საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
პროფესიით ექიმი, ორთოპედ-ტრავმატოლოგია, მაგრამ საზოგადოების დიდი ნაწილი მას მწერლის სტატუსით იცნობს. პოპულარობა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული რომანტიკული ლექსებითა და ფრაზებით მოიპოვა. „გახდი ბესთსელერის ავტორი“ 2018 წლის გამარჯვებულია. თუმცა თავად ტიტულებს არსებით მნიშვნელობას არ ანიჭებს, არც მწერლობაზე აქვს პრეტენზია. თავის საყვარელ საქმეს აკეთებს და მორჩა. სიმშვიდე, კლასიკური მუსიკა და სიგარეტი, ეს ის ტრილოგიაა, რაც წიგნზე სამუშაოდ აუცილებლად სჭირდება. შვიდი წიგნის ავტორია, მერვე გზაშიაო, გაგვიმხილა. მის პროფესიულ ანგარიშზე კი, ასი ოპერაციაა. ამ სიმპათიურ ექიმთან მოსახვედრად, თაყვანისმცემელი გოგონები მზად არიან ხელ-ფეხიც კი მოიტეხონ, მაგრამ ექიმი - ნიკოლოზ ტოტოღაშვილი, ამბობს, რომ პაციენტებთან ფლირტი არ "მოსულა"😊

- ნიკოლოზ, საზოგადოებამ, თავდაპირველად ლექსებით გაგიცნოთ და შეგიყვარათ, შემდეგ უკვე პროზაში გადაინაცვლეთ. რატომ ჩააჩოჩა პროზამ პოეზია?
- ჩარჩოებს გავექეცი. რაც არ უნდა თავისუფალი ლექსი დაწერო, პოეზია მაინც თავის ჩარჩოებში გაქცევს. პროზაში უფრო მეტი თავისუფლება გაქვს. ჩვენ, ადამიანები ფუნდამენტურად მიდრეკილნი ვართ ნებისმიერი სახის თავისუფლებისკენ. ჩემს თავში მუდმივად ჩნდებოდა იდეები პროზაული ნაწარმოებისთვის. ასე ჩაანაცვლა პროზამ პოეზია. მაგრამ არასოდეს არ გამომირიცხავს, რომ უკან დავბრუნებულიყავი. თუმცა მას შემდეგ ათი წელი გავიდა და ერთადერთი ლექსი დავწერე, ისიც ჩემი წიგნის გმირისთვის მჭირდებოდა. „ასტრალის სულში“, სერიული მკვლელი ტოვებს მინიშნებებს ქართველი პოეტების ლექსებიდან. ბოლო ლექსი უცნობი უნდა ყოფილიყო, თვითონ ამ სერიული მკვლელის დაწერილი და სწორედ მაშინ მომიწია ლექსის დაწერა. ოცდაერთი წლის ასაკში ლექსების წერა საბოლოოდ შევწყვიტე და პროზაში გადავბარგდი.

- მწერლობის დაწყება რაიმეს უკავშირდება?
- ჩემთვის წარმოუდგენელია ვინმემ ერთ დღეს გადაწყვიტოს და ასე უბრალოდ, მწერალი გახდეს. მიუხედავად იმისა, რომ არიან ადამიანები, ვისთვისაც ეს პროფესიად ითვლება და შეიძლება შემოსავლის წყაროდაც კი. ჩემი თვითმიზანი პოეტობა ან მწერლობა არ ყოფილა, არც კონკურსებში გამარჯვებისთვის ვწერ. ეს არის ჩემი კომფორტის ზონა, საყვარელი საქმე, რასაც სიამოვნებით ვაკეთებ. ამ ქმედებას კი, თავისთავად მოჰყვა სახელი და წოდება და ჩემს საყვარელ საქმეს - მწერლობა დაერქვა.
ჩემი პირველი შემფასებელი ყოველთვის იყო და არის დედაჩემი, რომელსაც ძალიან უყვარს კითხვა და ბევრს კითხულობს. პაპაჩემსაც ძალიან უყვარდა კითხვა, ისიც ანალოგიურად წერდა, ჩემი ბიბლიოთეკის 95 % მისი მემკვიდრეობაა.
- თქვენი წიგნები ხშირად ხვდება ბესთსელერების თაროზე. რას ნიშნავს იყო ბესთსელერის ავტორი?
- ჩემი პირველი წიგნი „შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა“, რომელიც 2018 წელს ხალხის რჩეული გახდა, ბესთსელერების თაროზე პირველ ადგილს, სამი წლის განმავლობაში იკავებდა. ამ თვალსაზრისით, ყველაზე მეტად ამ წიგნმა გაამართლა. ჩემი სხვა წიგნებიც მოხვედრილა ბესთსელერთა სიაში, თუმცა ამდენი ხნით - არა. ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, ჩემი ნაწერი გაიმარჯვებს და მოიგებს თუ არა რაიმე სახის მატერიალურ ჯილდოს. ჩემთვის მნიშვნელოვანი ის ადამიანები არიან, ვინც მხარს მიჭერენ და მწერენ, რომ ჩემი წიგნი ახლოს მივიდა მათთან, დაეხმარა და რაღაც ასწავლა. ბევრი ასეთი შეტყობინება მომდის, სწორედ ეს არის ჩემთვის მთავარი მოტივაციის წყარო. გამორჩეულად სასიამოვნოა, როდესაც ხალხის რჩეული ხარ. სიამოვნებით ვისმენ მათგან, როგორც დადებით, ასევე კრიტიკულ შთაბეჭდილებებს.

