Logo

ინტერვიუ

"ჩემს მიმართ, ასეთი ნდობა არავის გამოუჩენია" - "მონანიების" ვარსკვლავი 83 წლის გახდა

"ჩემს მიმართ, ასეთი ნდობა არავის გამოუჩენია" - "მონანიების" ვარსკვლავი 83 წლის გახდა

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ავთანდილ მახარაძე 83 წლის გახდა. მსახიობი, რომელიც თენგიზ აბულაძის კინოშედევრში, "მონანიება"-ში ფენომენალურად შესრულებული ორი როლის შემდეგ, ვარსკვლავი გახდა, მსოფლიო დონის არტისტად მოგვევლინა...

ინტერვიუები არ უყვარს. "საკუთარ თავზე არ უნდა ილაპარაკო. მაყურებელი ფილმში რომ გხედავს, ის არის საინტერესო და არა ის, მე რას ვფიქრობ ცხოვრებაზე" - ამბობს მსახიობი.

თავდაპირველად, თენგიზ აბულაძეს მისთვის აბელის როლი შეუთავაზებია, თუმცა ვარლამის როლი რომ მსახიობისთვის გაცილებით საინტერესო სათამაშოა, ეს ხომ ცხადზე უცხადესია. აი, რა მოუყვა ბატონმა ავთომ "პერსონაში" ნიკოლოზ წულუკიძეს.

ავთანდილ მახარაძე: ბატონმა თენგიზმა სცენარი რომ მოიტანა, სახლში არ ვიყავი და ჩემს ცოლს დაუბარა, ყურადღება მიაქციოს აბელის როლსო. ერთ როლზე იყო ლაპარაკი და ისიც აბელზე. მთელი სცენარი მომეწონა და მიუხედავად იმისა, რომ აბელი ძალიან კარგი როლია, ვარლამის როლი იმდენად მომეწონა, მივედი და ბატონ თენგიზს ვთხოვე, ხომ არ შეიძლება სინჯის გადაღება ვარლამზე ვცადოთ, რადგან ვარლამის როლი ძალიან მომწონს-მეთქი. ბატონი თენგიზი პირდაპირ პასუხს არასდროს გცემდა. ორი კვირა გადაუდებელი საქმეებია, ორ კვირაში დაგირეკავ და ამაზე ვისაუბროთო, მიპასუხა. არ გასულა ათი დღე და ბატონი თენგიზი მეუბნება, ორივე როლს შენ თამაშობო.

ავთანდილ მახარაძეავთანდილ მახარაძე

ჩემს ნათამაშებ როლებში, ეს როლი საუკეთესოა. პირველი ფილმი მერაბ კოკოჩაშვილთან გადავიღე, შემდეგ ქართლოს და ბუბა ხოტივარებთან... თეატრში რობერტ სტურუასთან და თემურ ჩხეიძესთან მიმუშავია. ბევრი ძლიერი რეჟისორი იყო, თუმცა ისეთი ნდობა, როგორიც ჩემს მიმართ თენგიზ აბულაძემ გამოიჩინა, არავის გამოუჩენია.

როდესაც კამერის უკან თენგიზ აბულაძე დგას, ბევრი რამისგან ხარ დაზღვეული. იქ გიყურებს თვალი, რომელიც თუკი რამ ზედმეტი გაქვს, გაგასუფთავებს, გაგწმენდს, გაგთლის. ეს მსახიობისთვის ბედნიერებაა. თუ ამ ორ ადამიანს, მსახიობს და რეჟისორს, მუშაობის დროს არ უყვართ ერთმანეთი, ამ სიყვარულის გარეშე - არაფერი კეთდება. ყოველ შემთხვევაში, ამის გარეშე რაღაც მნიშვნელოვანს მიაღწიო, ჩემთვის, წარმოუდგენელია.

არ დავმალავ, ყველაფერზე ნაფიქრი იყო. ჩვენ რეპეტიციებს გავდიოდით. შემდეგ ბატონ თენგიზთან რომ მივდიოდით, თითოეული სცენის მინიმუმ ორი-სამი ვარიანტი გვქონდა. მერე ბატონი თენგიზი ამ ვერსიებიდან არჩევდა იმას, რაც მას ყველაზე მეტად მოსწონდა და რაც მის ჩანაფიქრში, ყველაზე მეტად ჯდებოდა.

ავთანდილ მახარაძე

დატირების სცენის სამი ვარიანტი გვქონდა, ერთი ის, რაც ფილმშია, მეორე ვერსიით, ამ მონოლოგს ყოველგვარი ემოციისგან დაცლილი ადამიანი ამბობს, მესამე ვერსიით - ავტორი კითხულობს. როცა მე ემოციისგან დაცლილი კაცი ვუთამაშე, მერე ვაჩვენე ის ვერსია, რომელიც ფილმშია, როცა წყევლის მოდგმას და მან მითხრა, მესამე აღარ მინდა, ეს იყოსო.

ავთანდილ მახარაძე

აივნის მონოლოგი სცენარში არ იყო. მე თეატრიდან გასტროლებზე ვიყავი და როცა გადაღებებზე ჩავფრინდი ბათუმში, ბატონმა თენგიზმა მითხრა, ეს სცენა არ იყო სცენარში, დაემატაო და ამიხსნა, რა უნდოდა, ჩინოვნიკები როგორ ამბობენ ტექსტს.

