კულტურა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
„ევროვიზია“ ის კონკურსია, რომელიც უკვე დიდი ხანია გაცილებით დიდი მნიშვნელობის მატარებელი გახდა, ვიდრე უბრალოდ მუსიკალური შეჯიბრება შეიძლება იყოს.
ყოველწლიურად, გაზაფხულზე, კონკურსი მსოფლიოს მუსიკალური საზოგადოების ყურადღების ცენტრში უკონკურენტოდ ექცევა.
ამჯერად მთელი ყურადღება ვენისკენაა მიმართული, რომელიც ევროვიზია 2026-ს მაისის თვეში უმასპინძლებს.
საქართველოს ევროვიზია 2026-ზე საბავშვო ევროვიზიის პირველი ქართველი გამარჯვებულები, ჯგუფი „ბზიკების“ წევრები წარადგენენ... თუმცა ქართულ ისტორიას წელს ევროვიზიის სცენაზე მხოლოდ ქართველი მომღერლები არ მოჰყვებიან...

ევროვიზია 2026-ზე საბერძნეთს ახალგაზრდა არტისტი - Akylas წარმოადგენს. სიმღერა, რომელსაც ბერძენი მომღერალი ევროვიზიის სცენაზე შეასრულებს, ერთი შეხედვით ამბიციაზე, წარმატებასა და მიზნისკენ სწრაფვაზეა, თუმცა სინამდვილეში ბევრად უფრო პირადი და ემოციური ისტორიის მატარებელია.
ამ ისტორიის ცენტრში კი მომღერლის დედა - ქართველი ემიგრანტი ქალი დგას.
როგორც თავად მომღერალი სოციალურ ქსელში წერს, დედამისი საბერძნეთში საქართველოდან მაშინ გადავიდა, როდესაც მხოლოდ 17 წლის იყო. მას ხელში ჩვილი ბავშვი ეჭირა და წინ სრულიად უცნობი ცხოვრება ელოდა. უცხო ქვეყანა, ფინანსური სირთულეები, არასტაბილური გარემო და ამ ყველაფრის ფონზე პასუხისმგებლობა, რომელიც მის ასაკზე ბევრად დიდი იყო.
„ცხოვრება წარმოუდგენლად რთული იყო, ფული მუდმივად არ გვყოფნიდა, მაგრამ ის არასდროს დანებდა. მან მე და ჩემი და გაგვზარდა და ჩემთვის ის ნამდვილი გმირია,“ - წერს არტისტი დედაზე.

კომპოზიცია Ferto – „მომეცი“, რომელსაც აკილასი ევროვიზიის სცენაზე შეასრულებს, დედის ისტორიას გააცოცხლებს და მას ეძღვნება. სიმღერის ერთ-ერთ მონაკვეთში მომღერალი პირდაპირ მიმართავს დედას: „შემომხედე, დედა, ეს ყველაფერი იმ გზისთვისაა, რაც ერთად გავიარეთ… არაფერი გვქონდა, მაგრამ შენ არ დანებებულხარ, დღეს მე ვდგავარ აქ, შენ გამო. ახლა ჩემი დროა ყველაფერი დაგიბრუნო...“
Akylas-ის სიტყვებით, დედამ მას ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი ასწავლა — არასოდეს დანებება.
„არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ხარ, საიდან მოდიხარ ან რა სირთულეები გადაგიტანია — იამაყე საკუთარი თავით და არასოდეს მისცე სხვას შენი შესაძლებლობების ეჭვქვეშ დაყენების უფლება,“ - ამბობს ის.

აკილასის ისტორია ის ამბავია, რომელიც ერთ ადამიანს აღარ ეკუთვნის. ეს არის ბევრი ოჯახის, ბევრი ქალის, ბევრი შვილის ისტორია, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც ემიგრაცია არჩევანი კი არა, აუცილებლობაა.
2026 წლის მაისში საქართველო, მთელ მსოფლიოსთან ერთად, ქართველი ქალის თავგანწირვისა და სიძლიერის კიდევ ერთ ისტორიას მოისმენს ბერძნულ სიმღერაში „მომეცი“.
03/22/2026