- არსებობს რაიმე მარკეტინგული ხრიკი, რასაც წერის პროცესში მიმართავთ?
- ავტორები ყოველთვის მივმართავთ მარკეტინგულ ხრიკს, რაც სათაურის სახით ყდაზე ინტრიგის გამოტანას გულისხმობს, რაც მკითხველის „დაჭერაში“ გვეხმარება. პოეზია ყოველთვის მეხმარება ფრთიანი ფრაზების თვალსაზრისით, რომელიც ადამიანის გონებაში ადვილად რჩება და შეიძლება რამდენჯერმე გაახსენდეს, გაიმეოროს და მისი საყვარელი ფრაზა გახდეს. ჩემი აზრით, ბესთსელერის დასაწერად, ყველაზე მთავარი ინდიკატორი და გამშვები მექანიზმი, გულწრფელობაა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს ტექსტებში ძალიან გულწრფელი ვარ. მკითხველი, ნებისმიერ ასაკში, გულწრფელ ტექსტს, მარტივად იღებს.
რამდენიმე დღის წინ მქონდა ასეთი შემთხვევა, ტაქსის ხანდაზმული მძღოლი გამომელაპარაკა, კითხვა გიყვარსო? წერა უფრო მიყვარს-მეთქი, ვუპასუხე. მე ძალიან მიყვარს კითხვა, შენი ასაკის მარტო ნიკოლოზ ტოტოღაშვილი ვიცი, კარგად წერსო. ნამდვილად არ ველოდი, გაოცებული დავრჩი, ჯერ ლამის ხველამ დამახრჩო, მერე წავიმაიმუნე, დიდი ვერაფერი მწერალია-მეთქი ვუთხარი. რას ამბობო, ლამის გადმომიღო და მცემა 😊 ანუ რომ მეგონა, ჩემი მკითხველი 16-დან 26 წლამდე იყო, შევცდი.
-„საყვარელი მწერლის“ სტატუსის ქონა რას ნიშნავს თქვენთვის?
- უდიდესი მოტივაციაა. მე ხომ მყავს საყვარელი მწერალი და ვიცი, რა შეგრძნებაა, როდესაც ასეთი ადამიანი არსებობს შენს ცხოვრებაში. ადამიანი, ვისაც შენი საფიქრალი გამოუთქვამს, ან ადამიანი, ვისი სამყაროც შენთვის საინტერესოა, მისი ხედვები, შეფასებები... აქედან გამომდინარე, როდესაც იგივეს ამბობენ ჩემზე, მე ზუსტად ვხვდები, ეს ადამიანები ამ სტატუსის ქვეშ რას გულისხმობენ და ამის აღქმა ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა. აქვე გეტყვით, ბავშვობიდან - დღემდე, ჩემი საყვარელი ავტორი ვიქტორ ჰიუგოა.
- საკმაოდ ხშირად გამოსცემთ წიგნებს, ასეთი მოუსვენარი მუზა გყავთ?
- მუზის არსებობას არ ვაღიარებ. ჩემთვის ეს ყველაფერი განწყობა, ხასიათი და ემოციური ინტელექტია. წელიწადში ერთი წიგნი გამოდის, ეს ძალიან ბევრია. სწორედ ახლა ვფიქრობ, გარკვეული დროით პაუზა ავიღო. გაგიმხელთ, აპრილის წიგნის ფესტივალზე კი, ჩემს რიგით მერვე წიგნს შემოგთავაზებთ, რომელიც ერთ თვეში დავწერე. მკითხველს სიურპრიზს ვუმზადებ, ამიტომ ჯერ არ გავაჟღერებ რაზეა წიგნი, შემდეგ ერთიანად დააგემოვნონ.

