კულტურა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
მოსაზრება იმის შესახებ, რომ წლის დასაწყისში ბედის „დაპროგრამება“ შესაძლებელია, მსოფლიოს ბევრ კულტურაში გვხვდება, თუმცა ბედობის დღის ცალკე გამოყოფა და მისი ერთ კონკრეტულ დღეს, აღნიშვნა ქართული ფენომენია.
კარგი ამბების დაბედების დღე, ანუ „ბედობა“, საქართველოში 2 იანვარს, ახალი წლის მეორე დღეს აღინიშნება და მას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

ეს დღე არ არის მხოლოდ კალენდარული თარიღი. ის ბედის „დასაწყისად“ მიიჩნევა. ხალხური რწმენით, როგორიც იქნება ბედობის დღე, ისეთი იქნება მთელი წელიც.
ბედობა არის დღე, როცა ადამიანი ცდილობს თავისი ქცევითა და სიტყვით შექმნას მთელი მომავალი წლის ბედნიერი განწყობა.
ძველად, ბედობის დღეს, განსაკუთრებით აკვირდებოდნენ ვინ შემოვიდოდა სახლში პირველად. სჯეროდათ, რომ პირველი სტუმარი ანუ „მეკვლე“მთელი წლის ბედს განსაზღვრავდა. ამიტომაც სასურველი იყო მეკვლე მხიარული, წარმატებული და კეთილი ადამიანი ყოფილიყო.

ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა, როგორი განწყობით გაატარებდი ბედობის დღეს. ამ დღეს, როგორც წესი არ ჩხუბობდნენ, ერთმანეთს
არ აწყენინებდნენ და ცდილობდნენ მხიარულები ყოფილიყვნენ.
შრომა, სისუფთავე, კეთილი საქმეების კეთება, წარმატებულ წელთან ასოცირდებოდა. სიზარმაცე და და ნეგატიური განწყობა კი არასასურველ მოვლენებს მოასწავებდა.

ბედობის დღეს სუფრაზე აუცილებლად იყო ტკბილეული - ხილი, თაფლი, ჩირი... ეს ყველაფერი სიმბოლურად ტკბილ ცხოვრებას, მშვიდ ურთიერთობებს და ბარაქიან წელს ნიშნავდა.
მიუხედავად იმისა,რომ ტრადიციებმა გარკვეული ცვლილებები განიცადა, ადამიანები დღესაც ცდილობენ ბედობის დღე ოჯახთან გაატარონ, პრობლემებზე არ იფიქრონ და მხიარული განწყობა შეინარჩუნონ.

ეს დღე კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ჩვენ, ზოგჯერ თავად ვქმნით საკუთარ ბედს. რომ ჩვენი ქცევა, ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები და განწყობაც კი, მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ჩვენს მომავალს.
12/31/2025