რელიგია

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ჩვენი დროის უდიდესი წმინდანის - მამა გაბრიელის სულიერი შვილი, ოთარ ნიკოლაშვილი ბულგარეთში, პეტრიწონის მონასტერში იმყოფება. ოთარი თავის სიხარულს ფეისბუქის მეშვეობით გვიზიარებს. როგორც ის წერს, ტაძარში დროებით დაბრძანებულია მამა გაბრიელის სიწმინდეები და მორწმუნეებს საშუალება აქვთ, მიეახლონ და მოილოცონ...
ოთარ ნიკოლაიშვილი: შეუძლებელია სიტყვებით გადმოვცე ის შთაბეჭდილება, რომელიც პეტრიწონის მონასტერში განვიცადე. ოდითგანვე, ქართველთა ამ წმინდა და საამაყო ადგილის მოლოცვისას, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა მონასტრის მთავარ ტაძარში,შესაფერის ადგილზე, დიდი პატივით დაბრძანებული ჩვენი წმიდა მამა გაბრიელის საკმაოდ დიდი ხატი ვიხილე.

გარდა ამისა, ანალოგიაზე დაბრძანებული იყო თბილისიდან ჩამობრძანებული წმიდა მამა გაბრიელის სიწმინდეები, რომლებიც ბატონმა ელდარმა (მამა გაბრიელის დისშვილმა) დროებით ჩამოაბრძანა მამა გაბრიელის ეკლესიიდან, რათა ბულგარელ ხალხს მათი მთხვევისა და პატივის მიგების შესაძლებლობა ჰქონოდათ. დაღამებამდე უწყვეტი რიგი იყო. ეს ყველაფერი ხალხისთვის დიდ ზეიმად და დღესასწაულად იქცა.

როცა მამა გაბრიელის საკითხებთან დაკავშირებით ვსაუბრობდით მონასტრის საკონფერენციო დარბაზში, იმდენი ადამიანი იყო შეკრებილი, რომ ფეხზე დასადგომი ადგილიც აღარ დარჩა და ეზოში მდგომი ხალხი დიდი დინამიკით ისმენდა ჩვენს საუბარს, რომელსაც კონსული თარგმნიდა.
დარბაზიდან გამოსვლისას ხალხი გვეფერებოდა. პირადად, მე ვერც კი დავთვალე, რამდენი ქალბატონი ჩამეხუტა და ვინ რამდენი სამახსოვრო საჩუქარი გადმომცა. ზოგი ხელებზეც კი ძალით მკოცნიდა და დალოცვას მთხოვდა.

ეს ყველაფერი ჩვენი წმინდა მამა გაბრიელის სიყვარულით იყო გამოწვეული. იმ მამა გაბრიელის, რომლის მიზეზითაც მის სიცოცხლეში და შემდეგაც, მასზე გამოცემული სხვადასხვა ბროშურისა და წიგნის გამო (შვიდი წლის განმავლობაში მარტო გამოვცემდი), არაერთი შინაური თუ უცხო ადამიანისგან მიმიღია ბევრი გულისტკენა, თუ როგორ ვბედავდი ამ ყველაფრის გაკეთებას. ზოგჯერ ზოგ სასულიერო პირს ქუჩაში გვერდს ვუვლიდი, რომ სხვების გასაგონად არ მოეცა შენიშვნები.
მადლობა უფალს, დღეს ისინიც და სხვებიც ჩემზე მეტს საუბრობენ მამა გაბრიელზე.

ხალხთან საუბრის შემდეგ, მონასტრის წევრებმა ჩვენ და დელეგაციის სხვა სტუმრები, სტუმრებისათვის განკუთვნილ დიდ სატრაპეზო დარბაზში მიგვიწვიეს, სადაც გულუხვი მასპინძლობით კიდევ ერთხელ ძალიან გაგვახარეს და გაგვაკვირვეს.

11/21/2025