- თქვენი შვიდი წიგნიდან, ობიექტურად, რომლის წაკითხვას ურჩევდით გემოვნებიან და ამავდროულად, პრეტენზიულ მკითხველს?
- „რატომ კვდებიან კუპიდონები?“ ძალიან კარგ წიგნად მიმაჩნია და ძალიან მიყვარს. მისი ავტორი რომ არ ვიყო და უბრალოდ წამეკითხა, სხვა ადამიანებს აუცილებლად ვურჩევდი წაეკითხათ.
- გაჯეტებზე მიჯაჭვული დღევანდელი თაობა როგორი მკითხველია?
- ჩემი დაკვირვებით, ახლანდელი თაობა უფრო მეტს კითხულობს, ვიდრე თუნდაც ჩემი თაობა. პირადად მე, ძალიან ბევრი წიგნი მაქვს. ამდენი წიგნი რომ ჰქონდეს ამ თაობას, ალბათ, ყველა წაკითხული ექნებოდათ. მე ჩემმა პროფესიამ შემიშალა ხელი, მედიცინაში ძალიან ბევრი საკითხავი მქონდა. დღესაც, თუ დროს გამოვნახავ, მეტწილად მაინც პროფესიული მიმართულებით ვკითხულობ. კლასგარეშე ლიტერატურა ძალიან ნიშვნელოვანია ჩვენი განვითარებისთვის.
- ბეჭდური წიგნი, თუ ელექტრონული?
- აუცილებლად ბეჭდური.

- მწერლის კალამი თუ ქირურგიული ჩაქუჩი, რომელი უფრო სანდო და მახვილი იარაღია თქვენს ხელში? 😊
- გააჩნია, სად ვარ და რას ვაკეთებ. საოპერაციოში კალამს დიდად ვერ გამოიყენებ, ლიტერატურაში კიდე, ჩაქუჩით შორს ვერ წახვალ. ჩემს შემთხვევაში, მედიცინა ყოველთვის გადაწონის ლიტერატურას. მწერლობა სიამოვნებას მანიჭებს და ამიტომ ვწერ. ექიმობა ჩემი პროფესიაა, განსაკუთრებით მიყვარს და მაბედნიერებს, როცა ადამიანებს ვეხმარები. ფაქტობრივად, ლიტერატურაც ამას აკეთებს. როგორც ექიმი ფიზიკურ ტრავმებზე ვმუშაობ, როგორც მწერალი - სულიერზე.
ტრავმატოლოგი ვარ და ჩემი თავი, დღეს სხვაგან, ვერც წარმომიდგენია. შეკეთება მეხერხებოდა ყოველთვის, ხელმარჯვე ვარ. ბავშვობაში ყოველთვის მაინტერესებდა ჩაქუჩი, ხერხი და ცული, მართალია განსხვავებული ფორმით, მაგრამ ჩემს საქმეს მივაგენი. მე ვარ ექიმი რეზიდენტი. ბოლო ერთი წელია ჩემი მასწავლებლის დაკვირვების ქვეშ ვმუშაობ. რვა ათას ოპერაციაზე ვარ ნადგომი დამხმარედ, დამოუკიდებლად ასი ოპერაცია მაქვს ჩატარებული.

- ყველაზე უცნაურ პაციენტზე რომ გაიხსენოთ...
-აი, მაგალითად, დაურეკავთ და უკითხავთ, ორი წლის წინ ოპერაცია რომ გავუკეთე, იმისგან ხომ არ არის გამოწვეული ახლა სიცხე რომ მისცა? ასევე, სამი წლის შემდეგ დამირეკა პაციენტმა და მკითხა, ხომ არ მახსოვდა ოპერაციის დროს წნევა რამდენი ჰქონდა? ერთმა შემომჩივლა, ფეხი შემიშუპდაო, ვურჩიე დიდხანს არ გქონდეთ ფეხები დაბლა ჩამოშვებული რომ არ შეგიშუპდეთ-მეთქი და სიარულის დროსო? - მკითხა. ძალიან ბევრი მსგავსი შემთხვევაა. ამ კომიკურ ამბებზე ერთი წიგნი ჩვეულებრივ გამოიცემა 😊
- გამიგია, რომ პაციენტს ექიმთან სასიყვარულო ურთიერთობა გამოსვლია. პაციენტთან ფლირტი არ მოსულა? 😊
- არავითარ შემთხვევაში. ვიღაცისთვის ეს შეიძლება სრულიად ნორმალური იყოს, მაგრამ ჩემთვის, მიუღებელია. მაქსიმალურად ორიენტირებული ვარ იმ საქმეზე, რასაც ვაკეთებ. როცა ასეთ საპასუხისმგებლო პროფესიაში ხარ, ემოციებმა არ უნდა გმართოს.

