საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის წინა დღე, თბილისში, განსაკუთრებული პოლიტიკური და ისტორიული მუხტით იყო სავსე. მოდით, აღვადგინოთ ისტორიული რეფერენდუმის წინა პერიოდი, მაშინდელ პრესაში გამოქვეყნებული ცნობების მიხედვით. ეს საინტერესოა იმ უზარმაზარი სამუშაოს გასააზრებლად, რაც პირდად, ზვიად გამსახურდიამ და მასთან ერთად მისმა თანამებრძოლებმა გასწიეს საიმისოდ, რომ 1991 წლის 31 მარტი შემდგარიყო საქართველოს ბრწყინვალე ისტორიულ განაცხადად.
30 მარტი
„სასტუმრო „მეტეხის“ ფოიეში კარი განუწყვეტლივ იღება. ფოიეში ხალხმრავლობაა, აქ დაინახავთ ქართველს, ინგლისელს, ფრანგს, გერმანელს, ამერიკელს.“
საქართველოში მაშინ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ხდებოდა და ამის გამო ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ექცეოდა. რეფერენდუმის წინა დღეს სასტუმროს ცენტრალური შესასვლელიდან წამდაუწუმ გადიოდნენ რეგიონებისკენ, მოწვეული მეთვალყურეებით და უცხოელი ჟურნალისტებით სავსე მანქანები. გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ გამოქვეყნებულ რეპორტაჟში ზუსტად ასეა აღწერილი 1991 წლის 30 მარტი თბილისში, სასტუმრო „მეტეხში“.

ამ სურათის უკან უკვე გაწეული კოლოსალური სამუშაო იდგა. პირადად ზვიად გამსახურდიამ და მისმა ხელისუფლებამ ჩაატარეს ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია ისტორიულ რეფერენდუმზე ამომრჩევლების მაქსიმალური აქტივობის უზრუნველსაყოფად და შეძლეს რეფერენდუმის მაღალ დონეზე ჩატარება.
საერთაშორისო მეთვალყურეებისა და მედიის მოწვევა მაშინ განსაკუთრებული მოვლენა გახლდათ. ეს არა მხოლოდ გამჭვირვალობის დემონსტრირებისთვის იყო საჭირო, არამედ საქართველოს ისტორიული გადაწყვეტილებისთვის საერთაშორისო ლეგიტიმაციის შესაძენად.
უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის სპეციალურ დადგენილებაში ეწერა:
„ცენტრალურმა სარეფერენდუმო კომისიამ საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად უზრუნველყოს საერთაშორისო მეთვალყურეთა მოწვევა და რეფერენდუმზე დასწრება.“

მნიშვნელოვანი დეტალია წინასწარ ხმის მიცემის ორგანიზებაც. იმ მოქალაქეებს, რომლებიც მიზეზთა გამო 31 მარტს თბილისში არ იქნებოდნენ, მიეცათ შესაძლებლობა, რამდენიმე დღით ადრე მიეღოთ მონაწილეობა რეფერენდუმში. ასეთებისთვის ყოფილ ცეკავშირის შენობაში გაიხსნა ხმის მისაცემი უბანი 25 მარტს, ზუსტად იქ, სადაც ახლა ივანიშვილის „პანორამა“ დგას.

წინა დღეებში განვითარებული პოლიტიკური კონტექსტიც საგულისხმოა. თბილისში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, რიჩარდ ნიქსონის ვიზიტი და მისი განცხადებები მიუთითებს, რომ საქართველოს შიდა პოლიტიკური პროცესი საერთაშორისო პოლიტიკური ინტერესის საგანიც ხდებოდა. უზენაესი საბჭოს თავმჯდომარესთან, ზვიად გამსახურდიასთან შეხვედრაზე ნიქსონმა დაადასტურა აშშ-ის მაშინდელი ხელისუფლების პატივისცემა საქართველოს არჩეული ხელისუფლებისადმი და გამოთქვა იმედი, რომ საბჭოთა კავშირიდან გარდამავალი პერიოდი საქართველოში უსისხლოდ ჩაივლიდა.
კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი:
31 მარტის რეფერენდუმის წინ ზვიად გამსახურდიამ აფხაზ ხალხს მოუწოდა, ბოიკოტი გამოეცხადებინათ მოსკოვის გადაწყვეტილებით 17 მარტს დანიშნული საკავშირო რეფერენდუმისთვის და მონაწილეობა 31 მარტის რეფერენდუმში მიეღოთ:

