Logo

საზოგადოება

ბრიტანეთში, 2009 წლის შემდეგ დაბადებულთათვის, თამბაქოს მიყიდვა სამუდამოდ იკრძალება

ბრიტანეთში, 2009 წლის შემდეგ დაბადებულთათვის, თამბაქოს მიყიდვა სამუდამოდ იკრძალება

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

გაერთიანებული სამეფოს პარლამენტმა საბოლოოდ დაამტკიცა „თამბაქოსა და ვეიპების შესახებ“ კანონპროექტი (Tobacco and Vapes Bill), რომელიც ქვეყანაში მოწევის სრულ აღმოფხვრას ისახავს მიზნად. ახალი კანონმდებლობით, 2009 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებული ნებისმიერი პირისთვის, თამბაქოს მიყიდვა სამუდამოდ იკრძალება. ეს ნიშნავს, რომ დღეისათვის 17 წლის ან უფრო მცირე ასაკის მოზარდები, თამბაქოს პროდუქციას, ლეგალურად ვერასდროს შეიძენენ.

ახალი რეფორმა მხოლოდ ასაკობრივი შეზღუდვით არ შემოიფარგლება. მას შემდეგ, რაც კანონი სამეფო თანხმობას (Royal Assent) მიიღებს, მინისტრებს მიენიჭებათ დამატებითი უფლებამოსილება, მკაცრად გააკონტროლონ ვეიპებისა და ნიკოტინის შემცველი პროდუქტების არომატები და შეფუთვები. გარდა ამისა, ვეიპინგი აიკრძალება ისეთ ადგილებში, როგორიცაა საბავშვო მოედნები, სკოლების მიმდებარე ტერიტორიები და ავტომობილები, რომლებშიც ბავშვები იმყოფებიან.

თამბაქო

ჯანდაცვის მდივანმა, ვეს სტრიტინგმა, ამ გადაწყვეტილებას ქვეყნისთვის „ისტორიული მომენტი“ უწოდა. მისი თქმით, „პრევენცია უკეთესია, ვიდრე მკურნალობა“, ხოლო ეს რეფორმა არა მხოლოდ გადაარჩენს ათასობით სიცოცხლეს, არამედ მნიშვნელოვნად შეამცირებს ზეწოლას ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნულ სისტემაზე (NHS). თამბაქო გაერთიანებულ სამეფოში სიკვდილიანობისა და ინვალიდობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად რჩება.

მიუხედავად ფართო მხარდაჭერისა, ინიციატივას კრიტიკოსებიც გამოუჩნდნენ, ძირითადად, ინდუსტრიის წარმომადგენლები და საცალო მოვაჭრეები, რომლებიც მიუთითებენ, რომ მთავარ აქცენტს განათლებაზე უნდა აკეთებდნენ და არა მკაცრ აკრძალვებზე. საპასუხოდ, ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ისინი მჭიდროდ თანამშრომლობენ სექტორთან, რათა რეფორმის იმპლემენტაცია შეუფერხებლად მოხდეს.

ორგანიზაცია „Asthma + Lung UK“-ში მიიჩნევენ, რომ ეს კანონი ერის ჯანმრთელობას რადიკალურად შეცვლის. თუმცა, ექსპერტები მთავრობას მოუწოდებენ, არ დაივიწყონ არსებული მწეველები და გაზარდონ ფინანსური მხარდაჭერა მათთვის, ვისაც მავნე ჩვევისთვის თავის დანებება სურს. ერთ-ერთი შემოთავაზება თამბაქოს ინდუსტრიისთვის სპეციალური მოსაკრებლის დაწესებასაც გულისხმობს, რომელიც სწორედ მოწევის საწინააღმდეგო სერვისების დაფინანსებას მოხმარდება.

წყარო: BBC

Medscriptum

ავტორი: ზმნა

05/07/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024