საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
11 აგვისტოს შემდეგ ლიზი მოისწრაფიშვილი მთელმა ქვეყანამ გაიცნო. თუმცა, სამწუხაროდ, ტრაგედიით. მანამდე კი მას მხოლოდ ბათუმი იცნობდა. იცნობდა და უყვარდა სიფრიფანა და ბროლივით მყიფე გოგონა, ლამაზი ღიმილითა და არამიწიერებით...
27 წლის ლიზი ჟურნალისტისა და ტელეწამყვანის - ნანა ახვლედიანის ერთადერთი შვილი იყო. ნანას ახლა შვილიშვილი დარჩა, ლიზის 11 წლის ქალიშვილი.
ნანა ახვლედიანმა, ფეისბუქზე, 12 წლის წინ "ბათუმელებისთვის" მიცემული ქალიშვილის ინტერვიუ გამოაქვეყნა. მაშინ ის უკვე ნიცას მოლოდინში იყო. გთავაზობთ ინტერვიუს ამონარიდს.

ლიზი მოისწრაფიშვილი: - სილამაზისკენ სწრაფვა მქონდა მუდმივად. 14 წლის ვიყავი, როცა დიზაინერმა გოგა ნიქაბაძემ, რომელიც არის ჩემი ოჯახის ახლო მეგობარი, შემომთავაზა მასთან დამეწყო მუშაობა, რა თქმა უნდა, სიხარულით დავთანხმდი.
ამ პროფესიამ ბევრი რამ მასწავლა, თუნდაც ის, თუ როგორ ვიყო ყოველთვის ფორმაში, როგორ გავიკეთო მაკიაჟი ისე, რომ შემდგომ არ დავინაოჭო სახე. ჩვენებებში და სარეკლამო კამპანიებში მონაწილეობა რამდენიმე წელს გაგრძელდა, მერე გავთხოვდი, 27 დეკემბერს გავიპარეთ მე და ჩემი მეუღლე, მე ამ დღეს ერთი ფრაზით გამოვხატავ: „ყველაფერი კარგი მოულოდნელად ხდება“.
ჩემი მეუღლე ზუკა ქურდობაძეა, ფეხბურთელი, ის იმ პერიოდში ბათუმში არ ცხოვრობდა, როგორც ყველა ფეხბურთელი, მომთაბარე ცხოვრებას ეწევა, აქედან გამომდინარე ჩვენი შეყვარებულობის პერიოდი იყო ძალიან რთული. სწორედ ამიტომ მივიღეთ ცოტა ნაჩქარევი გადაწყვეტილება, თუმცა ამას ჩვენი საქმიანობებისთვის ხელი არ შეუშლია.
ჩემს მეუღლეს ძალიან მოსწონს ჩემი საქმიანობა, გამოვიყურები კარგად, ჩემზე მეტად მოსწონს ჩემი ყურადღების ცენტრში ყოფნა, ამის გამო სახლშიც მუდამ მოწესრიგებული და გაპრანჭული ვარ. მე ადრე, თინეიჯერობისას უფრო მომწონდა კომპლიმენტები, ახლა მაბნევს, არ ვიცი რა ვუპასუხო, როგორი პასუხი იქნება თავაზიანი.

მე ისეთივე მხარდაჭერას არ ვუწევ ფეხბურთში, მისი წყალობით ვერკვევი უკვე ამ სფეროში, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ფეხბურთი მიყვარს. ზუკას მატჩებზე არ დავდივარ, ეს მას არ უნდა, მეუბნება, რომ შეიძლება ყურადღება გავუფანტო.
ასე მგონია, რომ ზუკასთან ერთად ყოველთვის ვიქნები ბედნიერი, ბედნიერებისთვის კი ასაკი არ არსებობს. გათხოვილის სტატუსი არ მზღუდავს, ხუთი თვის ფეხმძიმეც კი ვიდექი პოდიუმზე. ერთმანეთი დანახვისთანავე მოგვეწონა, მალევე განვითარდა ჩვენი ურთიერთობა, ქორწილი ბათუმში გვქონდა, გოგა ნიქაბაძის კაბა მეცვა.

საერთოდ არ ვღელავდი, მხოლოდ ეკლესიაში შესვლისას მივხვდი, რომ სერიოზულ ფიცს ვდებდი.
ოჯახური ურთიერთობა მონატრებული მქონდა, მამა ადრე დამეღუპა, დედისერთა ვარ, მე და დედა მარტო ვცხოვრობდით.

იმისათვის, რომ არაფერი მომკლებოდა, დედა ძირითად დროს სამსახურში ატარებდა, ამას ყოველთვის განვიცდიდი. ბავშვობაში დიდ სახლზე ვოცნებობდი, სადაც ყველა ჩემთვის საყვარელ ადამიანთან ერთად ვიცხოვრებდი, ახლა მაქვს დიდი სახლი, სადაც ჩემს საყვარელ ადამიანებთან ერთად ვცხოვრობ, ძალიან ბედნიერი ვარ ამ გარემოში.
როცა გავიგე, რომ ფეხმძიმედ ვიყავი, პირველი რეაქცია ის იყო, რომ გამიხარდა, მერე დავჯექი და მივხვდი, რომ ძალიან სერიოზული პასუხისმგებლობა მეკისრებოდა.
ჩემს თავს ვუთხარი: ლიზა, მორჩა, შენ სერიოზული უნდა გახდე, ამის შემდეგ უფრო მშვიდი და ყურადღებიანი გავხდი, პატარა ნიცამ ჩემი გეგმები დააჩქარა. მინდა, რომ სწრაფად მივიღო შედეგი. ვცდილობ, ყველაფერი ვისწავლო, მინდა კარგი დედა ვიყო, აი, ისეთი, როგორი დედაც იყო დედაჩემი ჩემთვის.


ზუკა, მე, დედაჩემი, ზუკას დედა, ბებიები, მამიდები, ბიცოლები – საერთოდ ყველა არის აქტიურად ჩართული ამ პროცესში. ერთი სული გვაქვს, როდის გაჩნდება, ტანსაცმელი, ოთახი, აბსოლუტურად ყველაფერი გავამზადეთ.

ძალიან მიხარია, რომ ვიქნები ახალგაზრდა დედა, ყოველთვის ვიზრუნებ საკუთარ გარეგნობაზე, 10 წლის შემდეგ ვიქნები კარგი დიასახლისი და მექნება წარმატებული კარიერა.
***
27 წლის ლიზი მოისწრაფიშვილი 11 აგვისტოს მეთორმეტე სართულიდან გადავარდა და ადგილზე გარდაიცვალა...
08/20/2026