Logo

საზოგადოება

"ბევრი ლექსი ჰქონდა სიკვდილზე. არც ის ავარია მოხდა შემთხვევით" - ცნობილი პოლიტიკოსის 18 წლის ვაჟის ტრაგიკული ისტორია

"ბევრი ლექსი ჰქონდა სიკვდილზე. არც ის ავარია მოხდა შემთხვევით" - ცნობილი პოლიტიკოსის 18 წლის ვაჟის ტრაგიკული ისტორია

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ბევრმა იქნებ არ იცოდეთ, რომ ნარიყალაზე, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის ეზოში 18 წლის პოეტი ბიჭია დაკრძალული. მართალია, დათა გულუა, დღეს 41 წლის იქნებოდა, თუმცა ის მაინც პირტიტველა ბიჭად დარჩება, რომელმაც თავისი ხანმოკლე სიცოცხლე ლექსებით იწინასწარმეტყველა.

დათას ორასამდე ლექსი მისი გარდაცვალების შემდეგ გახდა ცნობილი, კრებულებიც მოგვიანებით გამოიცა.

დათა გულუა

ეს ძალზე სიმპათიური ბიჭი 2003 წლის 27 ოქტომბერს ავტოკატასტროფაში დაიღუპა. უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გადაწყვეტილებით, ახალგაზრდა პოეტი წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის ეზოშია დაკრძალული, ნარიყალაზე მიმავალ ქუჩას კი, დათა გულუას აღმართი დაერქვა.

დათა გულუას აღმართი

დათა პოლიტიკოს ბაკურ გულუას (1994-1995წწ. საქართველოს ვიცე-პრემიერი; 1995-2000წწ. სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი) ვაჟია.

2009 წლის აგვისტოში, მწერალთა და მთარგმნელთა საერთაშორისო ფესტივალზე, დათა გულუას ოქროს მედალი მიენიჭა ნომინაციაში - „სიტყვიერების დიდოსტატი“ მაღალი პროფესიონალიზმის, ლიტერატურისა და ნაციონალური კულტურის განვითარებისა და წინსვლის საქმეში შეტანილი წვლილისათვის. მწერალთა კავშირის გადაწყვეტილებით, დათა გულუას ლექსები შეტანილია "ქართული პოეზიის ანთოლოგიაში".

დათასა და მის შემოქმედებაზე, რამდენიმე წლი წინ პეტრე კვარაცხელია მესაუბრა.

პეტრე კვარაცხელია: - ძალიან გულდასაწყვეტია ასეთ ადრეულ ასაკში რომ გადიან სოფლიდან ასეთი ადამიანები.

მე კარგად ვიცნობ დათა გულუას შემოქმედებას. მის ლექსებს ხშირად ვკითხულობ. სულ მაინტერესებს, ასეთ პატარა ასაკში რატომ გამოიწვია ამ ქვეყნიდან ავტოკატასტროფით გასვლა?!

იმედია, მის ახლობლებს არ ეწყინებათ თუ ვიტყვი, რომ დათა თავის შემოქმედებაში წინასწარმეტყველებს, რომ ადრეულ ასაკში დატოვებს სხეულსა და ამ სამყაროს.

მის თაობაში ნამდვილად გამორჩეული ახალგაზრდა იყო. არა მხოლოდ პოეზიით. პოეზია ადამიანის სულიერი მდგომარეობის დეტალია. თუმცა იმ ერთ დეტალში მთელი სულიერი მდგომარეობა შეიძლება ამოიკითხო.

დათა გულუა მუდმივად უკმაყოფილოა წუთისოფლით, მუდმივად რაღაცას განიცდის, მუდმივად სიახლის ძიებაშია. ასეთი გახლდათ მისი პოეტური მდგომარეობა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ის შეძლებული ოჯახის შვილი იყო, მაინც ამდენი სევდა და ტკივილი ახლდა თან მის პიროვნებას და მის პოეტურ საწყისებს.

ეს ასაკით პატარა ადამიანი სინამდვილეში სულით ძალიან დიდი აღმოჩნდა. როგორც აღმოჩნდა, მან სირთულეებს ვეღარ გაუძლო და უფალმა ავტოკატასტროფით გაიყვანა. თითქოს ის ამისთვის ემზადებოდა. ასეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ თითქოს ამოწურული ჰქონდა ხორციელი სამყარო, თითქოს მობეზრდა და მოუნდა ჩვენგან დაფარულ სამყაროში მოგზაურობა. ეს მის არაერთ ლექსშია ხაზგასმული.

დათა გულუა

ქრისტე წმინდა წერილში გვეუბნება, რომ შემთხვევითი არაფერია ამ სამყაროში, თქვენი ყველა თმის ღერი დათვლილიაო და ბუნებრივია, ის ავტოკატასტროფაც შემთხვევით არ მომხდარა. ალბათ, მას ფარისევლობით გაჯერებულ სამყაროში ცხოვრება ძალიან უჭირდა. უფალმა თითქოს ამ სიბინძურეს განარიდა და ცათა სასუფეველი დაუმკვიდრა.

