Logo

კულტურა

"ჩემს გვერდით მამას ყოფნას სულ ვგრძნობ. უმისობას ვერც ვერასდროს შევეგუები" - ზურა ბაკურაძე 47 წლის გახდებოდა

"ჩემს გვერდით მამას ყოფნას სულ ვგრძნობ. უმისობას ვერც ვერასდროს შევეგუები" - ზურა ბაკურაძე 47 წლის გახდებოდა

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

23 დეკემბერს ზურა ბაკურაძე 47 წლის გახდებოდა. "ქართული ხმების" მეორე ხმის გარდაცვალებიდან ოთხი წელი გავიდა.

ოჯახი მომღერლის საფლავზე იყო, შემდეგ ტაძარში დაუნთეს სანთლები და მერე ახლობლები ოჯახში შეიკრიბნენ.

"ზმნასთან"მამას ანა ბაკურაძე იგონებს...

ანა ბაკურაძე: თავისი დაბადების დღე ძალიან უყვარდა. უკანასკნელი დაბადების დღე სახლში აღნიშნა. მართლა სასწაული დღე იყო. ყველა მღეროდა, ერთობოდა. ყველა მისი დაბადების დღე მხიარულება და დღესასწაული იყო. სულ პოზიტიურად და ამაღლებული განწყობით აღნიშნავდა, უყვარდა და ჩვენც შეგვაყვარა 23 დეკემბერი.

ზურა ბაკურაძე

მამასთან დაკავშირებით, ისევ ისეთი შეგრძნება მაქვს, როგორც ოთხი წლის წინ და ამ ფაქტს ვერც ვერასდროს შევეგუები. რთულია დღესაც.

ადრე უფრო ხშირად ვნახულობდი სიზმრად; ახლა იშვიათად, თუმცა ვნახულობ. მოდის, უშუალოდ კონტაქტში თუ არ შემოდის, სადღაც იქვეა და მიყურებს. ემოციური კავშირი გვაქვს. ჩემს გვერდით მამას ყოფნას სულ ვგრძნობ. მგონია, რომ ზურას დამსახურებაა ის, რომ ჩემს ცოვრებაში ყველაფერი კარგად მიდის. რაღაცები უნდა გაგიმართლოს, სწორ დროს სწორ ადგილას მოხვდე. მე ვგრძნობ, რომ მიმართლებს. ასე მგონია. გამიმართლა იმაში, რომ ზურა მამაჩემია. მიუხედავად იმისა, რომ ახლა ფიზიკურად არ არის ჩემთან, მისი სახელი ბევრ რამეში მეხმარება. დადებითად მოქმედებს ჩემს ცხოვრებაზე. თუ რამე სიკეთეა ჩემს გარშემო, თუ რამე სიყვარული ტრიალებს, მამაჩემის დამსახურებაა... ჯერ იმდენი ცხოვრება არ გამივლია, რომ მე პირადად დამსახურებები მქონდეს, თუმცა აქამდე ზურას სახელით მოვედი. თუ ვინმეს ვუყვარვარ, ზურას გამოა. რომ გაიგებენ, რომ ზურა ბაკურაძის შვილი ვარ, სულ სხვა ემოციით არიან ჩემდამი. ვცდილობ ის, რაც მასწავლა, მახსოვდეს და მისი მოლოდინი გავამართლო.

ზურა ბაკურაძე

- რა გაქვს მისგან ნასწავლი?

- უნდა ვიყო უზომოდ კეთილი. თვითონ იყო უცნაურად კეთილი, უბოროტო. მაგალითია ჩემთვის. წყენას გულში არ იჩერებდა. დიდ ყურადღებას აქცევდა ოჯახს. ღირებულებებს პატივს სცემდა. ვცდილობ, ეს ყველაფერი გადმოვიტანო ჩემს ცხოვრებაში და გამომივიდეს. მამა ბევრად კეთილი იყო. მე მისნაირ ადამიანს არ ვიცნობ. უკიდეგანოდ უყვარდა ადამიანები. სადაც შედიოდა, ბედნიერება და სიხარული შეჰქონდა. ისე დამელაპარაკებოდა, რომ ყველანაირი პრობლემა მიადვილდებოდა. პოზიტივი შეჰქონდა ყველგან. იმედია, გამომდის ვიყო მისი მსგავსი.

- მახსოვს, სიმღერა დაიწყე, სცენაზე დადექი. აგრძელებ?

- ზურა აქტიურად იყო ჩართული, რომ მემღერა. შინაურულ გარემოში მასთან ერთად ვმღეროდი. ახლა სწავლაზე ვარ ორიენტირებული. ვცდილობ, ჩემს საქმეში ვიყო წარმატებული. მამამ იცოდა, რომ საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე მსურდა სწავლა. ბევრი მეგობარი ჰყავს ამ სფეროში. და სჯეროდა, რომ ეს პროფესია გამომივიდოდა. მინდა, იმედები გავუმართლო. ასევე გულით მინდა ვიმღერო, თან რომ ვიცი, ეს როგორ გაუხარდებოდა. ჯერ მაინც მიჭირს. თუ ვიმღერებ, ძალიან მაგარი უნდა ვიყო, ამ ეტაპზე ამისთვის არ ვარ მობილიზებული. ოჯახში და სამეგობროში ვმღერი. თუმცა გამოვტყდები, ემოციურად მაინც მიჭირს. ამიტომ ვარიდებ თავს. ბიძაჩემს და ჩემს მთელ ოჯახს უნდა, რომ მე დავიწყო სიმღერა, ჰობის დონეზე მაინც. ბიძაშვილები პროფესიონალურად მღერიან. ბიძაჩემი ცდილობს ამიყოლიოს, როცა კი ამის საშუალება მიეცემა. ზოგჯერ გამოსდის.

- არ არის დრო მკურნალი?

- მამას არ ყოფნა ემოციურად ახლაც მიჭირს. როცა დამჭირდა ჩემს გვერდით ყოფილიყო და რომ აღარ იყო, დანაკლისი რთულად განვიცადე. ფილამრონიაში გამართულმა "ქართული ხმების" კონცერტებმა ჩემზე ძალიან იმოქმედა. ძალიან გამიჭირდა მათი მოსმენა. მაგრამ ეჩვევი, როგორ იცხოვრო. ბევრ რამეს დაძლევ, მაგრამ წლები მაინც არ კურნავს.

- დედას როგორ ეხმარებით ტკივილის დაძლევაში?

- ყველაზე ყოჩაღი დედა აღმოჩნდა. ნათიამ აიღო პასუხისმგებლობა და ჩემი და ჩემი ძმის ცხოვრებაში, ორმაგად აქტიურად არის ჩართული. დათამ უნდა იმღეროს და კახა ონაშვილთან დაგვყავს. მგონია, რომ დედას ძალიან კარგად გამოსდის ორივე მშობლის ფუნქცია. საოცარი ადამიანია. ყველაფერში გვეხმარება, მიუხედავად იმისა, რომ დიდ ტკივილს განიცდის, ცდილობს, რომ უმამობა არ გვაგრძნობინოს. ერთმანეთს ვეხმარებით სამივე...

ზურა ბაკურაძე

ავტორი: თამარ გონგაძე

12/23/2025

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024