
09/15/2026
თათუკა ჩაჩუა - ახალი იმიჯით წარსდგა საზოგადოების წინაშე. წონაში დაიკლო, ვარცხნილობა შეიცვალა. ამბობს, რომ ჭარბ წონას მუდმივად ებრძოდა.
"ლამაზი სახე გაქვს, მაგრამ რომ გახდე, კარგი გოგო იქნები" - ამ ფრაზამ მასზე ხანგრძლივად იმუშავა. ბოლოს კი, სასურველ შედეგამდე მივიდა.
ფსიქოთერაპევტი საკუთარ მაგალითებზე საუბრის გარდა, სალომე კასრაძის პოდკასტში, ბევრ საინტერესო თემას შეეხო. მათ შორის, როგორ შეიძლება საკუთარი თავის პარტნიორი გახდე.
თათუკა ჩაჩუა: სასწორზე რომ დავდექი, ვიყავი 105 კილო. მქონდა არასწორი დამოკიდებულება. ყველა ქალს მინდა ვუთხრა, არა აქვს მნიშვნელობა, შვილი ჰყავს თუ არა. წონის მატება არის უსიყვარულობის ბრალი. სადაც ვარ, მე იქ მაკლია სიყვარული. შეიძლება დედას ვუყვარდე, როგორც შეუძლია, მამას, მაგრამ მე, მოზარდს, არ მყოფნიდეს საბაზისოდ ის დაცულობის განცდა.
კარგად თუ ჭამ, კარგი გოგო ხარ - არის ასეთი არასწორი შეფასება. კარგად ჭამაში ბევრი ჭამა იგულისხმება. ანუ მე თუ ბევრს ვჭამ, სასურველი ვარ.
როცა მეკითხებიან, როგორ გავხდი, ვამბობ - ბრაზი და წყენა გამოვუშვი. ამაზე ვისაუბრე. ვიფიქრე, რომ აღარ ვიქნებოდი მოსაწონი.
პატიება დიდი გზაა. შუაში ბრაზის და წყენის გამოტოვებით, პატიება არის სიყალბეზე დაფუძნებული.
ბავშვი რომ ტირის, გაუაზრებლად ვეუბნებით, არ იტიროს. ემოციის ატროფიას ვასწავლით. შეიძლება რომ გაიზრდება, ფსიქოსომოტური დაავადება გაუჩნდეს, მაგალითად ჩიყვი, კვანძი, რაც არ თქმული, არ გამოხატული ემოციის შედეგია.
ბოდიში, მეტირებაო, რომ ამბობენ, ეგ არის ბავშვობაში ნათქვამი - გეყოფა, ნუ ტირის შედეგი.
როცა სათქმელს ვერ ამბობ, ემოციას ვერ გამოხატავ, არ ხარ შიდა ავტორიტეტი, ხარ დამოკიდებული გარე ავტორიტეტზე. მე რომ შიდა ავტორიტეტი არ მაქვს, ეს იწვევს გადაღლას. ვარ რყევადი გადაწყვეტილებაში და სულ ვიღაც მჭირდება რომ მითხრას, სწორი ვარ ან არა სწორი. როცა შიდა ავტორიტეტი არ არის, ურთიერთობებში დაბალი სტანდარტები მაქვს.
რაღაც ახალი რომ გვინდა, ჩვენი ტვინი იმდენად მიმართულია შედეგზე, რომ არ ვფიქრობთ გვჭირდება თუ არა რეალურად ის სიახლე.
მე ხშირად მითქვამს - მადლობა ღმერთს, სამყაროს, რომელსაც ვთხოვდი და სურვილები არ შემისრულა. დღევანდელი გადმოსახედიდან მადლიერი ვარ, რომ არ მომცა ის, რაზეც ვბრაზობდი - რატომ არ მაძლევს-მეთქი. რაც მინდოდა და მომცა, ყველაზე დიდი იმედგაცრუება იქიდან განვიცადე.