ბევრი კარგი პოეტი გვყავდა მეოცე საუკუნის ქართულ სინამდვილეში. ტერენტი გრანელს შეჭირვებული ცხოვრება ჰქონდა, შესაბამისად, მისი პოეზიაც იმ რეალობის წინააღმდეგ გაბრძოლება იყო, რომელშიც ცხოვრობდა. დათას სამაგისო არაფერი ჰქონდა, მას არაფერი უჭირდა, მაგრამ ის საწუთროს მწუხარებას მაინც განიცდიდა. მისი პოეზია იყო ერთგვარი პროტესტი ყოველდღიურობის წინააღმდეგ მიმართული. ჩემთვის ეს არის ხელჩასაჭიდი და მნიშვნელოვანი, რომ ის მატერიალურად არ იყო მძიმე მდგომარეობაში, მაგრამ სხვის ტკივილს საკუთარივით განიცდიდა. ის ყველა მატერიალურ მოთხოვნილებაზე მაღლა დადგა.

მართლაც 18 წლის ასაკში მან ძალიან ბევრი ლექსი დაწერა სიკვდილზე. 

ამ პატარა ასაკში მის პოეზიაში ისეთი პოეტური მიგნებები აქვს, მხოლოდ რომ დათა გულუასია. აქვს მიამიტური და გულწრფელი ლექსები. ის თავისი ლექსებით სულ გვარიგებს.

დათა გულუა

დათა გულუა მარად ჭაბუკად დარჩა. ის ყოველთვის 18 წლის იქნება. ასი წლისაც რომ გახდება, მაშინაც... ეს ღვთის უდიდესი საიდუმლოებაა, რომელსაც ჩვენ ადამიანები ვერასდროს შევიცნობთ.

ზოგი ასი წელი ცხოვრობს, მაგრამ ამ სამყაროში ვერაფერს ტოვებს. ქრება, როგორც ლუარსაბ თათქარიძე. ზოგი კი წარმავალ წუთისოფელზე ისე გვაფიქრებს, რომ აქაურობას ძალიან არ მივეჯაჭვოთ და არ ჩავებღაუჭოთ.

ვიცი, რომ დათას ოჯახმა წმინდა ნიკოლოზის ტაძრის რესტავრირებაში წვლილი შეიტანა და პოეტი ამ ტაძრის ეზოშია დაკრძალული. ეს ყველას არ ეღირსება. მას ტაძარში ყოველთვის ეყოლება მომხსენებელი, თუნდაც უცხო და შორეული, თუნდაც მისი ლექსი და პიროვნება არ იცოდეს...

დათა გულუა

ღმერთმა ნათელი დაუმკვიდროს მის სულს. და ასეც იქნება. ასეთ ადრეულ ასაკში ღვთის საიდუმლოებების ამოხსნასა და შეცნობას ღმერთის რჩეულები აღწევენ.

დათას ლექსები

ამოძახილი...

ყინულის სხეული თეთრ პოსტამენტზე,
თითები მკლავებს შედუღებული,
ისე ფეთქავდა ვარდებით სახე,
მზესთან პლუტონი შეუღლებული
გზააბნეული ცელავდი სხეულთ,
ნანადირევით მხარდაკონკილი,
მე ჟანგს ვაყრიდი მაგ შენს ცელს, წყეულს,
ვერ დაგიმტვრიე გულზე ბორკილი.
თავი მეგონა კოშკის ხელმწიფე
და ოფელია თითქოს ერთგული,
გამშორდა მთვარის მეოცე ღამეს
და ცრემლს მისხამდა დოქით მერწყული.
გულმა გადიძრო თვით მკერდის კანი,
მხრები დაამხო აწ ნაწვალები,
მთვარეზე აძვრა კვლავ შენი ტანი
და დღესაც მოსჩანს ის ნაკვალევი
მაშინ ვიხვიე ბეჭებზე ფარჩა,
სარკოფაგივით მახურავს დღემდე
და დამსხვრეულა იმედის მაჯა,
რომელსაც ასე ძლიერად ვენდე
და გაზაფხულზე დავრჩი ძარცვული,
ვით ჟამთა სვლაზე კოლიზეუმი,
ჩემს სარეცელზე ვწევარ ჩაცმული,
ვწევარ და გეძებ ისევ წყეული.
იმ დღეს იწვოდნენ გზაზე ფოთლები
და ჩვენს ადგილზე ისხდნენ მტრედები,
შენი ცრემლისგან ვეღარ ვლოთდები,
ოთახის კედლებს ვეღარ ვედები.
და დავრჩი ასე უშენოდ, მარტო,
შენი სფინქსებით მევსება ღამე,
მთვარემ გადიძრო წარსულის მანტო
და დააღონა მშიერი არე.
გამთენიისას ჭოტი კნაოდა,
ბალახზე იდგა ნისლი, დარაჯი
და სიყვარული ჩემში დაობლდა,
ჩაინთქა თვალში ვარდის სარაჯი.

მიჰქრის...

