საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
"წავალ და... ჩემს შემდეგ იქნება ზამთარი.
ვინ დათვლის უჩემოდ, უშენო თარიღებს...
ოდესღაც ოცნების ფერებით გამთბარი, წავალ და
სიცოცხლის სიყვარულს წავიღებ" - ეს ალუდა ქეთელაურის სიტყვებია, ოღონდ ვაჟასი კი არა, 21-ე საუკუნის ალუდასი, რომელმაც 24 წლის ასაკში დაასრულა სიცოცხლე. მისი გარდაცვალებიდან 14 წელი გავიდა.
რამდენს იმღერებდა და რამდენ პოეტურ ფრაზას გაუშვებდა სამყაროში, ვინ მოთვლის... თუმცა... თუმცა დაზუსტებით არავინ იცის, ღვთის ნებით აღესრულა თუ საკუთარი...
- ქალაქში როდის მიდიხარ? - გარდაცვალების წინა დღეებში, მთაში, სუფრასთან უკითხავთ მისთვის.
- ხვალო, რომ უპასუხებია, უთხრეს: ხვალ ფრენა არ არის და არხოტიდან შენთვის ფრენას ვინ დანიშნავსო.
- ჩემი გაფრენა უკვე დაგეგმილიაო, - ღიმილით უთქვამს.

ჯგუფ "მეხუთე სეზონის" სოლისტის მოულოდნელ გარდაცვალებას მითქმა-მოთქმა მოჰყვა, ერთი ვერსიით ეს სუიციდი იყო, მეორე ვერსიით - ზედოზირება. თუმცა მეგობრები ორივე ვერსიას კატეგორიულად უარყოფდნენ.
"წასვლა დამასწარი გადარეულო, არ დამთავრდები, ქეთელაურო..." - ლექსებს უძღვნიდნენ ნაადრევად წასულ პოეტსა და მომღერალს.
ალუდა დუშეთის რაიონიდან იყო. ხევსური ბიჭი თბილისში მეგობართან ერთად ცხოვრობდა. ხალხურ სიმღერებს ხალხურ საკრავებზე ასრულებდა, წერდა ლექსებს...

პოეტი და რეჟისორი გიორგი არაბული ასე იხსენებდა მეგობარს.
"ალუდა ჩემთვის იყო განწყობების გალერეა, საბადო. მას შეეძლო ძალიან დიდი სიყვარული, ალუდა უყვარდა ყველას, ვინც არ იცნობდა, მათაც. მუსიკაში სწორი მიმართულება ჰქონდა არჩეული. მისი ჯგუფის პირველი სიმღერა იყო "ზეცას შახედეო, აპარეკავ", რომლის ტექსტიც პატარამ დავწერე. ვერ წარმომედგინა, თუ ამაზე შეიძლებოდა მუსიკის დაწერა. დრამატურგიული, ამბავი-ლექსია, მაგრამ ალუდამ და ბიჭებმა მუსიკალურად აღიქვეს და ძალიან საინტერესო კომპოზიციაც შექმნეს. ამიტომაცაა, რომ დღეს არაქართველებიც კი მღერიან "აპარეკას".
იმ პერიოდში გარდაიცვალა, როცა ყველაფერს იწყებდა... ის იყო ბავშვი, რომელმაც რაღაც ტვირთებს ვეღარ გაუძლო... ბავშვში ვგულისხმობ სისუფთავესა და გულწრფელობას ადამიანების მიმართ, რომლითაც გამოირჩეოდა. საოცარი ბუნება ჰქონდა.
მასთან გატარებული დრო სიყვარულთან და სევდასთან ერთად, ხიფათსაც ნიშნავდა, ხიფათი, როგორც საინტერესო თავგადასავალი.
რთული და ძნელი ბილიკებით იარა, ოღონდ ისე, რომ ღიმილი არ მოუშორებია სახიდან. მისი ღიმილი კი მარადიულ ხსოვნას შემორჩება, როგორც მისი სიმღერები.

ალუდას, ერეკლეს და ირაკლის არსებობა სხვა სამყაროში, უფრო აძლიერებს ჩემში რწმენას, რომ ასეთი სამყარო არსებობს. არსებობს, რადგან ამხელა ენერგია და სიყვარული შეუძლებელია გაქრეს.
ალუდა გამორჩეული ადამიანი იყო..."

სანამ დუშეთში, მშობლიური სოფლის მიწას მიაბარებდნენ, ბევრ ახლობელთან ერთად უცნობმა ადამიანებმაც დაიტირეს, მხოლოდ მისი შემოქმედება რომ აახლოებდათ ძალზე სიმპათიურ პოეტთან.
"ეჭვის დონეზეც ვერ ვხვდებით რა მოხდა" - ამბობდნენ ალუდას მოულოდნელ გარდაცვალებაზე მეგობრები.
"ვიცი, რომ წეროვანში იპოვეს, მარტო იყო. არ ვიცი, ვინ და როგორ იპოვა, არც ის ვიცი, იქ ვისთან ერთად წავიდა."
"ალუდას დასაფლავებაზე ბათუმიდან 50 მანქანით ჩამოვიდა ხალხი, მათგან ალუდას პირადად არავინ იცნობდა."

***
ალუდას შეყვარებული, ანუკა ფერაძე, წლების წინ, "სარკესთან" ჰყვებოდა:
"ალუდა სამი თვის წინ ვიპოვე. როგორც კი მის შესახებ გავიგე, მაშინვე ვთქვი, მე ამ ბიჭს ვიპოვი და ცოლად გავყვები-მეთქი. არ დაგვცალდა...
ბოლოს გარდაცვალების დღეს ვესაუბრე. ძალიან კარგ ხასიათზე იყო. მითხრა, წეროვანში წავიდეთ, მეგობრებთან ერთად მივდივარ და გთხოვ, ჩემთან ერთად იყავიო. ნაჩხუბრები ვიყავით და უარი ვუთხარი, საღამოს კიდევ დამირეკა, ვიჩხუბეთ. ბოლოს მომწერა, მაპატიეო და... ღამის 11 საათზე უკვე პროზექტურაში იყო.
არავის გამომშვიდობებია, არანაირი მინიშნება არ გაუკეთებია, მსგავსი რამ რომ ყოფილიყო, ის დღეს ცოცხალი იქნებოდა. ბევრი ჭორია, მაგრამ ეს თვითმკვლელობა არ ყოფილა. როგორი სიცოცხლით სავსეც ალუდა იყო, მისნაირი არავინ მეგულება."

გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე ხევსურმა პოეტმა ეს სტრიქონები დატოვა.
"მე უკვე მოვკვდი ყალბი ღიმილით... მე უკვე სულში მესროლეს ტყვია...
მე უმწეო ვარ... ვტირი ჩვილივით...
რადგანაც... მაინც ცოცხალი მქვია..."
07/07/2026