რელიგია

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში ბეთანიაში მოღვაწეობდა ახალმოწამე მღვდელ-მონაზონი ვასილ ფირცხალავა, რომელიც მკაცრი მარხვით გამოირჩეოდა. მამა გაბრიელი მამა ვასილზე ასე ამბობდა: ,,მამა ვასილი ჩემი თანამებრძოლია!"
ვფიქრობთ, ახალმოწამის წმინდა ცხოვრება და მოღვაწეობა საინტერესო იქნება თქვენთვის...
16 იანვარი მამა ვასილის დაბადების დღეა, ის 103 წლის გახდებოდა...
სამეგრელოში, სოფელ ზუმში დაიბადა... დაწყებითი განათლება მიიღო მშობლიურ სოფელში, შემდეგ სწავლა განაგრძო ჯერ ზუგდიდში, შემდეგ წალენჯიხის პედაგოგიურ სასწავლებელში.
მეგობრები ამბობენ, რომ მამა ვასილი გამორჩეული ადამიანი იყო, თამაშსა და გართობას ერიდებოდა. ბავშვობიდან სარწმუნოებისადმი სიყვარულით გამოირჩეოდა. სახლში ხატების კუთხე ჰქონია, რომელზეც ლოცულობდა, თუმცა მისი ერთ-ერთი მეგობრის თქმით, ამ კუთხეს მალავდა.
1942 წელს ქალაქ სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში, ისტორიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა, რომელიც წარჩინებით დაამთავრა. განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ვასილის გამოსვლა სახელმწიფო გამოსვლაზე ფირზე იწერებოდა. სტუდენტობისას მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ ბერ-მონაზვნური ცხოვრება არჩია და 1954 წლის 26 ივლისს ბეთანიის მონასტერში მივიდა.
სწორედ მაშინ, როდესაც ღვთის სიტყვა აღარსად გაისმოდა საქართველოში, ბეთანიის მონასტერს განსაკუთრებული მისია ეკისრა – იგი ერთადერთი ადგილი იყო, სადაც ჯერ კიდევ ხმამაღლა იქადაგებოდა ქრისტიანობის მარად ცოცხალი ჭეშმარიტებანი, აღესრულებოდა ყველაზე ქმედითი აღიარება სარწმუნოებისა, არა მხოლოდ ამ ბერების სიტყვით, არამედ მათი მოსაგრე ცხოვრებითაც. ბეთანიის მონასტერში იმ დროისთვის ორი გამოჩენილი ბერი – მამა გიორგი (მხეიძე) და მამა იოანე (მაისურაძე) მოღვაწეობდნენ. მონასტერს ხშირად სტუმრობდა მამა გაბრიელი. მამა ვასილი იყო მამა გაბრიელის თანამებრძოლი; მათ ერთი სულიერი მოძღვარი ჰყავდათ – მამა გიორგი (მხეიძე).

"ბავშვობიდანვე მონასტერში წასვლა მინდოდა, თუმცა არც ერთ მონასტერში არ ვყოფილვარ და ბერები მხოლოდ სურათებზე მინახავს. ჩემს მშობლებს ჯერ ბავშვური ფანტაზია ეგონათ, მაგრამ წლები გავიდა, გავიზარდე, მაგრამ აზრი კი არ შემიცვლია" - ამბობდა ბერი...
სულმნათი მამა გაბრიელი მამა ვასილზე ამბობდა: "ბოლოს ისე ასკეტურად ცხოვრობდა, მხოლოდ ყურძენს მიირთმევდა. ვუყურებდი, გამჭვირვალე სხეული ჰქონდა. როცა ქადაგებდა, მისი სხეული მზის სხივებს ატარებდა. ანგელოზი იყო, მუდმივი მლოცველი წმინდანი".
აი, რა საინტერესო სიტყვას ამბობს ის ჩვენს შემოქმედსა და სულის უკვდავებაზე.
მამა ვასილ ფირცხალავა: კაცის ამქვეყნიური დიდება და მატერიალური სიმდიდრე მოჩვენებითად და სიზმრად ჩანს ზეციური მარადიული დიდების წინაშე. სული ხორცზე მეტია. ამიტომ გონივრული, ბრძნული სულისათვის ვზრუნვიდეთ უფრო მომეტებულად. სული უკვდავია, იგი სიკვდილს არ ემორჩილება, რადგან უკვდავი ღმერთის ნაწილია, ამიტომ გონივრულია და ბრძნული, რომ მას წმინდად ვიცავდეთ და წმინდად ჩავაბაროთ მის შემოქმედს.
