
10/14/2026
1989 წლის 13 ოქტომბერს სოფელ ბორითთან (ხარაგაულის რაიონი) ავტოკატასტროფა მოხდა, რომელმაც ეროვნულ - გამანთავისუფლებელი მოძრაობის ორი გამორჩეული ლიდერი წაართვა საქართველოს: მერაბ კოსტავა და ზურაბ ჭავჭავაძე. მერაბ კოსტავა საავადმყოფოში გადაყვანამდე, იმ დღესვე გარდაიცვალა. მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებული ზურაბ ჭავჭავაძე კი მოგვიანებით - 21 დეკემბერს. ერთიც და მეორეც აგებდა ხიდებს მაშინდელ ურთიერთდაპირისპირებულ საზოგადოებაში.

მერაბ კოსტავა: „საუბედუროდ, ჩვენ ქართველები, მხოლოდ გადამწყვეტ მომენტში, როდესაც დაღუპვის კარსა ვართ მიმდგარი, ვდგებით ერთად და ვერთიანდებით, მაგრამ რაც შეეხება შემდგომ ეტაპს, როცა აღორძნებაზეა საქმე მიმდგარი, ისევ თავს იჩენს ჩვენი პრომეთეული გოროზობა, ჩვენი ეს ოდითგანდელი სენი და ჩვენ კვლავ ერთმანეთს ვშორდებით.”
ზურაბ ჭავჭავაძე: „ყველაზე მტკივნეულ საკითხად ჩვენ მიგვაჩნია ეროვნებათშორისი ურთიერთობანი. სხვადასხვა ხალხში ეროვნული თვითშეგნების აღზევებას ხანდახან მივყავართ ეროვნებათშორის კონფლიქტებამდე, ეს იმ შემთხვევაში, როცა ირღვევა სამართლიანობა. ამ მხრივ კი საბჭოთა კავშირში პრობლემები თავსაყრელია. ჩვენ ვცდილობთ თავიდან ავიცილოთ ეროვნებათშორისი შეტაკებანი.“

მერაბ კოსტავა 21 ოქტომბერს დაკრძალეს მთაწმინდის პანთეონში. მისი ცხედარი უკანასკნელ გზაზე ზღვა ხალხმა გააცილა.


„თავისი დიდი გულით მერაბ კოსტავამ გააერთიანა საქართველო. მას ყველა უყვარდა, რამეთუ უწყოდა, უკეთუ არ შეიყვარეთ ურთიერთი, არ შეგიყვარებთ უფალი, ვერ გადარჩება ჩვენი სამშობლო. აი, ეს არის მერაბის ანდერძი: იყვარებდეთ ურთიერთს, აი, მერაბის კრედო ცხოვრებისეული, აი, ის მიზანი, რომლისკენაც უნდა ვილტვოდეთ ჩვენ. რაღად უნდა რეფერენდუმი საქართველოს, როდესაც მთელმა ქართველმა ერმა აღიარა დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი რაინდის დიდება, როდესაც მთელმა ქართველმა ერმა ამოაცილა წინაპართა, წმინდანთა და მოღვაწეთა სამკვიდრებელში.”
ზვიად გამსახურდია, 1989 წლის 21 ოქტომბერი, თბილისი.
საბჭოთა დისიდენტობდა და პოლიტპატიმრობა