„დამოუკიდებელ საქართველოში თქვენ გაცილებით მეტს მოიგებთ, ვიდრე მოდერნიზებულ საბჭოთა იმპერიაში, რომლის მიზანიც არის ყველა პატარა ხალხის ასიმილაცია და რუსიფიკაცია. თვითმყოფად საქართველოში იარსებებს ჭეშმარიტად თვითმყოფადი აფხაზეთი.“
საბჭოთა კავშირის მხარდასაჭერად მოსკოვის დანიშნული რეფერენდუმი აფხაზეთში მაინც ჩაატარეს. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თხოვნით მის მიმდინარეობასაც აკვირდებოდნენ უცხოელი ჟურნალისტები. მათ მოგვიანებით დაადასტურეს უბნებზე გამოვლენილი უხეში დარღვევები.
მოსკოვის მიერ დანიშნულ ე.წ. რეფერენდუმს სრული ბოიკოტი გამოუცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის უმრავლესობამ, შემდეგ კი მხარი დაუჭირა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას.
გსურთ თუ არა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?
მომხრე — 99.08%
მოწინააღმდეგე — 0.51%
ამ უდიდესი ისტორიული აქტის ორგანიზატორის მაშინდელ განწყობას ასახავს ინტერვიუ, რომელიც 31 მარტის რეფერენდუმიდან მალევე ჩაიწერა:
– როგორც ჩვეულებრივ ადამიანს, რა გატაცება გაქვთ?
ზვიად გამსახურდია: ომში გატაცება არ არსებობს, ომის დროს ერთადერთი გატაცება ბრძოლაა. დასავლეთის ბედნიერი სახელმწიფოების პრეზიდენტები ბედნიერად ცხოვრობენ და არა ისე, როგორც მე. ჩემი ცხოვრება ბრძოლაა.

– თქვენი პირადი თვისებებიდან რომელი მოგწონთ და რომლისგან გინდათ გათავისუფლდეთ?
ზვიად გამსახურდია: იცით, ჯერ ვერავინ მოახერხა უშეცდომოდ გაევლო ცხოვრების გზა, ასევე მეც ვუშვებ მათ. არ მიყვარს საკუთარი თავის აფიშირება. ერთადერთი და მთავარი „პლუსი“ ის მაქვს, რომ ჩემი ხალხისთვის არასდროს მიღალატია. შეცდომები კი საკმარისზე მეტი დავუშვი.
– თქვენზე ამბობენ, ღრმად მორწმუნე კაციაო, რას შესთხოვთ ღმერთს ლოცვისას?
ზვიად გამსახურდია: ამას წინათ დასავლეთის ერთმა გაზეთმა წარწერიანად დაბეჭდა ფოტო, სადაც მე თითქოს არჩევნებში ჩემი გამარჯვებისთვის ვლოცულობ. ჩემი პირადი წარმატებისთვის არასდროს ვლოცულობ. ვლოცულობ კაცობრიობისთვის და ჩემი ხალხისთვის.

31 მარტის რეფერენდუმის წინ პერიოდი ცხადყოფს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მხარდაჭერა იყო საქართველოს ხალხის ლამის ერთსულოვანი ნება და ამავდროულად, ზვიად გამსახურდიას და მისი თანამებრძოლების მიერ წინასწარ დაგეგმილი და საერთაშორისო კონტექსტში გააზრებული ისტორიული პოლიტიკური განაცხადი.
03/30/2026