ტვინს აქვს მატყუარა ღილაკი; თუ დააჭერ, გინდა რომ ბედნიერება ხილული გახდეს, ხელჩასაჭიდი. ყოველ ახალ საფეხურზე გგონია, ბედნიერების წერტილი იქ არის. ახლა ბინა გინდა. მერე იმ ბინაში ისე ცხოვრობ, რომ მადლიერება გამქრალი გაქვს. ის, რაც სამი წლის წინ გეგონა ბედნიერებას მოგიტანდა, უკვე გაქვს, მაგრამ მადლიერება არ გაქვს.
კიდევ - არ შეიძლება საკუთარ თავს დამარცხება აუკრძალო. შეგიძლია იყო დედა, რომელიც შეცდომებს უშვებს. მისწრაფება იმისკენ, რომ უნიკალური მშობლები ვიყოთ, ტოქსკიურ მშობლებად გვაქცევს.
თვითრეფლექსია რა არის?
თვითრეფლექსია არის საკუთარ ქცევაზე, შეგრძნებაზე დაკვირვება, ემოციურ მდგომარეობაზე დაკვირვება, კრიტიკაზე როგორ ვრეაგირებ. ცხორების დაკვირვების პროცესი ულიმიტოა. აღქმა იმისა, რატომ არის ეს ადამიანი ჩემს ცხოვრებაში, რისთვის მჭირდება, ჩემს პარტინიორს როგორც მშობელს ხომ არ ვუყურებ?!..
თუ მე არ ვარ საკუთარი თავის განვითარებით დაკავებული, არ ვარ თვითკმარი, ურთიერთობაში დაგიწყებ ჩხუბს, რომ მომცე ის, რასაც მე ვერ ვაძლევ საკუთარ თავს.

ამერიკაში სწავლისას ლექტორმა მასწავლა, თუ გინდა იყო ჯანსაღი ურთიერთობაში, გახდი ცოტა ხნით შენი თავის პარტნიორიო. ეს დაიწყე იმით, რომ უყიდე თავს ბეჭედიო. ბათუმში ერთი წლის წინ ვუყიდე ჩემს თავს ბეჭედი, რომელიც ნიშნობის ბეჭედს ჰგავს, ვიყიდე. გნიშნავ, თათუკა, მე ვხდები შენი პარტნიორი-მეთქი და გავიკეთე. დაახლოებით სამ თვეში გავიცანი ადამიანი და დავიწყე ურთიერთობა. გავიდა წელიწადი და რაღაც და ჩემი გადაწყვეტილებით, დავამთავრე ეს ურთიერთობა. რა სიყვარულსაც მთხოვს, მე ვერ ვაძლევ, ჩემი ლიმიტი სხვაა. მადლობა ამ ადამიანს, რომ ასეთი კარგი ურთიერთობა გვაქვს და ვმეგობრობთ.
ამ ზაფხულის ბოლოს, ისევ ბათუმში ჩასვლისას ჩემს თავს ისევ ვუყიდე ბეჭედი. ჩემი თავის კარგი პარტნიორი ვარ, არ ვაწუხებ, კითხვის საშუალებას ვაძლებ, ვაძლებ ნებას იყოს კმაყოფილი საკუთარი გარეგნობით, ვაქებ და სრულ ჰარმონიაში ვარ. ძალიან ბედნიერი ვარ, ენერგეტიკულად ისეთი კარგი პარტნიორი ვარ საკუთარი თავის. დილას სარკეში რომ ვიხედები - თათუკა, ძალიან კარგი გოგო ხარ-მეთქი, ვეუბნები.
ბედნიერი ვარ, მიყვარს ჩემი პროფესია, ჩემი თავი ძალიან მომწონს, ბრაზი და წყენა წონას გავატანე, მადლიერი ვარ ყველა იმ ადამიანის, ვინც მეგონა, რომ უმადურად მომექცნენ.
გააზიარე სტატია