ღვთის არსებობა უეჭველია, ამიტომ სრულიად ჩემი ნებით დავტოვე სოფლის ამაოება და შევუდექი ღმერთს, აბსოლუტურ სიმართლეს, მიუწვდომელ ნათელს, უსაზღვრო ბედნიერებას, უკვდავსა და მარადიულს, მიუწვდომელ სიბრძნეს, მიუწვდომელ მეცნიერებას. ეს მოხდა 1954 წლის 22 მაისს. ამ დღეს გამოვედი სოფლიდან და მივედი ბეთანიის უდაბნოში მწირ ბერად.

ამის თვითმხილველი არქიმანდრიტი თორნიკე (მოსეშვილი) იყო, რომელიც გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ, ბეთანიის მონასტერში ცხოვრობდა, სადაც 1956 წელს, მამა ვასილი პირველად ნახა. აი, რას ჰყვებოდა ის:
"...აი, შიმშილობდა ვასილი, ძალიან მმარხველი იყო...
მე მორჩილი ვიყავი. მაშინ ვასილი ბერი იყო. იმასთან შედარებით მე უფრო სხვა ვიყავი. მე საჭმელს ჩვეულებრივ ვჭამდი, ის - აპა, არა.. ეგენი პურზე და წყალზე მხოლოდ! ვასილი ჩაკეტილი იყო, ძალიან გულჩახვეული, დიდად მოყვარული არ იყო ლაპარაკის, თავჩაღუნული უყვარდა საუბარი.. თავშეკავებული იყო. ძალიან მარხული იყო, მარხვას ინახავდა, თავს იცავდა. მე ძალიან მიყვარდა, ძალიან დიდ პატივს ვცემდი. კარგი დრო მახსოვს ბეთანიაში, კარგი მამები იყვნენ, ძალიან კარგი მამები. ბევრი ჭირი გადაიტანეს. დევნილები იყვნენ.
ძალიან მოღვაწე იყო. ის მარტო ერთ ჭიქა ჩაის დალევდა, მეორე დილამდე ერთი ჭიქა წყლით იყო. მამა იოანე ეტყოდა: ნუ მარხულობ ასე მწარედო. შიმშილობდა, ღმერთი ასაზრდოებდა, ღმერთი ინახავდა.
"მე მაძღარი ვიყო, როცა ისინი მშივრები არიანო?!" გაჭირვებულ ადამიანებს გულისხმობდა.
მამა ვასილმა წმინდა მამების მეთვალყურეობით, მკაცრი მარხვითა და გამუდმებული ლოცვით, დიდ სულიერებას მიაღწია.

ერთ მნიშვნელოვან ამბავს ჰყვებიან: ერთხელ მამა ვასილი ნაცნობებთან ერთად მიდიოდა. ხალხს ღვთის სიტყვას უქადაგებდა და ვერ აგებინებდა. ამ დროს გზაზე მანქანა გამოჩნდა და როდესაც მათ მოუახლოვდა, მამა ვასილი მანქანას ჩაუხტა. მძღოლმა დამუხრუჭება ვერ მოასწრო, ბერს გადაუარა და ხუთიოდ მეტრში გაჩერდა. გაფითრებული მძღოლი გადმოსულა და დაუნახავს, მამა ვასილი უვნებელი წამომდგარიყო და მტვრიან მანტიას იფერთხავდა. გაკვირვებულ მძღოლს პირჯვრის წერა დაუწყია: "ღმერთო, ეს რა ვნახეო". მოგვიანებით რომ უკითხავთ მამა ვასილისთვის, რატომ მოიქეცით ასეო, უთქვამს: "მინდოდა, ხალხისთვის ღვთის ძალა დამენახვებინაო".
მამა ვასილი ამბობდა: ბერი ცოდვაში ურჩობისა და მოუნანიებელი ცოდვების გამო ვარდებაო. ბერისთვის ყველაზე საშინელი ცოდვა მრუშობაა. მასთან შედარებით სხვა ცოდვა ადვილი ჩამოსაშორებელი მტვერია. ყველაზე ხშირად ბერს სასოწარკვეთილებაში მრუშობის ცოდვა აგდებსო.
მამა ვასილი იგონებდა: "ათონზე ნაცხოვრები ერთი ბერისგან გამიგია, რომ მღვდელი, რომელიც მრუშობის ცოდვას სჩადის და თან წირვას ასრულებს, ცხოვრებაშივე ჯოჯოხეთშია. როცა ის ამბობს: "მშვიდობა ყოველთა" და "კურთხევა უფლისა თქვენზედა", - მაშინ საკურთხევლის ანგელოზი ეხმიანება: "ხალხს - ღვთის კურთხევა, შენ კი შეჩვენება". როცა ეზიარება, მისი სული ნახშირივით შავდება, ხოლო როცა წირვას ამთავრებს, ეშმაკი უახლოვდება და პირზე კოცნის, როგორც მეგობარს".

