რელიგია

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
"ჩემო ძვირფასო დედა, მადლობა ყველაფრისათვის! მიყვარხარ!" - წერს მამა ბენიამინი სოციალურ ქსელში და დედასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
მამა ბენიამინ ბელქანიას დედა მონაზონია. დედა ეფემია ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში მოღვაწეობს.
"მიუხედავად იმისა, რომ დედა აღმსარებელი და მაზიარებელი იყო, კინაღამ მოკვდა, როდესაც გაიგო, რომ მონასტრის მუდმივი წევრი უნდა გავმხდარიყავი. მამა ისე გარდაიცვალა, უკმაყოფილო იყო ჩვენი, არ ესმოდა რა იყო ბერ-მონაზვნობა" - ამბობს ბერი.

სოხუმის დაცემის შემდეგ წამოსულს, გზად ბევრი დაბრკოლება შეხვდა. ბერის ძმამ სასულიერო ცხოვრება მამა ბენიამინზე ადრე დაიწყო. მამა ელისე ბელქანია ახლა მარტყოფის ტაძრის ეზოშია დაკრძალული. ბერს ძმის საფლავთან ხშირად ნახავთ.
მამა ბენიამინი: ფოკის მონასტერში გაუშვეს, შემდეგ კოდორის ხეობაში. მერე იქ გარდაიცვალა და შვილის გარდაცვალებამ, დედაჩემი მიიყვანა მონაზვნობამდე. დღეს ის ბოდბის დედათა მონასტერშია.

ჩემი ძმა რომ გარდაიცვალა, დედამ მითხრა, ვერ ვლოცულობდიო. მერე სიზმრად გარდაცვლილი შვილი გამოეცხადა, რომელიც ხატებთან ლოცულობდა და უთხრა, მე ვლოცულობ და შენც ილოცეო. და ამის შემდეგ დაიწყო ლოცვა.
როცა მასთან მივდივარ, დიდ სიხარულშია, ხან მამაოს მეძახის, ხან შვილოს და ხან - მერაბს. ერში ასე მერქვა...

არქიმანდრიტი ბენიამინ ბელქანია 30 წელზე მეტია მარტყოფის ღვთაების მამათა მონასტრის წინამძღვარია. ყოველდღე აღასრულებს წირვა-ლოცვას, ყოველღამე წმინდა ანტონ მარტყოფელის საფლავთან ლოცულობს.
მამა ბენიამინს იცნობენ როგორც გლახაკთა, უძლურებასა და განსაცდელსა შინა მყოფთა მოძღვარს. ის მარტყოფის მამათა მონასტერში უსასყიდლოდ აცხოვრებს უპოვრებს, განურჩევლად მრწამსისა და ცდილობს, მათ უფლის სიყვარული ასწავლოს.
"ამის შინაარსი ის არის, რომ ადამიანი მოვაქციო, მივიდეს ღმერთთან."
მამა ბენიამინი: - იქით რა გაგვყვება? სიკეთე. ზოგი წუწუნებს სიკეთეს ვაკეთებო და იქიდან სამაგიეროს ვერ ვიღებო. თუ სამაგიეროს ეძებ და ანგარებით ხარ, ამას სიყვარული აღარ ჰქვია...
03/03/2026