- ფეისბუქზე განთავსებულ ფოტოებზე, გოგონები ხშირად გიწერენ კომენტარებს, თქვენი პაციენტი რომ ვიყო, ძალით როგორ მოვიტეხოო ფეხი, ხელი და ა.შ... ამაზე რა რეაქცია გაქვთ? 😊
- იყო ეგეთი შემთხვევები, მოსულან და ჩემთან კონსულტაცია მოუთხოვიათ, რეალურად არავითარი ტრავმა არ იყო. მე ჯერ რეზიდენტი ექიმი ვარ და კონსულტაციები არ მაქვს, როცა ამას იგებენ, შემდეგ კითხულობენ, თუ შეიძლება "ისე" ვნახოო. მოკლედ, როცა ლიცენზიას ავიღებ, მერე მობრძანდით 😊
- ერთ-ერთ პოსტში წერთ, მარტო იმიტომ ვარ, რომ მეცხრამეტე საუკუნის სიყვარულს ვეძებო...
- მე უპირობო სიყვარულის მჯერა. როდესაც მიყვარს, თხემიდან ტერფამდე ერთ ადამიანს ვეკუთვნი. მაქსიმალურად ორიენტირებული ვარ მის ბედნიერებაზე. ჩემს გვერდით მყოფი ადამიანი აუცილებლად ბედნიერი უნდა იყოს, სხვანაირად ვერ წარმომიდგენია. მთელი იმ თავისი მეცხრამეტე საუკუნის ქმედებებით, რაც ზოგადად სიყვარულს ახასიათებდა. სეირნობა, სერენადები, ლექსები, წერილები, თაიგულები... სიყვარული ასეთად წარმომიდგენია.
დღეს ძალიან გაუფასურებულია ეს გრძნობა. არავის არ ვაკრიტიკებ, მაგრამ მგონია, რომ მატერიალურმა საკითხებმა, ცხოვრებისეულმა ჩარჩოებმა, ემოციურად არასრულყოფილმა ადამიანებმა, ამ გრძნობას ღირებულება დაუკარგეს. როგორც ამბობენ, სოციალურმა ქსელმა რომანტიზმი მოკლა. ადამიანებს ჰგონიათ რომ ყოველთვის იპოვიან უკეთესს. სოციალურმა ქსელმა ეს შესაძლებლობა გაზარდა, რადგან ძალიან ბევრი რამ არის ხელმისაწვდომი. ადამიანებს ავიწყდებათ რომ რეალობა აბსოლუტურად სხვანაირია.

-„წვერი მაქვს ყოველთვის, ნუ, ხშირად არც ისე, ვატარებ მოზრდილს და ამინდის მიხედვით და როგოც ამბობენ სჩვევიათ ნარცისებს“ - ამონარიდი თქვენი ლექსიდან. ნარცისი არის თქვენში? 😊
- ეს ლექსი თვრამეტი წლის ასაკში დავწერე. ერთ გოგონასთან მქონდა კომუნიკაცია, რომელიც ნარცისს მეძახდა. ნარცისის კომპლექსზე ინფორმაცია რომ მოვიძიე, თავი შეურაცხყოფილად ვიგრძენი, იმდენად ცუდი პიროვნებები არიან ნარცისისტული აშლილობით დაავადებული ადამიანები. ამ კატეგორიის ადამიანთან საბედნიეროდ არაფერი მაკავშირებს. ზოგიერთი ნარცისს საკუთარ თავზე ზედმეტად შეყვარებულ ადამიანს უწოდებს. ჩვენ საბოლოო ჯამში ძალიან მნიშვნელოვანი რამ გვავიწყდება, რომ ჩვენ ვერ შევძლებთ ვერავის შეყვარებას, თუ პირველ რიგში საკუთარი თავი არ გვიყვარს.

ვიღაცების ხედვებში საკუთარ თავზე შეყვარებული ადამიანი უარყოფითად აღიქმება. ჩვენ უნდა ვიბრძოდეთ იმისთვის, რომ კარგად გამოვიყურებოდეთ. ჩვენს ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე უნდა ვიზრუნოთ.
- სარკეში რომ იხედებით, იქედან ვინ გიყურებთ?
-ზოგჯერ პატარა ნიკოლოზი, ზოგჯერ მოზრდილი, ხანდაზმულიც... ალბათ, ისიც, ვინც ხელსაც გამარტყამდა ჩემი კონკრეტული გადაწყვეტილებების გამო, ალბათ, ისიც, ვინც ჩამეხუტებოდა ამავე გადაწყვეტილებების გამო. ძალიან ბევრი ადამიანი, ვისაც ბევრი სათქმელი აქვს ჩემთვის და რა თქმა უნდა, მათ ყოველთვის ვუსმენ. მთავარია, მტერი არ მიყურებდეს, სხვას მივიღებ.

04/07/2026