გავიხსენოთ მამა გაბრიელის (ურგებაძე) სიტყვები. იგი ამბობდა: "მამა ვასილი ანგელოზია, მუდმივი მლოცველი, წმინდანია".
წმინდა მამა გიორგი (მხეიძე) ამბობდა: "სადაც არ უნდა იყოს მისი სხეული, სულით ის ჩვენთანაა" (ე.ი. წმინდანთა დასში)... ის ორგზის მოწამეა. ამისათვის ორმაგ ჯილდოს მიიღებს ღვთისგან".
მამა ვასილს დაკრძალვისას წვერი გაპარსეს, საბერო სამოსი გახადეს და კოსტიუმი ჩააცვეს.
***
წიგნიდან "მე მონასტერს არ დავტოვებ”, თბილისი 2015
"… ღმერთმა ბერი ვასილი სასულიერო ასპარეზზე გამოიყვანა სარწმუნოების მძიმე დევნილობის ჟამს. კომუნისტური მმართველობის დროს ეკლესიაში შესვლა და პირჯვრის გადაწერაც კი სახიფათო იყო. წარმოსადგენადაც კი რთული იყო, მაშინ ვინმეს აზრად მოსვლოდა მონასტერში წასვლა. მით უფრო გასაოცარი და გამაოგნებელი იყო ახალგაზრდა კაცის მონასტერში ბერად აღკვეცა. ეს, ათეისტურ-დიქტატორულ ტოტალიტარული სისტემის პირისპირ დადგომას, მის გამოწვევას, საშინელ დაპირისპირებას და სასტიკ ბრძოლაში ჩაბმას ნიშნავდა.
სისტემის მთელი მანქანა მიმართული იყო ასეთი ადამიანების გასანადგურებლად, რადგან მათში იდეოლოგიურ მოწინააღმდეგეებს ხედავდნენ. ამიტომ მონასტერში წასვლა და სარწმუნოებისადმი ერთგულად მსახურება, თავგანწირვასა და მოწამეობრივი აღსასრულისათვის ყოველწამიერ მზადყოფნას მოითხოვდა.
ბერი ვასილი აკეთებს ურთულესი დროის ეპოქალურ შეფასებას და მოქმედებს ეპოქის მოთხოვნების შესაბამისად, სრულიად გაცნობიერებულად დგება მოწამეობის გზაზე.
იგი ამბობდა: „ახლა განსაკუთრებით უჭირს ჩვენს რელიგიას. აქ საჭიროა თავგანწირვის უნარის მქონე ადამიანები. რელიგიაში გმირობად ბერობის სახით სამსახურია აღიარებული.“
და მართლაც, სულიერი გმირობებით აღსავსეა მისი ბერული ცხოვრება. ის, როგორც აუღებელი ციხესიმაგრე, მტკიცედ და შეურყევლად იდგა სარწმუნოების სადარაჯოზე. ბნელეთის მსახურებმა, უმძიმესი ზეწოლის მიუხედავად, ვერ დაატოვებინეს მონასტერი.
მამა ვასილი ამბობდა:
„მე მონასტერს არ დავტოვებ!!“ ვერ დაიმორჩილეს, სულიერად ვერ გატეხეს. სიყვარულით და თავდადებით ღვთისმსახურებდა და ბოლოს ღვთისგან მოწამეობრივი გვირგვინითაც შეიმკო.
„იმაზე მეტი სიყვარული არავის აქვს, ვინც სულს დადებს თავისი მეგობრებისთვის“ (იოანე 15,13). იგი პირნათელი წარსდგა ღვთის წინაშე. …”
მისმა მოძღვარმა – უდიდესმა წმინდანმა წმინდა გიორგიმ (მხეიძე) ასე შეაფასა მამა ვასილის ღვაწლი: „ის ორგზის მოწამეა, ამისათვის ორმაგ ჯილდოს მიიღებს.“
მადლობა მინდა ვუთხრა წმინდა გაბრიელ აღმსარებელისა და სალოსის მოწაფეს, მღვდელ-მონაზონ ნიკოლოზს (მაქარაშვილს). მან არა მარტო მირჩია შემეკრიბა ცნობები და შემესწავლა ბეთანიელი ბერის ცხოვრება, არამედ შემაყვარა მისი პიროვნება, დამანახა მისი დიდი ბერული ღვაწლი. თავდაპირველად, როდესაც მამა ვასილის ცხოვრების შესწავლა დავიწყე, ძალიან მცირე ფაქტობრივი მასალა მქონდა და ისიც კი არ ვიცოდი, თუ სად იყო ბერის საფლავი, რადგან იმჟამად არსებულ ლიტერატურაში ეს არ იყო მართებულად მითითებული.”

