საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით, საკუთარ თინეიჯერობას, თინეიჯერობის "ვალენტინობა დღეებს" და საყვარელი ადამიანისგან მიღებულ პირველ სასიყვარულო წერილს იხსენებს სოციალურ ქსელში მწერალი და ჟურნალისტი ნინო თარხნიშვილი.
" ვალენტინობა რომ შემოვიდა მოდაში, შუაგული თინეიჯერობის ასაკი მედგა. ერთი გაკნაჭული გოგო ვიყავი. უბრალო შავი თმით. უბრალო შავი თვალებით. უფერული.
არავის ვუყვარდი. არავის მოვწონდი. არც ყვავილებს ველოდი ვინმესგან და არც საჩუქრებს.
ჰოდა, გათენდებოდა ხოლმე ეს წყეული ვალენტინობა და ჩამიდგებოდა გულში იმედი, იქნებ გამოჩნდეს ვინმე ფარული თაყვანისმცემელი და მაჩუქოს ყვავილები. მაგრამ ისე დაღამდებოდა ხოლმე ის დღე, რომ მხოლოდ მეგობრებისთვის ნაჩუქარ ყვავილებს ვათვალიერებდი, საჩემო ყვავილი კი არც იმ წელს ხარობდა.
ჩემი თინეიჯერობის ტკივილია ვალენტინობა.
მაგრააააამ, მერე დადგა 2002 წლის 14 თებერვალი და მივიღე ასეთი ელექტრონული და უკვდავი წერილი:
”ჩემო გვრიტო. აი ასეთ წერილს გწერ ამ ვალენტინობას. დღევანდელი დღე ჩემთვის განსაკუთრებულია, რადგან აქამდე ეს დღე არავისთვის მიმილოცავს. ახლა კი შენ მყავხარ და ცხოვრება უფრო მეტად მიხარია. ჩემო ვარდის კოკობო, ხანდახან კი ვირობ და მუტრუკობ, მაგრამ როდისღაც ხომ მორჯულდები და გინდაც არ მორჯულდე, მაინც ძალიან მეყვარები ჩემო ნიაგარას ჩანჩქერო და ჯომოლუნგმას მთავ. ახლა ისე მომენატრე, რომ გრძნობებს ვეღარ ვთოკავ, ველად გავიჭრები, ერთი-ორ ვეფხვს წამოვაქცევ, მერე ცაში ავიჭრები, დედამიწას თავზე მოვექცევი და დავიღრიალებ. ჰო, ზუსტად ასე მოვიქცევი. მიყვარხარ”.
ჭანო...
პ.ს. თანაცხოვრებიდან 23 წლის თავზე, ასე აღარ ვენატრები ხოლმე, მაგრამ წესით, ისევ უნდა ვუყვარდე, ჩემი აზრით.
ფოტო 1995 წლიდან. ანუ 16 წლისა," - წერს ნინო თარხნიშვილი და თინეიჯერობისას გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

02/13/2026