საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
2008 წლის 11 აგვისტო... სოფელი შინდისი... 21 ქართველი მებრძოლი და 100-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი...
და ამბავი, რომლის მსგავსიც მხოლოდ წიგნებში წაგიკითხავთ...
სარკინიგზო სადგურთან, საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული რუსულ მოტომსროლელ ასეულთან უთანასწორო ბრძოლაში ჩაება.
რუსული საბრძოლო შენაერთის მეთაური გაოგნდა ქართველების წინააღმდეგობით და გადაწყვიტა, რომ მათი ძალები საკმარისი არ იყო, ამიტომ რადიოკავშირის საშუალებით, დამხმარე ჯგუფი და მძიმე ტექნიკა გამოიძახა.
ბრძოლამ, დაახლოებით, ერთ საათამდე გასტანა. ქართველი ჯარისკაცების წინააღმდეგ გამოიყენეს ყველა შეიარაღება, რაც კი გააჩნდათ. მტერმა მათი დამარცხება მას შემდეგ შეძლო, რაც ქართველებს ტყვია- წამალი გაუთავდათ.

"ასეთი რამ ფილმებშიც არ გვინახავს, ჩვიდმეტიდან ერთადერთი საღ-სალამათი ჯარისკაცი, რომელსაც შეუძლია გაქცევა, მუხლებზე დასვენებული დაჭრილი თანამებრძოლის თავს გულში იხუტებს, ჯიბიდან მობილურ ტელეფონს იღებს და სადღაც რეკავს. "მიპასუხე, მამაო, ღმერთო, არ გადის ეს დალოცვილი ზარი", - ისმის ტკივილით ნათქვამი სიტყვები. მერე მობილურს მოისვრის და დაჭრილ ბიჭებს გასძახებს, ჩემკენ მოიწიეთ, მტერს ცოცხალი არ უნდა ჩავბარდეთ, "ლიმონკა" მაქვს და თავს ავიფეთქებთ. ეს თვითმკვლელობა არ იქნება. მე ვილოცებ, თქვენ თუნდაც გულში გაიმეორეთო და... ბრძოლის ველზე ანგელოზის გალობასავით გაისმის "მამაო ჩვენო"," - გაიხსენებენ მოგვიანებით შინდისელები...
„მოდით, ბიჭებო, მე გადაგარჩენთ" - დაიძახა უმცროსმა სერჟანტმა, ალექსანდრე ონიანმა, თავისი ნათლული, რომან ზოიძე, რომელიც დაჭრილი, სისხლისგან იცლებოდა, გულში ჩაიკრა და ლოცვა დაიწყო; მას დანარჩენმა დაჭრილებმაც ავაყოლეთ ხმა.. ერთად ვამბობდით "მამაო ჩვენოს"… სწორედ ამ დროს მოგვადგნენ რუსები...
ალეკო ონიანმა, რომელსაც ერთადერთი ყუმბარა ჰქონდა დარჩენილი, დაიყვირა - ტყვედ არ ჩაგბარდებითო, გახსნა და გულზე მიკრულ თავის ნათლულთან ერთად, თავი აიფეთქა,’’- იხსენებს შინდისის ბრძოლიდან ცოცხლად გადარჩენილი კაპრალი, თენგიზ ცანავა.

"ჩვენ ვართ კაცები, არ ვართ ლაჩრები, გულის კაცები და ვაჟკაცები,
ერთი ყუმბარა გვერდით თან გვიდევს, სიკვდილის შიში ვერ აგვატირებს", -”ამ ლექსის ავტორი 11 აგვისტოს დაღუპულთაგან ერთ-ერთი მიხეილ დვალიშვილია.
მიხეილ დვალიშვილმა თითქოს იწინასწარმეტყველა ეს ტრაგედია. 10 აგვისტოს ბრძოლის ველზე წარმოთქვა: "ბევრი ვიყავით, ერთი სამარე თხილის გულივით გავინაწილეთ".

2008 წლის 11 აგვისტოს რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ქვედანაყოფის 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა: ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.

შინდისის გმირები - ასე იხსენებენ დღეს საქართველოში ბიჭებს, რომლებმაც საკუთარი გამბედაობით მტერიც კი აღაფრთოვანეს.
მოგვიანებით, სოფელ შინდისში, 17 თავდადებული გმირის უკვდავსაყოფად მემორიალი აღიმართა... შინდისის გმირების სახელი უწოდეს გორში, შინდისის გზატკეცილს... რეჟისორმა დიტო ცინცაძემ შინდისის გმირებზე ფილმი გადაიღო...
ისინი უყვართ, მათი გმირობით ამაყობენ და გულის ამაჩუყებელ ამბებსაც თაობიდან თაობას უდიდესი სიყვარულითა და პატივისცემით გადასცემენ...
08/07/2026