Logo

„ჩემი დაჭრილი წიგნები დამაყარონ გულზე“ - ლადო ასათიანი

„ჩემი დაჭრილი წიგნები დამაყარონ გულზე“ - ლადო ასათიანი

10/10/2026

ტექსტის ზომა

"ზოგიერთი პოეტი თავისი უდროო წასვლით საუკუნო ტკივილს ტოვებს, მერე დრო მწუხარებას აფერმკრთალებს და ჩვენთან მისი მზიური სულის ანარეკლი რჩება" - ლადო ასათიანზე დაწერა თავის დროზე ეს სიტყვები კრიტიკოსმა გურამ ასათიანმა. მართლაც, მზიური სულის ანარეკლია ლადო ასათიანის შემოქმედება - გურამ ასათიანისვე მოხდენილი ნათქვამით, მისი „ნაპერწლიანი ლექსები:“ სავსე ფარული და გადალახული სევდით, მაჟორული განწყობითა და რაინდული სულისკვეთებით, იმ შავ-ბნელ წლებში ამ ქვეყნის თავისუფალი მომავლის იმედით და ასე, უდროოდ მოახლოებული აღსასრულის წინაშეც კი, სიცოცხლის გამარჯვების მედგარი რწმენით.

ლადო ასათიანი 1

„დაუკარით და იმღერთ ისე მაგრად,

რომ ფილტვები გვეტკინოს და დაგვებეროს!

დაუკარით, რომ ჭაბუკნი ვიყოთ მარად,

და ცხოვრებამ ვერასდროს ვერ დაგვაბეროს!"

ლადო ასათიანი ცხოვრებამ მართლაც ვერ დააბერა. სულ ოცდაექვსი წელი იცხოვრა, მაგრამ წარმოუდგენლად ბევრი დაგვიტოვა. ეს წერილი არ არის ლადო ასათიანის მხატვრულ ტექსტებზე. მინდა მოგიყვეთ მოუშუშებელ ტკივილებზე, ლადოს სასტიკმა დრომ და საბჭოთა რეპრესიულმა სისტემამ რომ მიაყენა.

დაწერიდან 35 წლის შემდეგ და ისიც საბჭოთა არალეგალურ ჟურნალში გამოქვეყნებული ლექსი

„ჩვენი სახლ-კარი ააწიოკეს დაუბანელმა გლეხის კაცებმა,

ნეტავ შენსავით ბნელში ვტიროდე, არ ვუყურებდე ქვეყნის დაქცევას...

წინათ თუ ღვინოს დაგაძალებდნენ, დღეს წყალსაც არვინ დაგალევინებს.

დანაცრებულან ციხე–კოშკები, „მრავალჟამიერ“ არსად გუგუნებს.

მე კარგად ვიცი, მალე მოვკვდები, მე ვერ გავუძლებ ამ საუკუნეს.“

პოეტმა ეს სტრიქონები გადასახლებაში მყოფ დედასა მიუძღვნა.

ლადო ასათიანის ოჯახი საბჭოთა ტერორის პირისპირ

საბჭოთა რეპრესიებმა საქართველოში ბევრი ოჯახი გაანადგურა. ასათიანების ოჯახს როცა მისწვდა ლადო ჯერ კიდევ ბავშვი იყო. საბჭოთა რეჟიმმა პოეტის ბაბუა გუჯუ ასათიანი გააკულაკა; მის ოჯახს სახლში მხოლოდ ერთი ოთახი დაუტოვეს, დანარჩენ სივრცეში კი კოლმეურნეობის კანტორა გახსნეს. ლადოს ბაბუა ამ ამბავს გადაყოლია და მალევე გარდაცვლილა ბებიაც, პელაგია ჩიქოვანი.

ლადო ასათიანის ბებია-ბაბუა

ლადოს მშობლებმა დიდი წვალებით მოახერხეს ჩამორთმეული ქონებიდან მიწის მცირე ნაკვეთის დაბრუნება და გაპარტახებული სახლ-კარის აღდგენა, მაგრამ ოჯახის ფეხზე წამოდგომა ხანმოკლე გამოდგა. ჩასაფრებულება ბოლშევიკებმა ლადოს დედა ამოიღეს მიზანში და „ანტისაბჭოთა ლაყბობისთვის“ დააბეზღეს. ამ საბაბით დედა ოჯახს სამუდამოდ მოწყვიტეს. პედაგოგი ლიდა ცქიტიშვილი საქართველოდან ძალიან შორს, გადასახლებაში გარდაიცვალა - სავარაუდოდ, იმავე წელს, როცა მისი შვილი თბილისში ჭლექთან ბრძოლაში დამარცხდა.

