ეს გემრიელია

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
პაატა თედიაშვილი გურმანია. შესაბამისად, როგორც ყველა ჭეშმარიტი გურმანი, კულინარიული ფანტაზიების დეფიციტს, არც მომღერალი უჩივის. სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს თავისი მომზადებული კერძების ფოტოებს. საშობაოდ, ვაზის ტოლმის ფოტო გამოფინა ფრაზით: "ტოლმის სურნელით აივსო ჩვენი ოჯახი... ჩემს ხელებს ვენაცვალე."
"რეცეპტები" მომღერლის ვაზის ტოლმას წარმოგიდგენთ. უკვე იცით, რომ ეს რუბრიკა არ უნდა გამოგრჩეთ.

პაატა თედიაშვილი: მე ვმეურვეობ დედას, რომელიც ავად არის და ფაქტობრივად, სამზარეულოში ტრიალი მე მიწევს. ეს ჩემი ყოველდღიურობაა. დღესასწაულის სუფრებსაც თვითონ ვამზადებ.
საშობაოდ, ტოლმა და ჩახოხბილი ჩემი დისთვის მოვამზადე. ნონა მარხულობდა და როცა ხსნილდება, ხორცის კერძებს დიდი სიამოვნებით აგემოვნებს.
ვაზის ტოლმა
ვაზის ტოლმა მეორედ გავაკეთე. ბულგარული წიწაკის ტოლმა გაცილებით მარტივად მზადდება. შედარებით რთული და შრომატევადია კომბოსტოს დამუშავება ტოლმისთვის. მაგრამ ესეც დავძლიე.
ვაზის ტოლმა პირველად რომ გავაკეთე, ფოთლები არასათანადოდ მომზადდა. შემდეგ გავეცანი ტექნოლოგიას და მივხვდი, რომ დამარინადებულ ფოთლებს, კონსერვაციის შემდეგ, წყალი უნდა გადავავლოთ, შემდეგ კი მდუღარე წყალი დავასხათ. რომ შეგრილდება, ამ წყალშივე ვაცალკავებთ ფოთლებს. დამარინადებული ვაზის ფოთლები დაპრესილ მდგომარეობაში იყიდება. წყალში ჩალბობილ ფოთლებს კი, მარტივად მოაცლით ერთმანეთს. ფოთოლს ფრთხილად მოაჭერით ყუნწი.
გულსართი - შერეული ფარშისგან მომზადდა; ძალიან ცხიმიანი ხორცი არ გამომიყენებია. შევურიე დაორთქლილი ბრინჯი. ბასმათი გრძელი და უხეშია და შესაძლოა ნაზი ვაზის ფოთოლი დააზიანოს. ხორცს მწვანილს არ ვუშვრები. მწვანილს ზემოდან მოსასხმელ მაწვნის სოუსში ვურევ და გემო უფრო საინტერესოა. ხარშვისაც მწვანილი მაინც კარგავს საგემოვნო თვისებებს. გულსართს ვურევ შავ პილპილს, დაღერღილ წითელ წიწაკას, ნიორს და სვანურ მარილს.
შეხვევა - შრომატევადი საქმეა. დრო და ნერვები ნამდვილად უნდა ვაზის პატარა ტოლმების გადახვევას. ფოთოლზე დადებულ გულსართს ჯერ გვერდებიდან შემოვუხვევთ ფოთოლს და შემდეგ, როგორც როლს, ისე გადავახვევთ. მერე ქვაბში მოვათავსე, ზემოდან კუბებად დაჭრილი კარაქი მოვფანტე და თავზე მორჩენილი ფოთლები გადავაფარე. კარაქი არბილეს და მსუყე გემოს აძლევს.
დაბალ ცეცხლზე "მშვიდად" იხარშება 45 წუთიდან 1 საათამდე. არ უნდა იჩუხჩუხოს. ტოლმა რომ არ გაიხსნას, მე ზემოდან მძიმე თეფში დავადე.
ვაზის ფოთოლი ჩაკბეჩისას რბილად უნდა გასკდეს და როგორც ხინკლის ჭამისას, ტოლმის შიგთავსის წვენიც ისე უნდა ჩაგვეღვაროს პირში. ფოთოლი არ უნდა დაიშალოს ხარშვისას. ამისთვის ამ შუალედის დაჭერა ხდება - 45 წუთიდან 1 საათამდე. პერიოდულად უნდა შეამოწმოთ. ვაზი სხვადასხვა ჯიშისაა და შესაძლოა, სხვადასხვა ჯიშს, სხვადასხვა სისქის ფოთოლი ჰქონდეს.
ბოლოს ადუღებული წყალი დავასხი და დაჭრილი მწვანე ხახვი და ქინძი მოვაყარე. ვფიქრობ, ცოტა ტარხუნაც მოუხდება...
არ უნდა ლიმონის წვენი, რადგან დამარინადებულ ვაზის ფოთოლს, თავისი სიმჟავე აქვს. მაწვნის სოუსს ძაძიკის მსგავსად ვამზადებ.
ვაზის ფოთლის სიმჟავე გაიშალა და იგრძნობოდა, ცხიმიც, სიცხარეც, ნიორიც...
მართლა ძალიან გემრიელი გამოვიდა.
01/08/2026