წერილი დედას გადასახლებიდან:
„ჩემზე ნუ იდარდებ, ყველაზე ნაკლებ გასაჭირში მე ვიმყოფები. ჩემთვის ციხე გართობაა და ცხოვრების შემეცნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი.წელიწადის ეტლი ორგზის შემობრუნებასაც ვერ მოასწრებს, რომ ჩვენ ხანგრძლივი ხილვის შესაძლებლობა მოგვეცემა ჩემი გასახლების ადგილზე.
ნუ გეშინია, დრო სადოღე ბედაურივით გაირბენს თავის სარბიელს. ვეცდები მჭიდროდ ავეკრა უნაგირს მისას და მტკიცედ ვიპყრა ხელთ მისი სადავეები, რათა არ მიმუხთლოს და ფლოქვებქვეშ არ მომიყოლოს, მის მარულაში ჩაბმული იმედის კარიბჭეთა მაძიებელი.კარს ნუ გაუღებ ამაო დარდებს. ერიდე მაგ ვერაგსა და არამკითხე სტუმარს, ვინძლო გული ჟანგივით არ ამოგიჭამოს.“
1980 წლის გაზაფხულზე კოსტავას სამწლიანი პატიმრობის ვადა ეწურებოდა. ის პერმის ბანაკიდან გადასახლებაში გააგზავნეს და ციმბირის მიყრუებულ სოფელში მუსიკის მასწავლებლად გაამწესეს. გადასახლების დასრულებას თვეები აკლდა, როდესაც საბჭოთა უშიშროებამ პროვოკაცია მოუწყო. სახლში, სადაც მერაბი ცხოვრობა სტუმრად უცნობი მხატვარი გაჩერდა. კოსტავას სახლში შემოწმებაზე მისულმა მილიციამ სტუმარი პიროვნების დასადგენად განყოფილებაში წაიყვანა. მერაბ კოსტავამ სტუმარი არ მიატოვა, მილიციაში გაყვა, მერე კი იქ გამოესარჩლა. ეს საკმარისი გახდა, რომ ქართველი დისიდენტისთვის მილიციის თანამშრომელზე თავდასხმა დაებრალებინათ და დამატებით 5 წლით პატიმრობა.
1984 წლის ნოემბერში პოლიტპატიმარმა მერაბ კოსტავამ პროტესტის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადა. სიცოცხლის შესანარჩუნებლად ბანაკის ადმინისტრაცია მას ძალით კვებავდა. კოსტავას ხელბორკილებს ადებდნენ და საკვებს ზონდის საშუალებით აწვდიდნენ. ვერ გატეხეს. შიმშილობა წელიწადსა და ორ თვეს გაგრძელდა.ირკუტსკის ლაგერში უვადო შიმშილობის მერვე თქვეს დაწერილი სიტყვებია:
„წილხვდომ სიკვდილს თუ ვუმზერდე ავად,
მაშინ ნამუსის ქუდი გავთელო,
ჩემი სამშობლო ზეცაა თავად,
შემდეგ ეს მიწა და საქართველო”.
ხანგრძლივმა შიმშილობამ მერაბ კოსტავას ჯანმრთელობა მეტად დაუზიანდა. 1986 წელს ის ციმბირიდან ტაშკენტის ბანაკში, სპეციალურ ტუბზონაში გადაგზავნეს. ჩვენი ეროვნული გმირის ჯოჯოხეთური 10 წლიანი პატიმრობა საბოლოოდ 1987 წლის გაზაფხულზე დასრულდა. ქართველი დისიდენტი ამ პერიოდისთვის უკვე ქსნის შრომა-გასწორების კოლონიაში იმყოფებოდა და სწორედ აქედან გაანთავისუფლეს.
საბჭოთა კავშირში ე,წ. გარდაქმნის გამოცხადებას მოჰყვა პოლიტპატიმრების განთავისუფლება, სსრკ-ს ხელმძღანელობაზე დასავლეთის ზეწოლამ ამ მხრიც იმუშავა, პოლიტპატიმრების განთავისუფლებამ კი, განსაკუთრებით მერაბ კოსტავას დაბრუნებამ, უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა საქართველოს ეროვნულ -გამანთავისუფლებელი ბრძოლის გამოცოცხელბა - გაძლიერებაში. სამწუხაროდ, სიკვდილი მაშინ ჩაუსაფრდა, როცა მისი განსაკუთრებული უნარები ყველაზე მეტად გვჭირდებოდა. იცოცხლა სულ 50 წელი. დატოვა ლეგენდა უდიდებულეს კაცზე, თავისუფლებისთვის და მოყვასისთვის თავგანწირულ ბრძოლაზე, ძალიან საინტერესო ლექსები და დისიდენტური პუბლიცისტური წერილები.


„საქართველოსაც ხომ ერგო რიგი,
ვით ისტორიის უმძლავრეს კოლოსს,
საოცრებათა გრაალი იგი,
წმინდა გელათში იყო სულ ბოლოს.“
გააზიარე სტატია