***
"...ამბობენ, რომ ამ სოფელში სულ ცხოვრობს 2 მილიარდი კაცი წარმოიდგინეთ 2 მილიარდი კუბო, რომელიც საჭიროა ამათ დასამარხავად და 10 ათასი მილიარდი მატლი, რომელიც შესჭამს ამ ხორც მიწაში. წარმოდგენილი გაქვთ თუ არა ეს? აი, ასეთია ჩვენი ცხოვრება ამ წუთისოფელში. ეხლა ეს ვთქვათ: ამ 2 მილიარდი კაციდან ყველა ვიქნებით ღირსი თუ არა კუბოში ჩადებისა? ვინ იცის, აქედან რამდენი დაიხრჩობა წყალში და ზღვის ფსკერზე ჰპოვებს ბინას, რამდენი ობლად დაიმარხება მიწაში. რამდენს მხეცი შესჭამს ტყეში, რამდენი უგზო-უკლოდ დაიკარგება, რამდენი გაგიჟდება და საგიჟეში დამარხავენ უპატრონოდ, რამდენი ბრძოლის ველზე მოკვდება და იქ ყორნები შესჭამენ მათ გვამს. აი, ასეთია ჩვენი წუთი-სოფლის ცხოვრება.
რაკი ჩვენი ცხოვრება აქ ძლიერ ხანმოკლე და წუთიერია და არ ვიცით, სად მოგვისწრებს სიკვდილი, როგორი სიკვდილით მოვკვდებით, ბუნებრივი სიკვდილით თუ არაბუნებრივი, მოულოდნელი სიკვდილით, ამიტომ ჯერ არს, რათა ყოველთვის მზად ვიყოთ ხორცისაგან გასასვლელად და მთელი ჩვენი გონება აღვმართოთ ზეცისკენ, ღვთისკენ, სადაც მოგველის მარადიული, დაუსრულებელი, უჟამო მოქალაქობა.
არ გჯერათ, რომ ვიქნებით სულით მარადიული და ჩვენ შორის მყოფი უნივთო სული უკვდავია? ურწმუნო ხართ?... თუ ურწმუნო არა ხართ, მაშინ სასულიერო, საღვთო მონასტრულ ცხოვრებას რად უარყოფთ? და თუ ურწმუნო ხართ, მაშინ თქვით პირდაპირ და აშკარად თქვენი ურწმუნოება და მე ღვთის ძალით გაგცემთ პასუხს, რათა განქარდეს თქვენი ურწმუნოება. გფარვიდეს ცისა და ქვეყნის დამბადებელი.”
[ეს წერილი მამა ვასილს, უკვე მღვდელმო-ნაზონს, დაუწერია ნათესავის წერილის პასუხად]
ესეც არის ამონარიდი წიგნიდან "მე მონასტერს არ დავტოვებ”.
***
როდესაც არც დევნამ და არც მუქარამ შედეგი არ გამოიღო, მამა ვასილი სასიკვდილოდ გაიმეტეს.
ბერის ტრაგიკული აღსასრულის შესახებ ამერიკაში გამოცემულ ჟურნალ ”მართლმადიდებლურ სიტყვაშიც” დაიბეჭდა. ის არაერთხელ გახდა მსხვეპლი ყაჩაღების თავდასხმისა, მაგრამ თავდამბლობით და ქრისტეს სიყვარულით მიუყვებოდა გოლგოთის გზას, გზას ცხონებისა.
მამა ვასილი 1960 წელს გარდაიცვალა, მას უნდოდა, რომ მამა იოანეს (მაისურაძე) გვერდით დასაფლავებულიყო. სამწუხაროდ, ეს ანდერძი არ შესრულდა. მამა იოანეს გვერდით საფლავიც კი გაუმზადა მამა გიორგიმ, მაგრამ იქ არ დაკრძალულა, რადგან მისი მშობლიური სოფლიდან მამა ვასილის თანასოფლელები და ახლო ნათესავები ჩამოვიდნენ და ბერის მშობლიურ სოფელში გადასვენება მოითხოვეს. მამა ვასილის დაკრძალვის დღეს ძალიან ბევრი მორწმუნე ჩასულა ბეთანიაში. ახლობლების სურვილმა ხალხში აღშფოთება გამოიწვია და დაპირისპირებაც მოხდა. მამა გიორგის (მხეიძე) უთქვამს, რომ შეიძლება სისხლიც დაიღვაროსო და ვინ იცის, ჩვენ რომ აქ არ ვიქნებით, საფლავი გათხარონ და მაინც წაასვენონო, ამიტომ წესი აუგო მას, რის შემდეგაც მშობლიურ მხარეში, სამეგრელოში გადაასვენეს. მამა ვასილი მშობლიურ სოფელ ზუმშია დასაფლავებული, მის საფლავზე, ნუგეშის საპოვნელად, უამრავი მორწმუნე ადამიანი მიდის.
01/16/2026