Logo

საზოგადოება

"ჩემი ხალხისთვის არასდროს მიღალატია" - რა ბრალდებებს უყენებდნენ ზვიად გამსახურდიას

"ჩემი ხალხისთვის არასდროს მიღალატია" - რა ბრალდებებს უყენებდნენ ზვიად გამსახურდიას

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ზვიად გასმახურდია, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მესაძირკვლე, სამშობლოდან ისეთი აბსურდული ბრალდებებით იყო დევნილი, მათი გამეორებაც კი უხერხულია. ეს მეტად უხერხული და ტრაგიკული ამბავი საქართველოს უახლესი ისტორიის ნაწილია და მისი გააზრება დღეს მეტად საჭიროა.

„სიმართლეს ვერ გაექცევი“ - 1992 წელს, გაზეთმა „საქართველოს რესპუბლიკამ“ ამ სათაურით გამოაქვეყნა ინტერვიუ მაშინდელ გენერალურ პროკურორთან ვახტანგ რაზმაძესთან. ინტერვიუს წინ უძღოდა განმარტება: „საქართველოს რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი ზვიად კონსტანტინეს ძე გამსახურდია პასუხისგებაშია მიცემული. მას სისხლის სამართლის დანაშაულობათა ჩადენაში ედება ბრალი.“

გაზეთი

საქმე ეხებოდა დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის სისხლის სამართლებრივ დევნას ძალისგან, რომელმაც სამხედრო კრიმინალური გადატრიალების გზით მიიტაცა ხელისუფლება. ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ შეთითხნილ ბრალდებებს შემოგთავაზებთ სიტყვა -სიტყვით, როგორც ეს ვ. რაზმაძის ინტერვიუშია აღწერილი:

„პრეზიდენტად ყოფნისას მან ბოროტად გამოიყენა სამსახურეობრივი მდგომარეობა, გადაამეტა ძალაუფლებას – განზრახ ჩაიდინა ისეთი მოქმედებები, რომლებიც სცილდებოდა მისთვის კანონით მინიჭებულ უფლებათა და რწმუნებათა ფარგლებს. ზიანი მიაყენა სახელმწიფოს და საზოგადოებას. ეს არ იყო გამონაკლისი შემთხვევები, პირიქით, ასეთი იყო მისი მოღვაწეობის პრინციპი. იგი ხელმძღვანელობდა ანგარებითა და პირადი მოტივით, რასაც თან ახლდა ძალადობა და დაზარალებულთა პირადი ღირსების შელახვა, იარაღის გამოყენება. წინასწარმა გამოძიებამ დაადგინა, რომ ზვიად კონსტანტინეს ძე გამსახურდიამ დაახლოებულ პირთა ჯგუფთან ერთად საქართველოდან გაიტაცა მილიონობით მანეთი. სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით ორგანიზაცია გაუკეთა დიდი რაოდენობით კონტრაბანდის ე.ი საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარზე საქონლის უკანონოდ გადმოტანას და ა.შ.“

ასე, პუტჩის გზით ხელისუფლებაში მოსულებმა მსხვერპლს დააბრალეს ყველა დანაშაული, რაც თავად ჩაიდინეს საქართველოს, მისი ხალხის და ისტორიის წინაშე. მხოლოდ “ვარდების რევოლუციით“ შევარდნაძის ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2004 წელს შეწყვიტა პროკურატურამ პრეზიდენტ გამსახურდიას წინააღმდეგ 1992 წელს აღძრული საქმე. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით შექმნილმა სპეციალურმა საგამოძიებო ჯგუფმა, 400 ტომიანი საქმე შეისწავლა და დაასკვნა, რომ ზვიად გამსახურდიას მიმართ წაყენებული ბრალდებები უსაფუძვლო იყო. გენერალურ პროკურატურაში განაცხადეს, რომ ხანგრძლივი გამოძიებით ვერ დადასტურდა ვერც ერთი ფაქტი, რისთვისაც საქართველოს პირველი პრეზიდენტი დაუსწრებლად პასუხისგებაში იყო მიცემული.

სამოქალაქო ომისამოქალაქო ომი

ზვიად გამსახურდიას მიმართ სისხლის სამართლის საქმე სამხედრო- კრიმინალური გადატრიალებისთანავე, 1992 წლის ოთხ იანვარს აღძრეს.

1994 წელს, პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით ეს საქმე შეაჩერეს, მაგრამ არ შეუწყვეტიათ. დემოკრატიულად არჩეულ და შეიარაღებული გზით დამხობილ პრეზიდენტს რამდენიმე მუხლით ჰქონდა ჰქონდა ბრალი წაყენებული, მათ შორის - სამშობლოს ღალატის, ტერაქტების ორგანიზების, შეიარაღებული ბანდფორმირებების შექმნის, ეთნოკონფლიქტების გაღვივებისა და სახელმწიფო ქონების დიდი ოდენობით დატაცებისათვის. დღევანდელი გადასახედიდან გამაოგნებელი ამ უსამართლობის გამო, პასუხი არავის უგია. პუტჩით ხელისუფლებაში მოსულთა პროპაგანდამ ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ დიდხანს და იმხელა დატვირთვით იმუშავა, თავის დროზე, ვინ იცის, რამდენს დააჯერეს, რომ 1992 წლის იანვარში წაყენებული ბრალდებები უსაფუძვლო არ იყო.

ზვიად გამსახურდია

ასე და ამგვარად, სამხედრო -კრიმინალური გადატრიალების ორგანიზატორებმა მსხვერპლს დააბრალეს ყველაფერი, რაც თავად ჩაიდინეს. თუმცა, 1991-92 წლებში მომხდარის მსხვერპლი მარტო პირველი პრეზიდენტი არ ყოფილა, მსხვერპლი მთელი ქვეყანა იყო.

ამონარდი ზვიად გამსახურდიასთან 1991 წელს ჩაწერილი ერთი ინტერვიუდან:

„- თქვენი პირადი თვისებებიდან რომელი მოგწონთ თქვენ და რომლისგან გინდათ გათავისუფლდეთ?

ზვიად გამსახურდია: იცით, ჯერ ვერავინ მოახერხა უშეცდომოდ გაევლო ცხოვრების გზა, ასევე მეც ვუშვებ მათ. არ მიყვარს საკუთარი თავის აფიშირება. ერთადერთი და მთავარი „პლუსი“ ის მაქვს, რომ ჩემი ხალხისთვის არასდროს მიღალატია. შეცდომები კი საკმარისზე მეტი დავუშვი. ”

დღევანდელი გადასახედიდან დაუჯერებელია? დიახ, ზვიად გამსახურდიას შევარდნაძის პროკურატურა სამშობლოს ღალატის ბრალდებით დევნიდა.

ზვიად გამსახურდია

ავტორი: ელენე ლომთაძე

12/22/2025

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024