საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
1990 წელს საქართველოში გამომავალ გაზეთში გამოქვეყნდა წერილი, რომლის ავტორიც ქართულ საზოგადოებას ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულთა რაზმის უკანასკნელი წევრის, ალექსანდრე სულხანიშვილის, უდიდესი სურვილისა და ნატვრის შესახებ ატყობინებდა. ეს იყო მთელი 70 წლით მონატრებულ სამშობლოში დაბრუნებაზე ნატვრა 94 წლის კაცისა, რომელმაც შეფიცულებთან ერთად გმირულად იბრძოლა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და დემოკრატიული წყობის აღსადგენად. როგორ დაბრუნდა სამშობლოში 1924 წლის აჯანყების გმირი ალექსანდრე სულხანიშვილი.
1924 წლის აჯანყების დამარცხების შემდეგ ალექსანდრე სულხანიშვილიც აიძულეს, სამშობლო დაეტოვებინა. 1990 წელს მან შორეული კალიფორნიიდან მოგვაწვდინა სიტყვები: „ნუთუ არავის გავახსენდები, რომ სამშობლოში დაბრუნებაში დამხმარებოდა!“

ქაქუცას უკანასკნელი შეფიცულის პატარა წერილი ერთ-ერთ გაზეთში გამოქვეყნდა და დიდი ვნებათაღელვაც გამოიწვია. რედაქცია მკითხველთა წერილებით აივსო. ერთ-ერთი მათგანი ასეთია:
„ბატონო რედაქტორო!
შეუძლებელია ქართველმა ადამიანმა გულგრილად წაიკითხოს ბატონ ალექსანდრე სულხანიშვილის სასოწარკვეთილი სიტყვები: „ნუთუ არავის გავახსენდები, რომ სამშობლოში დაბრუნებაში დამხმარებოდა! ოჰ, ერთი კიდევ დამადგმევინა სამშობლოს მიწაზე ფეხი, ერთხელ კიდევ ჩამასუნთქა კახეთის ჰაერი და მერე, რაც იქნებოდა, აღარ ვიდარდებდი.“
ამაზე ოცნებობს კაცი, რომელიც იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და კეთილდღეობისთვის და ამისთვის შეუწირავს მთელი თავისი ახალგაზრდობა და ცხოვრება. დადგა დრო, რომ მადლიერმა შთამომავლობამ გავუღოთ სახლისა და გულის კარები ბატონ ალექსანდრეს. მე პირადად მზად ვარ, უყოყმანოდ, დიდი მადლიერების გრძნობით მოვიპატიჟო ის საცხოვრებლად ჩემს ბინაში.“

სრულიად უცნობი ადამიანები გამოთქვამდნენ მზადყოფნას, მასპინძლობა გაეწიათ სამშობლოს მონატრებული მოხუცი გმირისთვის. ეს იყო არა მხოლოდ პიროვნული თანაგრძნობა, არამედ ეროვნული ღირსების გამოხატულება.
1990 წლის საქართველო უკვე მზად იყო ქაქუცა ჩოლოყაშვილის თანამებრძოლის მისაღებად — და მიიღო კიდეც იგი.



ალექსანდრე სულხანიშვილმა 1990 წლის 19 ოქტომბერს, თბილისის აეროპორტში, თქვა: „ჩემი ძვლები ქართულ მიწაში უნდა ჩავყარო.“ სამშობლოში მან სულ 18 დღე იცოცხლა. ნოემბრის დასაწყისში იგი გარდაიცვალა.

94 წლის გმირის ცხედარი მოსწავლეთა და ახალგაზრდობის სასახლეში — იმავე შენობაში — დაასვენეს, სადაც 1918 წლის 26 მაისს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოცხადდა. ამ სიმბოლურმა თანხვედრამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მის ბიოგრაფიასა და ქვეყნის ისტორიას შორის არსებულ კავშირს.

დაკრძალვის კომისიას ზვიად გამსახურდია ხელმძღვანელობდა. ალექსანდრე სულხანიშვილი გომბორის გზით გადაასვენეს ახმეტის რაიონის სოფელ აწყურში. ანდერძის თანახმად, იგი დაკრძალეს მშობლიური სოფლის, თეთრი გიორგის ეკლესიის გალავანში, საგვარეულო საძვალეში. სამხედრო პატივით მიაბარეს მიწას კაცი, რომელმაც სიცოცხლე საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლას მიუძღვნა.
იმ დღეს, აწყურის თეთრი გიორგის ეკლესიის ეზოში გამართულ სამგლოვიარო მიტინგზე სიტყვით გამოვიდნენ ზვიად გამსახურდია, აკაკი ასათიანი, კონსტანტინე ჩოლოყაშვილი და სხვები. მათ ისაუბრეს ალექსანდრე სულხანიშვილისა და სხვა შეფიცულების თავდადებაზე, იმ ტრაგიკულ და გმირულ ეპოქაზე, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მიჩქმალული იყო.
თუმცა ალექსანდრე სულხანიშვილის მიმართ ისტორიული სამართლიანობა ბოლომდე ვერ დამკვიდრდა. რამდენიმე წლის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ალავერდელი მიტროპოლიტის დავალებით მისი საფლავი მოშალეს და ნეშტი პირვანდელი ადგილიდან სხვაგან გადაასვენეს. დამოუკიდებელი მედიის მცდელობა, ამ გადაწყვეტილების მიზეზი გამოერკვია, უშედეგო აღმოჩნდა. განმარტება ვერც სასულიერო პირებისგან მიიღეს და ვერც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსგან. ეს აღმაშფოთებელი ფაქტი საზოგადოებამაც მალევე მიივიწყა.
1990 წელს ალექსანდრე სულხანიშვილმა სამშობლოში ჩამოიტანა ქაქუცა ჩოლოყაშვილის ხელში ნაჭერი სამფეროვანი დროშა — სიმბოლო უწყვეტი ბრძოლისა და ეროვნული მეხსიერებისა. მანვე დაგვიტოვა ძვირფასი ჩანაწერები საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მისი და მისი თანამებრძოლების თავგანწირული ბრძოლის შესახებ.
„ამ ბრძოლის დროს ჩვენ ვალში არ დავრჩენილვართ სამშობლოს წინაშე; გავაკეთეთ, რაც მძიმე პირობებში იყო შესაძლებელი, ამას შევწირეთ არა მარტო ჩვენი პირადი ცხოვრება, არამედ ჩვენი ოჯახებიც. მიგვინდვია ისტორიისათვის ჩვენი მოქმედების ავ-კარგის განსჯა. მაღალმა ღმერთმა უწყის, რომ არ დაგვზარებია ჩვენი სიცოცხლის განწირვა სამშობლოსათვის.“
ალექსანდრე სულხანიშვილი
02/28/2026