიათის როლის შესრულება არ გამიჭირდებოდა...

საერთოდ, თუ რამე მოენატრება ჩემს სულს, ეს უთუოდ ქართულია - ქართული წიგნი, ქართული ფილმი, ქართული სიმღერა. მეამაყება, რომ სულით ხორცამდე ქართველი ვარ. ჩემი საფიცარია ღმერთი და საქართველო. შეიძლება, ეს ვინმეს ხმამაღლა ნათქვამად მოეჩვენოს, მაგრამ არ ვაჭარბებ. მარტო სიყვარულს შეუძლია ქმნა და შენება. ბოროტება, შური და სიძულვილი მხოლოდ ანგრევს და ანგრევს!.
ბედნიერებისთვის საჭიროა სიყვარული, ოჯახი, საყვარელი საქმე და, რაც მთავარია, ბედნიერი სამშობლო".

***
1971 წელს გადაღებულ ფილმში - „მოიტაცეს თამარ ქალი“ ხათუნას პარტნიორის, დათოს როლში გია ავალიშვილია.
გია ავალიშვილი: ხათუნა პატარა იყო, სკოლას ამთავრებდა იმ დროს. მე 27 წლის ვიყავი. ყველა ვუფრთხილდებოდით. დედა ახლდა გადაღებებზე, ერთ ოჯახად ვიყავით მთელი ჯგუფი. შინაგანად ძალიან კარგი ადამიანი იყო...
ახლა მახსენდება ფილმში ხიდზე რომ მოდის... მოკლედ... ყველანაირად შემკობილი იყო.
ძალიან კარგად მახსენდება ამ ფილმის გადაღება თავისი შეკრული ჯგუფით.
ჩემი სითბო და სიყვარული ჰქონოდეს იქ, სადაც მიდის, სასუფეველში...

02/15/2026