Logo

რელიგია

„ბევრ თხილს დავტეხ, ყველას წილ ქრისტეს გავათავისუფლებ“ - რატომ ეძახდნენ შობის განთიადს "თხილობის ღამეს" მთაში

„ბევრ თხილს დავტეხ, ყველას წილ ქრისტეს გავათავისუფლებ“ - რატომ ეძახდნენ შობის განთიადს "თხილობის ღამეს" მთაში

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

შობის ღამის ერთ ძალიან საინტერესო ტრადიციაზე წერს სოციალურ ქსელში მწერალი და ჟურნალისტი ნინო თარხნიშვილი.

"თხილობის ღამე" ასე ეძახდნენ მთაში შობის წინა ღამეს და საინტერესო რიტუალსაც ატარებდნენ - თხილის ნაჭუჭიდან ქრისტეს ათავისუფლებდნენ.

მწერალი მთის ხალხში გავრცელებულ რამდენიმე ისეთ წეს-ჩვეულებას იხსენებს, რომლებიც ბავშვობის მოგონებებად ექცა.

"დედაჩემი მთიდანაა. მთის ხალხის წარმართულ-ქრისტიანულ, ჯადოსნურ რიტუალებს კიდე რა მოსთვლის. ამ რიტუალებში გავიზარდე მეც - ასე “გამრიეს” მარიამობაზე 5 წლისა ხატში, გუდამაყარში - მთის წვერზე ასულს, ცხვრის სისხლში ამოვლებული საჩვენებელი თითით დამასვა ჯვარი შუბლზე ცხვრის ტყაპუჭიანმა “დეკანოზმა”, მე კიდე ბებიაჩემის გამომცხვარი ხავიწის ქადა ავუტანე, ნახევრად ნაჭამი. “დეკანოზმა” გადაიხარხარა, აბა, შახედეთ ქალშავას, გაკბენჩილი ქადა ამამიტანაო.

ნათლისღებაზე კიდე, მთაში რომ წყალკურთხევას ეძახიან, დილის სისხამზე დოქი უნდა აავსო წყლით და თოვლში, სადაც ფეხი არავის დაუდგამს, მდუმარედ დაასხა.

თხილი

შობის ღამეს კი ბებიაჩემისთვის თხილობის ღამე ერქვა - მთაში სჯეროდათ, რომ ქრისტე თხილის ნაჭუჭში იყო გამომწყვდეული, დასტეხდი თხილს და ქრისტესაც გაათავისუფლებდი. ამიტომ დგას ხოლმე შობის ღამეს, მთაში, სუფრაზე, თხილით სავსე ჯამი.

ბებიაჩემის ჩამოქნილი თაფლის სანთლის სუნი კი ისე მენატრება… განჯინიდან რომ გამოიღებდა სანთლის დიდ ნატეხს, გაალღობდა, მოზელდა, ძაფს გამაჭიმინებდა ჰორიზონტალურად, შემოახვევდა მოზელილ სანთელს და ხელისგულების სწრაფი მოძრაობით, თვალსა და ხელს შუა ჩამოქნიდა ერთ გრძელ სანთელს და მერე დანით დაჭრიდა, პატარ-პატარებად.

სანთელი

როცა კი სანთელს ვყიდულობ, ჯერ ვყნოსავ, იმ სანთლის სურნელს ვეძებ, მაგრამ ვეღარსად ვპოულობ.

ხვალ ღამე მთაში თხილობის ღამე დგება. მე აქ, ქალაქში ვიყიდი თხილს, დავტეხ და ნაჭუჭში გამომწყვდეულ იესოს გავათავისუფლებ. ყველას ქრისტეს გამოვუშვებ, ვისაც გწამთ, ვისაც არ გწამთ, ვისაც გწამთ, მაგრამ გრცხვენიათ, რომ გწამთ. ვისაც ჩუმად გწამთ და პოზაა არ გწამდეთ. ბევრ თხილს დავტეხ, ყველას წილ ქრისტეს გავათავისუფლებ. თუ ვინმე მოისაკლისებთ ქრისტეს, გამაგებინეთ, თხილს ბევრს ვიყიდი - თხილიც მიყვარს და ჩემი ერგული მეგობრის, მარიამის ვაჟიც," - წერს ნინო თარხნიშვილი.

ავტორი: ზმნა

01/06/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024