მონანიება

მონოლოგი რომ წავიკითხე, მომეწონა. ამ ობიექტზე რამდენ ხანს ვიქნებით-მეთქი, ვკითხე ბატონ თენგიზს. ერთი კვირაო, რომ მითხრა ვთხოვე, თუ შეიძლება, ბოლო დღეს გადავიღოთ ეს მონოლოგი-მეთქი.

იმდენად მომეწონა, იდეა მომივიდა, ამის დამუშავებას კი, დრო სჭირდებოდა. მახსოვს, გამზადებული მონოლოგი სასტუმრო "ინტურისტების" ნომერში წავუკითხე. იქ იყო ნანა ჯანელიძეც. შენიშვნა არ მაქვს, ერთადერთი, ისტერიკებს შორის გადასვლების დრო შეამცირეო, მითხრა. ერთი მდგომარეობიდან მეორეში სწრაფად გადადიო.

წავედი, რომ პაუზები შევამცირო. მეორე დღეს უკვე გადაღებაა. დავიწყე ამაზე მუშაობა და მონოლოგი საერთოდ დამენგრა, დამეშალა მთლიანად, თავი და ბოლო ვერაფერს მოვაბი. მახსოვს, დილის ხუთი საათი იყო, რომ დავწექი. მანამდე როლზე ვმუშაობდი. რვა საათზე უკვე გრიმზე ვიჯექი.

ავთანდილ მახარაძე

შემდეგ თენგიზ აბულაძე აპირებდა ფილმის გადაღებას ილია ჭავჭავაძეზე, რომელიც აგებული იქნებოდა "კაცია-ადამიანზე?!" და "განდეგილზე". უნდოდა რომ მე მეთამაშა. რომ წარმოვიდგენ, რა სიამოვნებას მოაკლდა მაყურებელი (იმიტომ კი არა, რომ მე უნდა მეთამაშა)...

ავთანდილ მახარაძე

ავთო მახარაძე, თავისი უძლიერესი ენერგეტიკით, ფსიქოთერაპევტის როლში, კიდევ ერთხელ გაიბრწყინებდა, ბოლო მომენტში რომ უარი არ ეთქვა. 2020 წლის ბოლოს, საზოგადოებრივ მაუწყებელზე, Nova Productions-მა სატელევიზიო შოუ HBO-ს ამერიკული სერიალის – In Treatment-ის ქართული ანალოგი გადაიღო. სერიალს "სეანსი" ერქვა და ის ქართველმა მაყურებელმაც ისევე აიტაცა, როგორც მთელ მსოფლიოში ეს პროექტი. სერიალის მთავარი, ფსიქოთერაპევტის როლი - რეზო ჩხიკვიშვილმა შეასრულა. თუმცა, როგორც მისმა რეჟისორმა, თინათინ გურჩიანმა ინტერვიუში მითხრა, ლევანის როლზე ის სწორედ ავთანდილ მახარაძეს მოიაზრებდა. თენგიზ აბულაძის კინოშედევრის - "მონანიების" ვარსკვლავთან, მას მუშაობა დაწყებულიც კი ჰქონდა...


ავთანდილ მახარაძე

თინათინ გურჩიანი: ერთხელ ქუჩაში ავთო მახარაძე დავინახე. ახლაც საოცარი გარეგნობა აქვს, სიძლიერის მატარებელი და ამის კინოში არ გამოყენება, დანაშაულია. მას შემდეგ სულ ვფიქრობდი, რა როლი შეიძლება ვათამაშო ავთოს-მეთქი. ამ სერიალის სცენარი რომ წავიკითხე, მივხვდი, რომ ფსიქოთერაპევტის როლი ავთო მახარაძის როლი იყო.

რომ ვუთხარი, ავთომაც აიტაცა და ძალიან უნდოდა მისი თამაში. თქვა კიდეც, ცხოვრებაში ასეთი როლი ერთხელ მოდისო.

ავთანდილ მახარაძე

ლევანის როლზე 2020 წლის მარტიდან მაისის ბოლომდე ვმუშაობდით. ამბობდა, ამ როლმა, იმ კარანტინის დღეებში, ჩემი ცხოვრება გაალამაზაო.

ვინაიდან რთული რიტმით სამუშაო სერიალი იყო, (მოკლე დროში ძალიან სწრაფად უნდა გვემუშავა), დიდ ფიზიკურ ძალისხმევას მოითხოვდა, ტექსტუალურადაც რთული იყო; მისი დამახსოვრება და დაძლევა, ნებისმიერი ასაკის მსახიობისთვის, ძალიან დიდი გამოწვევა იქნებოდა.

საბოლოოდ, ბატონმა ავთომ მასზე უარი თქვა და ეს მისთვის ტრაგიკული ისტორიაა. მართლა შეუყვარდა ეს როლი.

ბატონი ავთო არის გულიანი ადამინი და პერფექციონისტი, რომელიც კინოში თითოეულ ნიუანსზე დიდხანს მუშაობას არის მიჩვეული. ეს სერიალი კი, მასზე სამუშაოდ, ამდენ დროს არ იძლეოდა.

ავთანდილ მახარაძე

ავტორი: თამარ გონგაძე

07/16/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024