
09/16/2026
"ბევრი მოხუცის სიბერე, ახლა რომ ღირსეულია, ჩემი დამსახურებაც არის" - თქვა ნანიკო ხაზარაძემ "მძიმე წერტილში" სტუმრობისას.
იცით, რომ მსახიობი და ტელეწამყვანი იმის გამო, რომ მან მამა, სიცოცხლის ბოლო წლებში, მძიმე დიაგნოზის გამო, მოხუცთა პანსიონატში აცხოვრა, საზოგადოების მხრიდან ბულინგის მსხვერპლი იყო. მას ნათესავებიც დაუპირისპირდნენ...
ნანიკო ხაზარაძე: მამა მარტო ცხოვრობდა. ღრმა ბავშვობის შემდეგ, ჩვენ ერთად არასდროს გვიცხოვრია. მე ვმუშაობდი, მამასთან ლილუს ვტოვევებდი. მომვლელიც იქ იყო, მაგრამ ბავშვი იყო შოკში. ლილუ მაშინ პატარა იყო და მისი ტვინი ვერ აღიქვამდა, რატომ ვერ ცნობდა მამაჩემი, რატომ ელაპარაკებოდა ასე, რატომ ეჩხუბებოდა და სულ მთხოვდა, გეხვეწები, აღარ დამტოვო მასთანო.
მე რომ ვიცი, რა მდგომარეობაში იყო ლილუ და რა მდგომარეობაში ვიყავი მე, ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება. ტელეფონზე 250 გამოტოვებულ ზარს რომ ნახავ. რომ ვპასუხობდი, მამა, რა გინდოდა-მეთქი, იქიდან პანიკური ხმით, სად ვარ? სად არის ჩემი სახლი? ვინ წამართვაო, მპასუხობდა.

საერთოდ არ მინდა ჩემმა შვილმა ეს გაიაროს. ამიტომ ვუთხარი, დედიკო, როგოც კი შეატყობ, რომ მე შენი ტვირთი ვარ, მე მზად ვარ შენ აიღო პასუხისმგებლობა შენს თავზე და გადამიყვანო იმ ტერიოტორიაზე, სადაც შენც მშვიდად იქნები და მეც-მეთქი. ამისთვის ორივე მზად ვართ.
მე რომ ამ თემაზე ხმამაღლა საუბარი დავიწყე, ბევრი შემეხმიანა.
ერთხელაც, მანქანით მგზავრობისას რადიოში მოვუსმინე მოხუცთა სახლის რეკლამას და მივხვდი, რომ ამ რეკლამაში ჩემი წვლილიც არის. თემა პოპულარული გავხადე. პოპულარული გავხადე პანსიონატი. ტევა აღარ არის მოხუცთა სახლებში. მართლა გეუბნებით. პანსიონატმა, სადაც მამა ცხოვრობდა, მეორე ფილიალი გახსნა. ლალისთან ადგილი აღარ არის. ბევრი ახალი პანსიონატი გაიხსნა. კონსულტაციის მიზნით, მეც დღემდე ზარებს ვპასუხობ. ამ თემასთან დაკავშირებით ნერვიულობა ღირდა, რადგან ამ ყველაფერში ჩემი დამსახურებაც არის.
ნელ-ნელა მიხვდნენ, რომ მე მამა კი არ გადავაგდე, მე ის პროფესიონალებს ჩავაბარე.
როგორც ბავშვი მიგვყავს ბაღში, რომ განვითარდეს, ასე მიგვყავს მშობელი ამ ტიპის დაწესებულებაში, რომ მან თავი რეალიზებულად იგრძნოს; რა მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს ის.
მამას ოთახის კარზე ლალიმ, პანსიონატის მეპატრონემ, დაუკიდა აბრა - პროფესორი ხაზარაძე. მამამ რომ აღმოაჩინა, რომ პროფესორია და აქვს ხელფასი (რასაც მე ვერასდროს მოვიფიქრებდი), ამ პატარა დეტალმა მისი სიბერე ისე შეცვალა, რომ კაცი მუდმივად ბედნიერი იყო. რომ მივიდოდი, ლალის დამზადებულ ხელოვნურ, ლამინირებულ დოლარებს მამაჩემი ჯიბეში მიკუჭავდა, რაღაცა იყიდეო.
ვთვლი, რომ ბევრი მოხუცის სიბერე, რომ ახლა ღირსეულია, ჩემი დამსახურებაც არის. ძალიან ამბიციური, მაგრამ რეალური განცხადება გავაკეთე.

გააზიარე სტატია