მიჰქრის,
მიამტვრევს,
მაგ ჭრელ ნაწნავებს
და ელის სული მთვარეს ნაწვალებს.
თუნდ გაიტანოს ზღვაში ფიქრები
სიძვით ნატანჯმა გემმა,
შენ მაინც შავი დალი იქნები
და მუქი ქრიზანთემა.
კვლავ დაიკეცა ბილიკი ასჯერ
ათიათასჯერ დაემხო გზები
შენსკენ მომავალს, სიკვდილით ნაჯერს
არვინ დამიგო ბზები.
და გავახვიე ხარბად ნაბადში
თიბათვის მშვიდი ფერი,
გაინავარდებს სიძვა ჭალაში
ვით მოფრიალე სროლის წინ მწყერი.

ბოჰემა

ქალაქი ხმლებით კაფავდა ღამეს
რა დუმილია? რა დუმილია!
სიზმარი მიმტვრევს ოთახის სარკეს,
ქვის დუღილია, მზის წყურვილია.
საათი მოკვდა ჩემს მაგიდაზე,
ბოლთას აღარ სცემს წამის ისარი
და უკვდავების ჩუმ გარინდვაზე
მერქნით ამევსო გულის ფიცარი....
მე ისევ ვიღებ ჩემს ძველ თამბაქოს
და თავს მოვაწვავ ცეცხლით, ყრუ ალით
ბედის უკუღმართ გავშლი მე ბანქოს,
სადაც თავს იკლავს აგურის ქალი.
ჩემს წინ დაჯდება ქველი ბახუსი
შემომთავაზებს გვირგვინის მტევნებს
და მიღალატებს მე იანუსი,
როცა გავანდობ გულის დარდს ქვევრებს
შევბანცალდები ღამის ქსოვილში
ზურგს ჩამოვაგლეჯ ყოფის კიდობანს
და აჩრდილების უხმო ქორწილში
მივიტან მე ჩემს გაცვეთილობას.
ქიმერიონში შავ ფრაკს გავიხდი,
კვლავ დავუჯდები გარდაცვლილ ყანწებს
და პანთეონში, ქართა მახვილში
ვეალერსები გარდასულ ნაძვებს.
ყოველ გვირაბში დავიდებ ბინას,
გადმოვღვრი ბაგით ლირიკის საგზალს,
სიონთან ლურჯი ცილინდრით მივალ
და შევექცევი ზარებთან სამხარს.
ვით მზით დაჭრილი ჭრელი აფთარი,
მე გავექცევი ქალაქის ავდარს,
ჰორიზონტებზე მოვა ზამთარი,
სულში ჩამისხამს დეკემბრის ბადაგს
უკან პოეტთა მომყვება გუნდი,
საფლავებიდან რომ წამომდგარან,
მიწა მიყვირის _ ფაშვში დაბრუნდი,
გუშინ მთებიდან ტყე გადმომხტარა
მე ცაზე ვხედავ იესოს ჯვარცმას,
ღრუბლის მაგივრად ვხედავ გრაალებს
და ვეღარ ვასწრებ მანტიის ჩაცმას,
რომ უკვე დილის დროშა ფრიალებს.
ჩემს სარეცელზე მე მომასვენეს
თვით მეტერლინკის ლურჯა ჩიტებმა
მკერდქვეშ ზღვის ყანწი გამომატანეს,
ტანზე სიზმარი ფერად ჩითებად.
ქალაქი ხმლებით კაფავდა დილას
იღიმებოდა კედლის საათი
ჯანდაბა! ისევ ბახუსმა მტკვირა
და ტორტმანებდა ლოდინის ზარი.

* * *
ოცი ავაზა აფრენილი მოჰყვება კუბოს,
დღე ფარშევანგის ბუმბულივით ამიპრიალდა,
მაშ, ბოლო ვალსი, ბოლო ალტის სიმები უხმო?
თუ, მეუფეო, ევერესტზე დამაგვიანდა?!
ამ რექვიემზე იზეიმებს, ალბათ, სიკვდილი
და ეს იქნება ნელი ვარდნა, კვლავ წამიერი.
არ გამაგონოთ პარტიტურა ბოლო ტირილის,
თქვენში უჩუმრად ცოცხალია ჰერ სალიერი.
მოდით, დამხედეთ, გარდაცვლილმა როგორ ვიბრძოლე,
ნუ შეგაშინებთ თალხისფერი ჩემი სხეულის.
მე არ მოვმკვდარვარ,არ მოვმკვდარვარ, მხოლოდ ვიცოცხლე,
ამაოებით არ მივსია სულის რვეული.
და მე დამკრძალეს შაბათის დილას,
მზის ნიჟარიდან დღე მოძვრებოდა
და იქვე, ხესთან ეძინა მოცარტს,
გაიღვიძეო? – მეკითხებოდა.
მე წუხელ მოველ ვერცხლის წვიმად,
მე მოველ თოვლით,
თქვენ ისევ ყოფის ბორბლებს დასდევთ ლურჯ ბილიკებზე.
კვლავ დაგავიწყდათ ‘მოდერატო’, ტკივილი შორი,
ისევ ალეგრო თქვენს სისხლშია და თქვენს ღიმილზე.

ავტორი: თამარ გონგაძე

07/23/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024