ლიდა ცქიტიშვილი

ლადოს წერილი გამომცემლობა „საბჭოთა საქართველოს“ ხელმძღვანელ რაჟდენ გვეტაძეს

ბატონო რაჟდენ

ახალგაზრდა, მაგრამ უკვე ცნობილი პოეტი მადლიერებას გამოთქვამს წერილის ადრესატის მიმართ, რადგან აბასთუმანში ორი თვით მკურნალობასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტაში დახმარებია. შემდეგ ატყობინებს, რომ აბასთუმნიდან დაბრუნებულს თბილისში თავშესაფარი არ ჰქონდა. ცოლ-შვილთან ცხოვრებას ტუბერკულოზი უშლიდა, ექიმებსაც აკრძალული ჰქონდათ. ცოლს მოუხერხებია დროებით სასტუმროში მისი განთავსება. ეს დღეში 25 მანეთი ჯდებოდა, ოჯახს კი სასტუმროს ხარჯის დაფარვის საშუალება არ ჰქონდა.

ლადო ასათიანი რაჟდენ გვეტაძეს უხსნიდა, რომ სარდაფში ერთი ოთახი მოიძებნებოდა, სადაც შესაძლებელი იქნებოდა მისი ცხოვრება. ითხოვდა, წინასწარ მიეცათ მისთვის ამ ფართის შესაძენი ფული: საგამომცემო გეგმით ხომ განზრახულია ჩემი წიგნის გამოცემა და სტრიქონების რაოდენობის გაზრდა იქნებ მომიხერხოთო.

ეს წერილი 1941 წლის 10 აპრილით არის დათარიღებული.

მარიკა ჯაფარიძის მოგონება

„1942 წელი იყო. გამომცემლობა „საბჭოთა საქართველოში“ რამდენიმე კაციღა დავრჩით, სამუშაოც განახევრდა და შტატებიც შემციდა. გამომცემლობას გეგმის მიხედვით უნდა გამოეცა ლადო ასათიანის ლექსების ახალი კრებული. ლადო ხშირად აკითხავდა გამომცემლობას, ღელავდა და მოუსვენრად ელოდებოდა წიგნის აწყობასა და გასწორებას. ცივ, სუსხიან ამინდში, არცთუ ისე თბილად ჩაცმული, ფეხით ჩამოდიოდა პლეხანოვის პროსპექტზე. ქუჩიდან ბაღში შემოსულს იმ წუთსავე თვალს მოვკრავდი, რაგინდ სამუშაოთი არ ვყოფილიყავი გართული. ვწუხდი, რომ ასეთ სიცივეში, თხელი პალტოთი ფეხით შორს მანძილზე სიარული მას სიკეთეს არ მოუტანდა. შემოვიდოდა ბაღში - თითქოს არწივი შემოფრინდაო, ლამაზი ჭაბუკი, განიერი მხრებით და ფართო ნაბიჯებით.“
ლადო ასათიანი 2

მოგონების ავტორი ყვება, როგორ ნერვიულობდა პოეტი, როგორ ეჩქარებოდა წიგნის გამოცემა და განსაკუთრებით როგორ ადარდებდა - ხომ არ გამოიწვევდა წინააღმდეგობას ლექსი „ნადირობის შემდეგ“. ლადო უსაფუძვლოდ არ შიშობდა: ეს ლექსი, სადაც ძლევამოსილი ნადირობა და სისხლიანი ნადიმია აღწერილი, რეალურად ეპოქისა და ტოტალიტარული სისტემის სისასტიკის ღრმა ალეგორია იყო. საბჭოთა ცენზურისთვის არ იყო რთული მიხვედრა, თუ რა იმალებოდა უდანაშაულო ნადირის განადგურებისა და მბრძანებელთა ზეიმის უკან.

მეგობარი ამშვიდებდა, რომ ყველაფერი რიგზე იყო, მაგრამ თურმე ყველაფერი რიგზე არ იყო. საქმე საქმეზე რომ მიდგა, მარიკა ჯაფარიძე საამქროში გამოიძახეს - რა ნახა? ლადო ასათიანის კრებულის მთელი გამოცემა დასაჭრელად, გასანადგურებლად იყო გამზადებული. სისტემამ ახალგაზრდა პოეტის კრებული „წინაპრები“ დაკუწა და გადაყარა.

WhatsApp Image 2026-10-08 at 17.56.47

მარიკა ჯაფარიძე გულისტკივილით იხსენებს, როგორ უმძიმდა ამ ამბის შეტყობინება ავტორისთვის. ძლივს მოახერხა. ლადოს სახეზე მიწის ფერი დასდებია და უთქვამს:

„დიდი დღე არ მიწერია, მალე გამეთხრება სამარე. ჩემი დაჭრილი წიგნები დამაყარონ გულზე. მით ამოავსონ ის ორმო, ნუ გადაყრიან ჩემს დაჭრილ ლექსებს, მიწით ნუ დამიმძიმებენ სხეულს. ჩემი ლექსები ჩემთან დარჩებიან. ასე გადაეცით ამ საქმის მესვეურებს.“

პოეტი 1943 წლის 23 ივნისს გარდაიცვალა.

გააზიარე სტატია

ავტორი: ელენე ლომთაძე

ლადო ასათიანი
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026